სიფრთხილე და არა პანიკა, უსაფრთხოების წესების ცოდნა, მუდმივი ინფორმირება მიმდინარე მოვლენებზე და სახელმწიფოს თავდაცვისუნარიობის ნდობა – ასე ახასიათებენ ისრაელში მცხოვრები ქართველები საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოქალაქეების განწყობას.
ნეტგაზეთის ორივე რესპონდენტი, გიორგი ხუხიაც და თამთა თოდაძეც თელ-ავივში რამდენიმე თვეა ცხოვრობენ. ორივე აღიარებს, რომ ომის დაწყება ისრაელისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა ამბობენ, რომ ქვეყანა თავდასხმას მზად შეხვდა და პირველი ეტაპზე შექმნილი პანიკის შემდეგ, პროცესები ორგანიზებულად მიდის. ამ ეტაპზე არცერთი არ გეგმავს ისრაელის დატოვებას.
“ქართულ საინფორმაციო სივრცეს რომ ვუყურებ, ისეთი განცდა მაქვს, რომ მე სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ და საქართველოდან სხვა ისრაელზე ჰყვებიან”, – ამბობს გიორგი ხუხია.
ის ამბობს, რომ კონკრეტულად თელ-ავივში ბევრად მშვიდი სიტუაციაა, ვიდრე ეს საქართველოდან შეიძლება ჩანდეს. შიშობს, რომ ისრაელში მცხოვრებთა ოჯახის წევრები და ახლობლები შესაძლოა გადამეტებულად ნერვიულობდნენ დეზინფორმაციის უკონტროლო გავრცელების გამო, ამიტომ ცდილობს ხშირად ისაუბროს საჯაროდ და სწორი ინფორმაცია გაავრცელოს.
“დაძაბულობა არის, მაგრამ არა პანიკა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელში მაღაზიები დაიცალა, ხალხი ისტერიულად ყიდულობს პროდუქტს და აკეთებს მარაგებს – მსგავსი არაფერი ხდება. ზედმეტი ერთი პურიც კი არ უყიდია არავის ამ დღეების განმავლობაში”, – ამბობს გიორგი.
იგივე განწყობა აქვს თამთა თოდაძეს. ის გვიხსნის, რომ თელ-ავივი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად ითვლება, რადგან ღაზიდან და სხვა პოტენციურად ცხელი წერტილებიდანაც საკმაოდ დაშორებულია. იცის, რომ აშკელონში, აშდოდსა და ღაზის სექტორის სიახლოვეს მდებარე სხვა ქალაქებში გაცილებით რთული სიტუაციაა. თუმცა ამბობს, რომ ისრაელის მოქალაქეებს და მასაც – თელ-ავივში დროებით, სასწავლებლად ჩასულს – აქვს სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის ნდობა.
“ცხადია, კარგი არაფერი ხდება და ძალიან საშიში სიტუაციაა, მაგრამ, იმდენად აქვს ხალხს სახელმწიფოს და თავდაცვის ძალების იმედი, ებრაელები კი არა, მეც კი, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება შემიძლია, აქ ვრჩები და მშვიდად ვარ”, – ამბობს თამთა.
საზოგადოების ინფორმირებაზე ზრუნვა
საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში პანიკის არარსებობის მიზეზი მოქალაქეთა ინფორმირება და მუდმივად განახლებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაა.
თამთასთან საუბარი რამდენჯერმე გაგვაწყვეტინა შეტყობინებებმა, რომლებიც მას სპეციალურად შექმნილ მობილურ აპლიკაციაში მიუვიდა. თამთამ ჩვენ თვალწინ გახსნა შეტყობინება და წაიკითხა, რომ რამდენიმე წუთში დაიწყებოდა საჰაერო თავდასხმა აშკელონზე. შემდეგ გახსნა რუკა და გვაჩვენა მოსალოდნელი თავდასხმის ზუსტი ადგილმდებარეობა. ინფორმაცია აპლიკაციაში რეალურ დროში აისახებოდა.
აშკელონზე თავდასხმის შესახებ შეტყობინებიდან მალევე თამთამ აპლიკაციითვე გაიგო, რომ საჰაერო იერიშის ობიექტი ამჯერად თელ-ავივი იყო. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ჩაირთო საჰაერო განგაშის სირენები. თამთა გვიხსნის, რომ ასეთ დროს უნდა ჩახვიდე თავშესაფარში, რომელიც ისრაელში, ფაქტობრივად, ყველა შენობას აქვს. სანამ საჰაერო განგაში არ შეწყდება, თავშესაფრიდან გამოსვლა არ შეიძლება.
საჰაერო განგაშის სირენების შეწყვეტის შემდეგაც, მომდევნო 10 წუთი ღია სივრცეში გადაადგილება არ არის რეკომენდებული. ამის მიზეზი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის მექანიზმია, რომელსაც დეტალურად გვიხსნის გიორგი.
“ისრაელის თავდაცვის სისტემა მუშაობს ძალიან კარგად. ის ასობით რაკეტა, რომელიც ინტენსიურად არის ხოლმე გამოსროლილი თელ-ავივის და ზოგადად, ისრაელის ცენტრალური ნაწილის დასაბომბად, ჰაერშივე ნადგურდება – საპირისპიროდ მოძრავი ანტისარაკეტო რაკეტა ხვდება და აფეთქებს ჰაერში.
ანტისარაკეტო სისტემა ინფორმაციას ავტომატურად გადასცემს საჰაერო განგაშის სისტემას და სანამ ის რაკეტა განადგურდება, საჰაერო განგაში ჩართულია. ამ დროს შენ გაქვს დაახლოებით ოცდაათი წამი თავშესაფარში ჩასასვლელად. განგაშის სიგნალის გათიშვის შემდეგ, 10 წუთი არ შეიძლება ღია სივრცეში გასვლა, რადგან ჰაერში აფეთქებული რაკეტის გაფანტული ნამსხვრევები შეილება დაგეცეს თავში და მოგკლას”, – განმარტავს გიორგი.
გიორგი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო განგაშის სიგნალს ღია სივრცეში შეხვდი, შეგიძლია თავი შეაფარო პირველივე ახლომდებარე შენობას. თუ ტრანსპორტით გადაადგილდები, განგაშის ჩართვისთანავე აჩერებ და უახლოეს თავშესაფარში შედიხარ.
“თუ ქუჩაში ხარ, ნებისმიერი სასტუმრო, ნებისმიერი ბანკი, ნებისმიერი დაწესებულება აღებს კარს. თუ საცხოვრებელი კორპუსია, იქ მცხოვრები გაგიღებს კარს. ასეთი ცხოვრების რეჟიმია ამ დღეებში”, – გვეუბნება გიორგი.
ყოველდღიურობა თელ-ავიში
გიორგი და თამთა გვიხსნიან, რომ საჯარო დაწესებულებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ლიმიტირებულად მუშაობს, თუმცა ეს ქალაქის პარალიზებას არ იწვევს. ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას სუპერმარკეტები, აფთიაქები, კლინიკები და ა.შ. ომის დაწყების მეორე დღეიდანვე განაახლა მუშაობა როგორც შიდა საქალაქო, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა. მუშაობა დროებით შეაჩერა ბაღებმა, სკოლებმა და სხვა სასწავლო სივრცეებმა. ისეთი დაწესებულებები, რომელთა ფუნქციონირება დისტანციურად შესაძლებელია, ონლაინ მუშაობაზე გადავიდნენ. საჭიროების შემთხვევაში, ყველა სერვისზე და პროდუქტზე წვდომას მოახერხებ, მაგრამ მოსახლეობა ითვალისწინებს რეკომენდაციებს და ძირითადად თავშესაფრებში დარჩენას ამჯობინებენ.
საზოგადოებრივი ერთიანობა ტერორიზმის წინააღმდეგ
არ არსებობს ისრაელში ოჯახი, საიდანაც ერთი ადამიანი მაინც არ იბრძვის ომში. ომის პირველივე დღეებიდან ჩაერთვნენ სამხედრო მოქმედებებში გიორგის თანამშრომლები და თამთას მეგობრები. ქვეყანაში ბრუნდებიან საზღვარგარეთ მცხოვრები ისრაელის მოქალაქეებიც. მომენტალურად შეიცვალა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც.
“ბოლო რამდენიმე თვე ისრაელში სულ საპროტესტო აქციები ტარდება. მთავრობის გადადგომას ითხოვს ხალხი. ყოველ შაბათს არის უზარმაზარი აქციები როგორც თელ-ავივში, ისე სხვა ქალაქებში. ასიათასობით ადამიანი იკრიბება. ომის დაწყების შემდეგ ეს შიდაპოლიტიკური ამბები გადავიდა მეორე პლანზე. ოპოზიციის ლიდერები, ვინც ნეთანიაჰუს სცენიდან გადადექი-გადადექის უყვიროდნენ, ახლა მთავრობასთან ერთად კრიზისული მართვის საბჭოში არიან. არანაირი პროტესტი და ომის დაბრალება ერთმანეთზე. არავინაა საპროტესტოდ განწყობილი. მთელი ქვეყნის მთავარი ფოკუსი არის ომში გამარჯვება”, – ამბობს გიორგი ხუხია.
“თეთრი შურით მშურს იმ ერთიანობისა და ნდობის, რაც ხალხს ერთმანეთის და სახელმწიფოს მიმართ აქვს”, – ასე დაასრულა ნეტგაზეთთან საუბარი თამთა თოდაძემ.
გარეკანი: გიორგი ხუხია (ფოტო - პირადი ფეისბუქგვერდი); თამთა თოდაძე (ფოტო - ტბელ აბუსერიძე)