ახალი ამბები

პროკურატურამ ბრალი საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედასაც წარუდგინა

11 ოქტომბერი, 2023 • 8167
პროკურატურამ ბრალი საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედასაც წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა  საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედასაც.

14 წლის გოგოს დედას ბრალად ედება ქორწინების იძულება და დანაშაულის შეუტყობინებლობა. დედის გარდა, აღნიშნული ბრალი 14 წლის გოგოს ბიძასაც აქვს წარდგენილი, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. რაც შეეხება მოკლული გოგოს დედას, პროკურატურამ სასამართლოს მისი დაკავების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა , რაც რუსთავის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

უწყების ცნობით, არასრულწლოვანს, ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. მათივე ცნობით, აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა, უცხო პირის მობილური ტელეფონით დედასთან დაკავშირება და მისი გატაცების თაობაზე შეტყობინება, რაც ასევე ცნობილი გახდა გატაცებული არასრულწლოვნის ბიძისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ არსრულწლოვნის დედისთვის და ბიძისთვის ცნობილი გახდა 14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესახებ, მათ მიაჩნდათ, რომ არასრულწლოვანს არ ჰქონდა თავისუფალი ნების გამოვლენის და არჩევანის გაკეთების უფლება, აღნიშნული არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს და ბავშვს გამტაცებელთან თანაცხოვრება აიძულეს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ადრეული ქორწინების მსხვერპლი 14 წლის გოგო „ქმარმა“ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს მოკლა, რის შემდეგაც დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ის 10 ოქტომბერს დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი