საზოგადოება

გამქრალი ოჯახები, საერთო სამარხები და სასოწარკვეთა ღაზაში

30 ოქტომბერი, 2023 • 1607
გამქრალი ოჯახები, საერთო სამარხები და სასოწარკვეთა ღაზაში

“გვაქვს შემთხვევები, როცა მშობლებმა ბავშვებს სახელები დააწერეს ფეხებსა და მუცელზე”, — ეუბნება მედიას ღაზის სექტორში მოქმედი “ალ-აკსას” კლინიკის წარმომადგენელი. მისი სიტყვებით, მშობლები წუხან, რომ “თუ რაიმე მოხდა”, მათი შვილების სხვაგვარად იდენტიფიცირებას ვერავინ შეძლებს.

ეს ფენომენი მხოლოდ ერთი მაგალითია მასობრივი სასოწარკვეთისა და პანიკისა, რომელმაც პატარა, მჭიდროდ დასახლებული სექტორი მოიცვა ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ისრაელის მხრიდან ინტენსიური საჰაერო დაბომბვებისა და მასობრივი ნგრევის პირობებში. 

ადამიანები შიშობენ, რომ შესაძლოა, დაბომბვაში მოყვნენ ნებისმიერ წუთს, ნებისმიერ ადგილას. როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სპიკერმა აღნიშნა, “ღაზაში არსად არის უსაფრთხო”: დაბომბვებია სამხრეთშიც, რომლისკენ გადანაცვლებისკენაც ისრაელის არმიამ არაერთხელ მოუწოდა ჩრდილოეთში მცხოვრებთ.

ისრაელი ამბობს, რომ მისი მიზანი ღაზაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ განადგურებაა, რომელმაც 7 ოქტომბერს სისხლიანი თავდასხმა მოაწყო ისრაელელთა წინააღმდეგ. თავდასხმას 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო — ბავშვები, ქალები, მოხუცები, შშმ პირები. 

„ჰამასის“ მებრძოლებმა ღაზის მიმართულებით 230-მდე ადამიანი გაიტაცეს, მათგან 30-მდე ბავშვია, რომელთა მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი. ყოველივე ამას თან ერთვის “ჰამასის” სარაკეტო ცეცხლი ისრაელის მიმართულებით, თუმცა „რკინის გუმბათის“ სახელით ცნობილმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ისრაელი მასობრივი ნგრევისა და მსხვერპლისგან დაიცვა.

საპასუხოდ ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, ღაზა სრულ ბლოკადაში მოაქცია და მისი უწყვეტი დაბომბვა დაიწყო. შედეგად, ღაზაში ყოველდღიურად იხოცება მრავალი სამოქალაქო პირი: ქალები, კაცები, ბავშვები და არაერთ შემთხვევაში — მთელი ოჯახები. ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო იერიშებს 8 ათასზე მეტი ღაზელი ემსხვერპლა, მათგან 3 ათასზე მეტი ბავშვია.

დაღუპულთა ისტორიებს გადარჩენილი ახლობლები ჰყვებიან. 

ექიმები, რომლებიც დაღუპულთა შორის ოჯახის წევრებს პოულობენ

ღაზის საავადმყოფოები სავსეა დაჭრილებითა და დაღუპულებით. რესურსების მკვეთრი უკმარისობის პირობებში იქ მომუშავე ექიმები ადამიანებს ეხმარებიან ისე, როგორც შეუძლიათ. არაერთ შემთხვევაში მათი საქმიანობა ოჯახურ ტრაგედიებთან იკვეთება. 

“შევედი მორგში და აღმოვაჩინე მისი დამწვარი, ნაწილებად დაშლილი [სხეული]” — ეუბნება სააგენტო AFP-ს ღაზის ქალაქ ხან იუნისში მოქმედი საავადმყოფოს ექიმი, მაჰმუდ ალ-ასტალი, თავის დაზე საუბრისას.

ომის დაწყებიდან მესამე დღეს, საავადმყოფოს მორგში შესულს, 40 წლის დის ცხედართან ერთად დახვდა ამ უკანასკნელის ქმრის, ჰუსეინისა და 6-დან 13 წლამდე ბავშვების — ფადვას, აზარის, აჰმადისა და სულეიმანის – უსიცოცხლო სხეულები. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საჰაერო დარტყმებმა რიგი შენობები, მათ შორის მაჰმუდ ალ-ასტალის დის ოჯახის სახლი გაანადგურა.

“მას შემდეგ, რაც ჩემი და დაიღუპა… ღამის კოშმარები არ მასვენებს. წარმოვიდგენ ხოლმე ჩემს შვილებს, რომლებიც საავადმყოფოში მოჰყავთ ნაწილებად დაშლილი… ჩემი ბავშვები მოგზაურობაზე ოცნებობენ. თუმცა ახლა ისიც არ ვიცი, ამ ომს ცოცხლები გადაურჩებიან თუ არა”, — დასძენს ექიმი. 

ის, რასაც მაჰმუდი ჰყვება, მისმა სხვა კოლეგებმაც გამოცადეს საკუთარ თავზე: სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელდა ვიდეო, რომელიც ასახავს მომენტს, როცა პალესტინელმა ექიმს, “ალ-აჰლის” საავადმყოფოს თანამშრომელს ,აჰმად აბუ მუსას, სამუშაო ადგილზე მიუყვანეს დაღუპული მცირეწლოვანი ვაჟი. 

ექიმი აჰმად აბუ მუსა მას შემდეგ, რაც მცირეწლოვანი ვაჟის ცხედარი ამოიცნო 

კიდევ ერთმა ექიმმა, 33 წლის ვალა აბუ მუსტაფამ, ასევე სამუშაო ადგილზე ყოფნისას აღმოაჩინა, რომ ოჯახის სამი წევრი დაკარგა: დეიდამისი სამირა და მისი ვაჟი, 15 წლის შარიფი, უკვე გარდაცვლილები მიიყვანეს იმ საავადმყოფოში, სადაც ვალა საქმიანობს. სამირას ქმარი, თავფიკი, მოგვიანებით გარდაიცვალა მიყენებული ჭრილობებისგან. 

“ვერ ვლაპარაკობ. შოკში ვარ მას შემდეგ, რაც მოხდა”, — დასძენს ექიმი, თუმცა იქვე უსვამს ხაზს, რომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, რადგან ეს მისი მოვალეობაა.

ვალას თანამშრომელს, ექიმ რაიდ ალ-ასტალისაც მსგავსი ისტორია აქვს: ერთ დღეს პანიკაში ჩავარდნილმა ცოლმა ტელეფონით აცნობა, რომ დაიბომბა სახლი თავიანთი ბინის მოპირდაპირედ. ის სასწრაფო დახმარების დეპარტამენტისკენ გაეშურა, სადაც დაბომბვაში მოყოლილი მოქალაქეები გადაჰყავდათ. დაღუპულთა შორის ალ-ასტალმა დეიდა იპოვა, თავისი ქმარ-შვილით. 

“სიკვდილის სუნი ყველგანაა: ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე, ყველა სახლში”, — აღნიშნავს ის.

ჟურნალისტი, რომელმაც ცოლ-შვილი და შვილიშვილი დაკარგა

ღაზის სექტორში მიმდინარე ომს პირველივე საათებიდან აშუქებს ჟურნალისტი ვაილ ალ-დაჰდუჰი — ტელეკომპანია ”ალ-ჯაზირას” ბიუროს ხელმძღვანელი ღაზის სექტორში. ტელეკომპანიის თანახმად, 25 ოქტომბერს ალ-დაჰდუჰი ქალაქ ღაზაში მუშაობდა, როცა აცნობეს, რომ მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიბომბა.

დაიღუპნენ ჟურნალისტის ცოლი, ორი შვილი და შვილიშვილი. ალ-დაჰდუჰის 15 წლის ვაჟი, მაჰმუდი, სკოლაში სწავლობდა, ქალიშვილი შამი 7 წლის იყო, შვილიშვილი ადამი კი  — 18 თვის.

“ალ-ჯაზირას” თანახმად, ჟურნალისტის ოჯახი ღაზის ცენტრალურ ნაწილში, ნუსაირათის ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდა. იქ ღაზის ჩრდილოეთი ნაწილიდან გადავიდნენ მას შემდეგ, რაც ისრაელის არმიამ სექტორის ჩრდილოეთში მცხოვრებთ სამხრეთში გადასვლისაკენ მოუწოდა. 

ვაილ ალ-დაჰდუჰი ოჯახის წევრთა გასვენებაში. ფოტო: Atia Darwish/Al Jazeera

“ღაზაში საერთოდ არ არსებობს უსაფრთხო ადგილი”, — დასძინა ჟურნალისტმა და ისრაელი დაადანაშაულა სამოქალაქო პირების, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების მიზანმიმართულ მკვლელობებში. 

BBC-ის ცნობით, ისრაელმა დაადასტურა, რომ “ჰამასის” წინააღმდეგ შეტევა ნამდვილად განახორციელა იმ არეალში, სადაც ალ-დაჰდუჰის ოჯახი ცხოვრობდა. არმიის სპიკერმა დასძინა, რომ “თითოეული დაკარგული სიცოცხლე ტრაგედიაა”.

ისრაელი არაერთგზის ამბობს, რომ სამოქალაქო პირებს მიზანში არ იღებს, “ჰამასს” კი თავისი ინფრასტრუქტურა დასახლებულ პუნქტებში აქვს მოწყობილი, მოქალაქეთა ცოცხალ ფარად გამოყენების მიზნით.

მაგალითად, ისრაელის არმიის სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ “ჰამასის ტერორისტები ოპერირებენ” ღაზის უდიდესი, „ალ შიფას“  ჰოსპიტლის შიგნით და მის ქვეშ, გვირაბებსა და ბუნკერებში, ისევე ეროგორც მოიხმარენ საავადმყოფოს რესურსებს. ჰაგარის თქმით, მათ აღნიშნული ინფორმაცია შეიტყვეს დაზვერვითა და „ჰამასის“ დაპატიმრებული მებრძოლების ჩვენებებიდან. თავად “ჰამასი” აღნიშნულს უარყოფს.

ოჯახის დაკარგვიდან ერთ დღეში, „ალ ჯაზირას“ ჟურნალისტმა ვაილ ალ-დაჰდუჰმა ომის გაშუქება განაგრძო. მისი თქმით, “ტკივილისა და ღია ჭრილობის მიუხედავად”, თავი ვალდებულად ჩათვალა, სამსახურში დაბრუნებულიყო. 

7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელმა კიდევ უფრო გააძლიერა ღაზის ბლოკადა, ბოლო 16 წლის განმავლობაში  “ჰამასის” კონტროლქვეშ ყოფნის გამო. ამ ფაქტმა მეტად გაართულა ღაზის კავშირი გარე სამყაროსთან, რის ფონზეც ომის გაშუქება, დიდწილად დამოკიდებულია ადგილობრივ ჟურნალისტებზე. 

“ვცდილობ, იმდენად ვიყო პროფესიონალი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა არავინ თქვას, რომ რადგან პალესტინელი ჟურნალისტი ვარ, ამიტომ პალესტინის მხარეს ვდგავარ და ტყუილებს ვავრცელებ… ვცდილობ, მაქსიმალურად შევიკავო ცრემლები, თუმცა ხანდახან ამას ვერ ვახერხებ”, — ეუბნება ღაზელი ჟურნალისტი ნურ ჰარაზინი ჟურნალ TIME-ს.

“ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” თანახმად, 7 ოქტომბრის შემდეგ კონფლიქტის ორივე მხარეს, სულ მცირე, 29 ჟურნალისტი დაიღუპა: 24 პალესტინელი, 4 ისრაელელი და 1 ლიბანელი.

სივრცე, სადაც ღაზაში მომუშავე ჟურნალისტები ისვენებენ, როცა ამის საშუალება აქვთ. ფოტოასლი ადგილობრივი ჟურნალისტის, სამარ აბუ ალ-ყუფის ვიდეოდან

ოჯახები, რომლებიც გაქრნენ

ათასობით საჰაერო დარტყმის შედეგად, რომლებიც ღაზის სექტორზე უკანასკნელ კვირებში განხორციელდა, არაერთი საცხოვრებელი კვარტალი, პრაქტიკულად, მიწასთან გასწორდა. რიგ შემთხვევებში, სახლებთან ერთად განადგურდნენ ოჯახები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ. 

ალ-ქურდი, ალ-კატნანი, ალ-დოსი, ალ-აზაიზა, ჰიჯაზი… — ეს გვარები ეკუთვნით დიდ ოჯახებს, რომელთა მრავალი წევრიც, მედიისა და უფლებადამცველების ცნობით, დაბომბვასა და შემდგომ ნგრევას ემსხვერპლა. 

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის, Amnesty International-ის მიხედვით, 7 ოქტომბერს ქალაქ ღაზაში ისრაელმა დაბომბა სამსართულიანი საცხოვრებელი შენობა, სადაც ალ-დოსის ოჯახის სამი თაობა ცხოვრობდა. დაიღუპა ოჯახის 15 წევრი, რომელთაგან 7 ბავშვია. 

ორგანიზაციის ცნობით, ამავე ქალაქში 10 ოქტომბერს განხორციელებულ დაბომბვას ემსხვერპლა ჰიჯაზის ოჯახის 12 წევრი და მათი 4 მეზობელი. დაღუპულთაგან 3 ბავშვია. ანგარიშის თანახმად, ისრაელის არმია ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე “ჰამასის” სამიზნეებს დაარტყეს, თუმცა Amnesty International აცხადებს, რომ “ვერ იპოვა მტკიცებულება, რომელიც შეტევის დროს ადგილზე სამხედრო სამიზნეების არსებობაზე მიუთითებდა”.

The Guardian-ის მიხედვით, 12 ოქტომბერს დაიღუპა ალ-აზაიზას ოჯახის 26 წევრი. ყველაზე მხცოვანი 75 წლის იყო, ყველაზე ახალგაზრდა — 2 თვის.

15 ოქტომბერს დაიბომბა საცხოვრებელი შენობა ქალაქ ხან იუნისში, რომელშიც 30 ადამიანი ცხოვრობდა. შედეგად, აშშ-ში მცხოვრები ნათესავების ცნობით, დაიღუპა ერთი ოჯახის ხუთი წევრი: 42 წლის ქალი, ჰიბა აბუ მუსა და მისი ორი შვილი — აბდულრაჰმანი და ჰუმაიდი — ასევე, ქალის ბიძაშვილი ჰანი და 6 წლის ძმისშვილი იუსუფი, რომელიც, მედიის თანახმად, ზემოხსენებული ექიმის, აჰმად აბუ მუსას ვაჟი იყო. 

6 წლის იუსუფი, რომელიც ხან იუნუსში 15 ოქტომბერს განხორციელებილ დაბომბვას ემსხვერპლა. ფოტო: JEHAD ADWAN 

ყოველი ოჯახის მიღმა ისტორიაა. მაგალითად, ჰიბა აბუ მუსა წარმატებული არქიტექტორი იყო, მისმა 18 წლის ვაჟმა, ჰუმაიდმა კი ცოტა ხნის წინ დაამთავრა სკოლა და სურდა, ინჟინერია ესწავლა გერმანიაში. ჰიბას 7 წლის შვილი, პირველკლასელი აბდულრაჰმანი, სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე მიიყვანეს სკოლაში.

“ჩვენი ცხოვრება ჩიხში შევიდა. ვერაფერი მოარჩენს ამ ტრავმასა და ტანჯვას”, — ეუბნება ოჯახის ნათესავი ჯიჰად ადვანი BBC-ს.

Amnesty International აცხადებს, რომ მიმდინარე კონფლიქტში ჩართული “ყველა მხარე” არღვევს საერთაშორისო კანონს, მათ შორის, “ომის დანაშაულებით”. ორგანიზაციის თქმით, “ჰამასმა” და სხვა დაჯგუფებებმა სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს ისრაელელთა წინააღმდეგ, რაც მოიცავს როგორც მასობრივ მკვლელობებს, ისე მძევლების აყვანასა და განურჩეველ სარაკეტო ცეცხლს ისრაელის ტერიტორიაზე.

მეორე მხრივ, ორგანიზაცია დასძენს, რომ შეისწავლა ისრაელის “უკანონო საჰაერო თავდასხმები, მათ შორის, განურჩეველი თავდასხმები, რომლებმაც გამოიწვია მასობრივი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და რომლებიც გამოძიებული უნდა იყოს, როგორც ომის დანაშაული”. 

ორგანიზაცია მის მიერ შესწავლილ შემთხვევებზე დაყრდნობით ასევე დასძენს, რომ  ისრაელმა არ მიიღო ყველა შესაძლო ზომა, რათა სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი აეცილებინა — მათ შორის, ზოგ შემთხვევაში წინასწარ არ გააფრთხილა ისინი დაგეგმილი დარტყმების შესახებ, ან არაადეკვატური გაფრთხილებები გასცა. 

“გაცხადებული განზრახვით, რომ ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს “ჰამასის” გასანადგურებლად, ისრაელის ძალებმა გამოიჩინეს შოკის მომგვრელი უგულებელყოფა მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეთა მიმართ”, — დასძენს Amnesty International-ის გენერალური მდივანი აგნეს კალამარდი. 

ომის დანაშაულების შესახებ ბრალდებების საპასუხოდ, ისრაელის ხელისუფლება Amnesty International-ს “ანტისემიტიზმსა” და ისრაელის წინააღმდეგ მიკერძოებაში ადანაშაულებს.

ჰიბა აბუ მუსა და მისი ორი ვაჟი. სამივე მათგანი დაბომბვისას დაიღუპა. ფოტოები: JEHAD ADWAN 

“ჯერაც ცოცხალი ვარ”

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ღარიბი სექტორის 2.3 -მილიონიანი მოსახლეობა 7 ოქტომბრამდეც სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირის, არასათანადო ჯანდაცვისა და წყლისა და თუ ელექტროენერგიის რესურსების უკმარისობის პირობებში ცხოვრობდა. 

თუმცა მიმდინარე კონფლიქტმა ვითარება მრავალგზის გაამწვავა: 1.4 მილიონს სახლების დატოვება მოუხდა და ახლა საკვებთან, სუფთა წყალთან და თავშესაფართან დაკავშირებულ პრობლემებს ებრძვის. გაეროს თანახმად, საცხოვრებელი ობიექტების 45% ან სხვადასხვა მასშტაბით დაზიანდა, ან — დაინგრა. 

გასულ დღეებში ღაზაში ჰუმანიტარული რესურსებით დატვირთული რამდენიმე ათეული სატვირთო შევიდა ეგვიპტის მხრიდან, რომელიც სექტორის 16-წლიან ბლოკადაში მონაწილეობს. თუმცა ეს მცირე ნაწილია იმ რესურსებისა, რომლებიც იქ მცხოვრებთ რეალურად სჭირდებათ. ჰუმანიტარული ორგანიზაციების თქმით, ყოველდღიურად ღაზაში, მინიმუმ, 100 სატვირთო მაინც უნდა შედიოდეს.

მიმდინარე ომისა და ბლოკადის ფონზე მეტად გართულდა როგორც დაჭრილთა მკურნალობა, ისე დაღუპულთა სათანადო პატივით დაკრძალვა. როგორც სააგენტო AP წერს, ადამიანები იმდენად სწრაფად და იმ რაოდენობით იხოცებიან, რომ საავადმყოფოები და მორგები სავსეა, დაკრძალვის რიტუალების სათანადოდ ჩატარება კი — შეუძლებელი.

პალესტინელი კაცი მიცვალებულს მარხავს დაირ ალ-ბალაჰის სასაფლაოზე, ღაზაში. ფოტო: AP/Hatem Moussa

“სასაფლაოების გადატვირთულობამ ოჯახები აიძულა, ამოეთხარათ დიდი ხნის წინ დამარხული მკვდრები და საფლავების სიღრმე გაეზარდათ”, — აღნიშნავს სააგენტო.

გაჩნდა საერთო სამარხებიც: ამაზე საუბრობენ, მაგალითად, ნუსაირათის ლტოლვილთა ბანაკის მცხოვრებლები.  მათი ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმებმა იქ მთელი საცხოვრებელი კომპლექსი დაანგრია, რასაც 150 ადამიანი იმსხვერპლა. 

“არც ადგილი გვაქვს და არც სივრცე იმისათვის, რომ რამე გავაკეთოთ… ერთადერთი, რაც შეგვიძლია, დიდი ორმოს გათხრაა ჩვენივე ხელებით. შემდეგ ცხედრებს შიგნით ვათავსებთ”, — დასძენს 52 წლის ხალიდ აბდუ, რომელიც ნუსაირათის ბანაკში ცხოვრობს.

ყოველივე ამის ფონზე ღაზაში პრაქტიკულად აღარ არსებობს უსაფრთხოების განცდა. 22 წლის პალესტინელი დოკუმენტალისტი ბისან ყავდა, რომელიც სოციალური მედიის მეშვეობით ინტენსიურად ავრცელებს ინფორმაციას ღაზაში არსებულ ვითარებაზე, თავის არაერთ ვიდეოს ასე იწყებს:

“ჩვენ ჯერაც ცოცხლები ვართ”. 

ასევე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი