საზოგადოება

სად იყო სკოლა, როცა აითაჯს დახმარება სჭირდებოდა?

12 ოქტომბერი, 2023 • 3748
სად იყო სკოლა, როცა აითაჯს დახმარება სჭირდებოდა?

ადრეული ქორწინების მსხვერპლის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მოკვლიდან 6 დღე გავიდა. მომხდარს ამ დრომდე არ გამოხმაურებია განათლების სამინისტრო მიუხედავად იმისა, რომ არასრულწოვანთა ძალადობისგან დაცვაში სკოლას მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

სკოლა ვალდებულია, ძალადობის შესახებ ინფორმაციის ან ეჭვის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში ჩააყენოს. ამიტომ ჩნდება კითხვა, სად იყო სკოლა, როცა 14 წლის გოგოს დახმარება სჭირდებოდა?

რას ამბობს სკოლა

14 წლის აითაჯ შახმაროვა დმანისის სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.  ამ სკოლის დირექტორი გამლეტ ისმაილოვია, რომელიც ამავე დროს დმანისის საკრებულოს დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“.

გამლეტ ისმაილოვი ნეტგაზეთთან საუბარში ირწმუნება, რომ სკოლამ აითაჯის იძულებით ქორწინების შესახებ  არაფერი იცოდა. მისი თქმით, გოგო სკოლაში ბოლოს ივნისში, ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე გამოცხადდა. არდადეგების შემდეგ კი აითაჯი სკოლაში აღარ დაბრუნებულა.

მიუხედავად იმისა, რომ მოკლული აითაჯის ძმა ამავე სკოლის  მოსწავლეა და დისგან განსხვავებით სწავლასაც ჩვეულებრივ აგრძელებდა, სკოლას არ მოუკვლევია, რატომ არ ესწრებოდა გაკვეთილებს მოზარდი. როგორც დირექტორი ამბობს, ისინი ბავშვის დედას ენდნენ, რომელიც ამჟამად შვილის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

გამლეტ ისმაილოვი

დირექტორის თქმით, იმის გამო, რომ  აითაჯი სკოლაში აღარ მისულა 15 სექტემბრიდან, გოგოს კლასის დამრიგებელმა მის მშობელთან დაკავშირება პირველად 21 სექტემბერს სცადა. მისი თქმით, დამრიგებელმა დედას დაურეკა, თუმცა ქალს ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ამიტომ აითაჯის ძმას დააბარა, რომ მშობელი სკოლაში გამოცხადებულიყო.

დირექტორის ინფორმაციით, აითაჯის დედა სკოლაში გოგოს მკვლელობის წინა დღეს, 5 ოქტომბერს მივიდა და მისი კლასის დამრიგებელს შეხვდა.

„მე მაგ დროს შვებულებაში ვიყავი, სკოლაში ჩემი მოადგილე იყო. კლასის ხელმძღვანელს ჰქონდა საუბარი ძმასთან და ბავშვი იძახდა, მე არაფერი ვიციო. ამის მერე უკვე ბავშვს დაავალეს დედისთვის ეთქვა, რომ სკოლაში მოსულიყო.  ეს ისეთი სოფელია, ტრანსპორტიც არ დადის და ამიტომ მშობელი სკოლაში ცოტა გვიან მოვიდა. დედამისი სკოლაში გამოცხადდა 5 ოქტომბერს და მასწავლებელს უთხრა, რომ ჩემი ბავშვი სკოლაში 2 დღეში იქნებაო. მე როგორც ვიცი, მშობელმა კლასის ხელმძღვანელს უთხრა, [აიათაჯი] სხვა მუნიციპალიტეტშია სტუმრად წასულიო“, — ამბობს სკოლის დირექტორი ნეტგაზეთთან.

სკოლაც და დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრიც ირწმუნებიან, რომ გოგოს მდგომარეობის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონიათ. მათივე მტკიცებით, აითაჯის შესახებ არაფერი იცოდნენ მისმა კლასელებმაც, რადგან გოგო სხვა სოფელში ცხოვრობდა.

ამიტომ, აითაჯის გაცდენების გამო სკოლაში დაბარებულ მშობელს აცნობეს, რომ თუ ბავშვი სკოლაში არ გამოცხადდებოდა, კანონის შესაბამის პროცედურებს დაიწყებდნენ, რაც არა სოციალური მუშაკის ჩართვას ან პოლიციისთვის მიმართვას, არამედ მისთვის მოსწავლის სტატუსის შეჩერების პროცედურის დაწყებას გულისხმობდა.

როგორც დმანისის  საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ხმალაძე ნეტგაზეთთან ამბობს, აითაჯის დედას სკოლისთვის რეალური ინფორმაცია რომ მიეწოდებინა, „სხვა პროცედურებს“ დაიწყებდნენ.

„დედამ დამრიგებელს უთხრა, აითაჯი გარდაბანშია სტუმრად წასული და 2-3 დღეში ჩამოვაო. გაბრაზებულა კიდეც და ცოტა აგრესიულიც ყოფილა, რა მოხდა, ჩამოვა ბავშვი და მაგისთვის რატომ უნდა შეუჩეროთ სტატუსიო. დედა მასწავლებელს შეჰპირდა, რომ ბავშვს 2-3 დღეში მოიყვანდა. თუ არ მოიყვანდა, შემდეგ უკვე სტანდარტული შეტყობინების ფურცელი უნდა გაგზავნილიყო, მშობელს ხელი უნდა მოეწერა და ვადის გასვლის შემთხვევაში, მოსწავლის სტატუსი შეუჩერდებოდა.

მშობელს რომ ეთანამშრომლა და ეთქვა, რამე ისეთი პრობლემაა და დამეხმარეთო, სკოლა სხვა პროცედურებს დაიწყებდა. თუმცა მშობელი საქმის კურსში რომ არ აყენებს და არ თანამშრომლობს, სკოლა მარტო რას იზამს, როცა არ ფლობს ინფორმაციას? ელემენტარული პატარა ეჭვიც რომ ყოფილიყო… მაგრამ ზაფხულის არდადეგები იყო, დამრიგებელიც არ იყო საქართველოში“, —ამბობს ნეტგაზეთთან მაია ხმალაძე.

თუმცა საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს მარნეულელი აქტივისტი სამირა ბაირამოვა. მისი ცნობით, აითაჯი იძულებით 2022 წლის დეკემბერში დანიშნეს და  სკოლაში 2023 წლის ივნისში სულ ორი დღით იყო მისული.

„რომ დანიშნეს, დედამისი მოსულა სკოლაში, დირექტორთან ყოფილა საუბარი. ამ წლების განმვალობაში დირექტორი მარტო აითაჯისთვის კი არა, სხვა გოგონებისთვისაც „ზრუნავდა“. ის სკოლის მასწავლებლებს სკოლიდან განთავისუფლებით არაერთხელ დამუქრებია. ისინი კი მოსწავლეებს, რომლებიც  სკოლაში არ დადიან, უწერენ ნიშანს, თითქოს გაკვეთილებს ესწრებიან“, — წერს სამირა ბაირამოვა ფეისბუკზე.

აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს სკოლის დირექტორი გამლეტ ისმაილოვი. ის ირწმუნება, რომ მასწავლებლებს არ აშინებს.

„ეს არის ტყუილი. ისეთ დღეში ვართ, ასეთ თემაზე ეს როგორ შეიძლება, ეს ხომ ჩვენი სკოლის  მოსწავლე იყო? ყველას გვყავს შვილი, როგორ შეიძლება ასეთი რამ?“ — ამბობს გამლეტ ისმაილოვი.

რა უნდა გაკეთებინა სკოლას

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“(PHR) იურისტი ანა თავხელიძე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ სკოლას თავად უნდა მიეღო ზომები, გამოეკვლია გარემოებები და დაედგინა, სად იყო ბავშვი.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ სკოლა არ უნდა დალოდებოდა მშობლის ან ვინმეს მხრიდან შეტყობინებას და უნდა მიემართათ ზრუნვის სააგენტოსთვის, რომელიც სოციალური მუშაკის მეშვეეობით შეისწავლიდა ამ მდგომარეობას.

ანა თავხელიძის თქმით, ახლა, პირველ რიგში, დასადგენია, რა ინფორმაცია ჰქონდა სკოლას ან საერთოდ ჰქონდა თუ არა ინფორმაცია.

ანა თავხელიძე იმ ზომებს ასახელებს, რის გატარებასაც სკოლას კანონი ავალდებულებდა:

  • როდესაც ბავშვი სკოლაში რამდენიმე კვირა არ დადიოდა, მათ უნდა მიეღოთ ყველა ზომა და უნდა გაერკვიათ ამ ბავშვის მდგომარეობა, ჩაერთოთ სოციალური მუშაკი, გადაემოწმებინათ მდგომარეობა და ასეთ შემთხვევაში გაიგებდა სკოლა, რომ ბავშვი იყო დანაშაულის მსხვერპლი და მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, გაეგრძელებინა განათლების მიღება.
  • მას შემდეგ, რაც ეს ცნობილი გახდებოდა, მათ ასევე ევალებოდათ პოლიციისთვის შეტყობინება და შემდეგ შესაბამისი რეაგირება პოლიციას უნდა მოეხდინა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ჰქონდათ დანაშაულის შეუტყობინებლობაზე, ინდივიდუალურად უნდა დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სკოლის ყველა წარმომადგენლის მიმართ, ვინც იცოდა და ამის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინა.

თუმცა, როგორც ანა თავხელიძე ამბობს, ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით სახელმწიფო ლოიალურ პოლიტიკას ატარებს და ხშირად პასუხისმგებელი უწყებების დაუსჯელობა არის წახალისებული.

„სკოლას შეტყობინების ვალდებულება აქვს ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულზე, როგორც კი ეჭვი გაუჩნდება ბავშვის მიმართ ძალადობაზე. ასეთ შემთხვევებშიც კი, როგორც წესი, სკოლების პასუხისმგებლობა არ დგება. რამდენჯერმე მიგვიმართავს ჩვენ განათლების სამინისტროსთვის, რადგან მათ ევალებათ ასეთ შემთხვევებზე რეაგირება, როცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არის დარღვეული. არცერთ შემთხვევაში რეაგირება არ მოჰყოლია და არ დამდგარა სკოლის პასუხისმგებლობის საკითხი. არაერთ სისხლის სამართლის საქმეში, მსგავსი კატეგორიის საქმეში, სადაც ჩნდებოდა ეჭვი სკოლის მხრიდან უმოქმედობის და არასათანადო რეაგირების, არცერთი ასეთი შემთხვევისას არ დამდგარა სკოლის წარმომადგენლების პასუხისმგებლობა“, — აცხადებს ანა თავხელიძე.

იურისტის თქმით,  აითაჯის საქმეს კიდევ ერთი მუხლი უნდა დაემატოს — სამსახურებრივი გულგრილობა და ამ კუთხითაც უნდა მოხდეს სკოლის წარმომადგენლების პასუხისმგებლობის დაყენება.

„რადგან მათ ევალებოდათ მიეღოთ შესაბამისი ზომები, რომ გაერკვიათ ბავშვის მდგომარეობა — სად იყო და როგორ იყო. თუ ამ ზომებს ისინი მიიღებდნენ, დაადგენდნენ, რომ ბავშვი იყო ძალადობის მსხვერპლი და, შესაბამისად, ექნებოდათ ეს ინფორმაცია“, —ამბობს ანა თავხელიძე.

გარდა ამისა, ანა თავხელიძის თქმით, თუ სამირა ბაირამოვას მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, რომ დირექტორი მასწავლებლების დაშინებას ცდილობს, საქმეს  მოწმეებზე ზეწოლის მუხლიც უნდა დაემატოს.

„რადგან ეს ცალკე დანაშაულია, სამართალდამცავებმა ეს საკითხიც უნდა შეისწავლონ. ეს ადამიანები [სკოლის თანამშრომლები] მოწმის სახით უნდა დაკითხონ, თუ მათზე ზეწოლა იყო, ეს სამართლებრივად არის შესაფასებელი“, — აცხადებს ანა თავხელიძე.

ამასთან, იურისტის თქმით, თუ გამოძიებას სკოლის დირექტორის მიმართ  ეჭვები აქვს, მას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს და თუ საბოლოო გადაწყვეტილებით დადასტურდება მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენა, უფლებამოსილება საერთოდ უნდა შეუწყდეს .

რატომ არ რეაგირებს სკოლა ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე

ანა თავხელიძის თქმით, ბავშვთა მიმართ ძალადობა მხოლოდ კონკრეტული რეგიონისთვის დამახასიათებელი არაა და ეს პრობლემა მთელ საქართველოში დგას.

მისი თქმით, ასეთი კატეგორიის საქმეებში საგანმანთლებლო დაწესებულებას ძალიან პასიური როლი აქვს და, როგორც წესი, ცდილობენ ძალადობის შემთხვევები მიჩქმალონ ან არ ჰქონდეთ წამყვანი როლი.

„ამიტომ არის მნიშვნელოვანი რეფორმები გასატარებელი, რომ ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვთა მიმართ ძალადობის და ზოგადად დანაშაულის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირება იყოს“, — ამბობს ანა თავხელიძე.

მისი თქმით, პრობლემას ქმნის ისიც, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა საზოგადოებაში ნორმალიზებულია და ამ მიდგომას იზიარებს საგანმნათლებლო დაწესებულებებიც, რის გამოც მსგავს შემთხვევებზე ისინი სათანადოდ არ რეაგირებენ.

„როგორც წესი, მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბავშვებზე ძალადობა შეფუთულია ქორწინების თანაცხოვრების სახელით. სკოლის დირექტორები და მასწავლებლები, რომლებიც ამ საზოგადოების წევრები არიან, სწორედ ამ სტერეოტიპების და გავრცელებული მავნე პრაქტიკების თანაზიარნი არიან. სინამდვილეში იზიარებენ ამ მოსაზრებას, რომ 14 წლის ბავშვზე ძალადობა არის ნორმა და მთავარია, რომ ამ ბავშვს ეკონომიკური ხელშეწყობა ჰქონდეს.

ჩვენ გვქონია შემთხვევები, როცა სამართალდამცავი ორგანოები ინფორმირებული იყვნენ ფაქტის შესახებ და გამოძიება არ დაიწყო. უფრო  მეტიც, გახსოვთ „ბათუმელების“ სტატია, რომელიც შეეხებოდა 12 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობას, რომელზეც ქუთაისის სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, როცა ფაქტობრივი თანაცხოვრება არის არასრულწლოვანთან, სექსუალური ძალადობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა, თუმცა საპროცესო შეთანხმება მაინც ფორმდება“, —  აცხადებს ანა თავხელიძე.


ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი