ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალში სამხედრო ინფრასტრუქტურას აშენებენ

7 ივლისი, 2023 • 2885
გალში სამხედრო ინფრასტრუქტურას აშენებენ

აფხაზური მედიის ცნობით, დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაათვალიერა.

როგორც apsadgil.info წერს, გალის რაიონში მშენებარე ინფრასტრუქტურის ინსპექტირება ასევე უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის, რაულ ლოლუას მიერ განხორციელდა.

რა ტიპის სამხედრო ინფრასტრუქტურულ პროექტზეა საუბარი, აფხაზურ მედიაში დაკონკრეტებული არაა.

ამასთან, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზეთის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაასახელა ნაციონალური უსაფრთხოება და მაღალი თავდაცვისუნარიანობა.

“იცით, რომ ეს ძალიან ხარჯიანი სფეროა და გვჭირდება კოლოსალური რესურსების მოძიება თავდაცვისუნარიაობის გარკვეულ დონემდე გასაზრდელად. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და შესაბამისი შეიარაღებული ძალები გვჭირდება, რისთვისაც მთლიანი ქვეყნის ბიუჯეტია საჭირო”.

მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის [რაც ხელმოწერილი შეთანხმებით, ოჩამჩირეში რუსული ბაზის მშენებლობას ითვალისწინებდა] რუსეთის მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე აფხაზეთმა უარი თქვა იმ მოტივით, რომ სანაცვლოდ რუსეთი იჯარით იღებდა ამ ტერიტორიებს, რაც, ბჟანიას თქმით, არასწორი ნაბიჯი იყო სოხუმის მხრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი