საზოგადოება

ზელენსკის თქმით, რუსულ ფლოტს ოჩამჩირეშიც მისწვდებიან

24 ოქტომბერი, 2023 • 1579
ზელენსკის თქმით, რუსულ ფლოტს ოჩამჩირეშიც მისწვდებიან

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ არ მიუღწევია სრული საცეცხლე კონტროლისთვის ყირიმზე, მაგრამ ეს დროის საკითხია.

ამის შესახებ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმაზე განაცხადა და ისაუბრა იმ შედეგებზე, რომელიც უკრაინას უკვე აქვს ყირიმის მიმართულებით.

„რუსეთის საზღვაო ფლოტს აღარ შეუძლია დასავლეთ შავ ზღვაში ოპერირება და თანდათან გარბის ყირიმიდან. ეს ისტორიული მიღწევაა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტისთვის, უფრო სწორად, მისი ნარჩენებისთვის, ახალი ბაზის შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში — რაც შეიძლება შორს უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან, მაგრამ მათ ყველგან მივწვდებით“, — განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინული დაზვერვის ინფორმაცია

მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ყირიმიდან ნოვოროსიისკში უკვე გაიყვანა რამდენიმე ხომალდი. თუმცა, მისი თქმით, იქ არის პატარა პორტი, რომელსაც არ შეუძლია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყველა გემის განთავსება, ამიტომ კრემლმა ამისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენება გადაწყვიტა.

„აქტიური სამუშაოები გრძელდება ქალაქ ოჩამჩირეში. რუსებმა იქ ჩაატარეს დაღრმავებითი სამუშაოები, სადღაც განაახლეს პორტის ინფრასტრუქტურა, რათა იქ სამხედრო გემების ბაზირება უზრუნველყონ. მაგრამ ესეც პატარა [ბაზა] იქნება“, — განაცხადა სკიბიცკიმ.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კითხვით, აქვთ თუ არა ინფორმაცია ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზისთვის სამუშაოების ჩატარებისა და იქ ყირიმიდან ფლოტის ნაწილის შესაძლო გადმოსროლის შესახებ. უწყებისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.

წინაისტორია

რუსული ფლოტისთვის ოჩამჩირეში ბაზის განთავსების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს განაცხადა.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და უახლოეს დროში ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი განთავსდება”, – თქვა მან რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან” ინტერვიუში.

ოჩამჩირეში რუსული ბაზის საკითხზე ბჟანია 2023 წლის ზაფხულშიც საუბრობდა.

მისი მაშინდელი განცხადებით, რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის [რაც ხელმოწერილი შეთანხმებით, ოჩამჩირეში რუსული ბაზის მშენებლობას ითვალისწინებდა] რუსეთის მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე აფხაზეთმა უარი თქვა იმ მოტივით, რომ სანაცვლოდ რუსეთი იჯარით იღებდა ამ ტერიტორიებს, რაც, ბჟანიას თქმით, არასწორი ნაბიჯი იყო სოხუმის მხრიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები არის „მორიგი პროვოკაციული მცდელობა, მიმართული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის განთავსება საფრთხეა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.

ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი