საზოგადოება

ოფიციალურად დადასტურდა „ჰამასის“ გატაცებული 23 წლის შანი ლუკის დაღუპვა

30 ოქტომბერი, 2023 • 4705
ოფიციალურად დადასტურდა „ჰამასის“ გატაცებული 23 წლის შანი ლუკის დაღუპვა

ისრაელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ტერორისტების მიერ მუსიკალური ფესტივალიდან გატაცებული 23 წლის შანი ლუკი მოკლეს.

ამ ინფორმაციას ადასტურებენ დედამისი რიკარდა ლუკი. რიკარდა ლუკის ცნობით, მისი შვილის ცხედარი ჯერ არაა ნაპოვნი, თუმცა იპოვეს სხეულის ნაწილები. სპეციალისტებმა ჩაატარეს ნაპოვნი ძვლის დნმ ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდა, რომ ის შანი ლუკისაა. ექიმების თქმით კი, ამ ძვლის პოვნა ადასტურებს, რომ ის გარდაცვლილია, რადგან ადამიანი სხეულის ამ ნაწილის გარეშე ვერ გადარჩება.

გატაცების პირველი დღეს შანის დედამ აღნიშნა, რომ მიიღო ვიდეო, სადაც ნათლად ჩანდა  უგონო მდგომარეობაში მყოფი მისი ქალიშვილი. ოჯახს აქამდე ეგონა, რომ შანი, მართალია, მძიმედ იყო დაშავებული, თუმცა „ჰამასს“ მძევლად ჰყავდა აყვანილი.

აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში თავად „ჰამასის“ მებრძოლებმა გაავრცელეს. კადრებზე აღბეჭდილია, როგორაა შემოდებული ავტომობილის ძარაზე ახალგაზრდა გოგოს უსულო სხეული, რომელზეც ზემოდან აქვთ ფეხები შემოწყობილი ტერორისტებს. ის საჩვენებლად ჩამოატარეს ღაზაში.

შანი ლუკის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს ისრაელიც.

„შანი „ჰამასის“ ტერორისტებმა მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს, აწამეს და ღაზაში ჩამოატარეს. მან წარმოუდგენელი საშინელებები გადაიტანა. გულგატეხილები ვართ“, – ნათქვამია ისრაელის განცხადებაში


ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელს 7 ოქტომბერს დაესხა თავს, განურჩევლად დახოცა 1400-მდე ადამიანი, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები, 230-მდე კი გაიტაცა. მოკლულთა და გატაცებულთა შორის არიან ბავშვები, ქალები, მოხუცები და შშმ პირები.

ისრაელმა საპასუხოდ „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია და მისი განუწყვეტელი დაბომბვა დაიწყო, მიზნად კი „ჰამასის“ განადგურება დაისახა. შედეგად, „ჰამასს“ დაქვემდებარებული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 8 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, მათ შორის, 3 ათასზე მეტი ბავშვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი