ახალი ამბები

საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას და ბიძას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

11 ოქტომბერი, 2023 •
საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას და ბიძას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ, მოკლულის დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე მადონა მაისურაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

ადრეული ქორწინების მსხვერპლი 14 წლის გოგო „ქმარმა“ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს მოკლა, რის შემდეგაც დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ის 10 ოქტომბერს დააკავა. მას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა და ბრალად ედება განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიებით თანახმად, 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, პროკურატურის თანახმად, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს.

პროკურორის ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, 14 წლის გოგოს იძულებით ქორწინების ორგანიზატორი დედა იყო.

გარეკანის ფოტო: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი