ახალი ამბები

ქორწინების იძულების ბრალდებით არასრულწლოვანი გოგოს დედა დააკავეს

4 აპრილი, 2024 •
ქორწინების იძულების ბრალდებით არასრულწლოვანი გოგოს დედა დააკავეს

ქორწინების იძულების ბრალდებით არასრულწლოვანი გოგოს დედა დააკავეს. პროკურატურა მისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. 

პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ცნობის თანახმად დედა 3 აპრილს დააკავეს. 

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით თვლიდა, რომ მისი არასრულწლოვანი შვილის აზრს მნიშვნელობა არ ჰქონდა და მას არ გააჩნდა არჩევანის უფლება. ბრალდებული 16 წლის შვილს ფსიქოლოგიურად აიძულებდა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე დაქორწინებულიყო”, – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დაკავებულ ქალს  ბრალი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ქორწინების იძულება, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი