საზოგადოება

თავდასხმა ისრაელზე, დღე 3 — განახლებადი

9 ოქტომბერი, 2023 • 2136
თავდასხმა ისრაელზე, დღე 3 — განახლებადი

აღნიშული მასალა არ განახლდება. 10 ოქტომბრის მოვლენათა ქრონოლოგიის სანახავად გადადით ბმულზე:

ასევე ნახეთ:

მოკლედ:

  • ისრაელი აცხადებს, რომ დაიბრუნა კონტროლი ღაზას სექტორის მოსაზღვრე ყველა დასახლებაზე, რომელიც „ჰამასის“ მებრძოლებს ჰქონდათ დაკავებული.
  • ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლები 7 ოქტომბერს ისრაელის ტეიროტრიაზე შეიჭრნენ და ასეულობით ისრაელელი დახოცეს;
  • ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 700-ს აჭარბებს, დაშავებულია 2300-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ეს არ არის საბოლოო მონაცემები;
  • ისრაელის საპასუხო იერიშებს ღაზას სექტორში 400-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, თუმცა მსხვერპლის ზრდას აქაც ვარაუდობენ, რადგან ნანგრევებ ქვეშ ადამიანები მოყვნენ;
  • „ჰამასის“ მებრძოლებმა 100-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს ღაზას მიმართულებით. გატაცებულთა შორის, ისრაელის მოქალაქეთა გარდა, ვარაუდობენ სხვა ქვეყნის მოქალაქეთა არსებობასაც;
  • ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასს“ საბოლოოდ გაანადგურებს და ეს იქნება უკანასკნელი ბრძოლა მათ წინააღმდეგ.

ამ განახლებად მასალაში „ნეტგაზეთი“ 9 ოქტომბერს ისრაელში მიმდინარე მოვლენებს სანდო და გადამოწმებულ წყაროებზე დაყრდნობით გაგაცნობთ. ცნობების განსაახლებლად გადატვირთეთ [დაარეფრეშეთ] გვერდი.

სხვა დღეების მოვლენათა ქრონოლოგიის სანახავად გადადით შემდეგ ბმულებზე:


9 ოქტომბერი

23:15 — ისრაელში “ჰამასის” შეტევის შედეგად დაღუპულთა აღრიცხულმა რაოდენობამ 900-ს მიაღწია. ადგილობრივი მედიის თანახმად, აქედან 108 დაღუპულის ცხედარი ისრაელის სამხრეთში მდებარე ერთ-ერთ კიბუცში (სასოფლო-სამეურნეო კომუნა ისრაელში ავტ.) იპოვეს.

23:00 — ისრაელის პრემიერ-მინიტრის, ბენიამინ ნეთანიაჰის თქმით, ღაზის სექტორზე საჰაერო დარტყმები “მხოლოდ დასაყისია”. მისი სიტყვებით, ისრაელი “ყველაფერს გააკეთებს ღაზაში დატყვევებულ ისრაელელთა გასათავისუფლებლად”.

22:48 — “ჰამასი” ისრაელიდან გატაცებული ტყვეების სიკვდილით დასჯით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ღაზაში გაფრთხილების გარეშე დაბომბავს სამოქალაქო პირებით დასახლებულ შენობებს.

22:46 – ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, “გარკვეული რაოდენობის პალესტინელი შეიარაღებულები კვლავ ისრაელში არიან”.

21:49 — ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ აჩერებს პალესტინის ტერიტორიების განვითარების გრძელვადიანი პროექტების დაფინანსებას. ევროკავშირი ამ დრომდე იყო პალესტინელთა უმსხვილესი დონორი, რომელიც $728 მილიონს გამოყოფდა დახმარების სახით.

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის თქმით, “ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ტერორისა და სისასტიკის მასშტაბები გარდამტეხი მომენტია”. “სიძულვილის გაღვივებამ, ძალადობამ და ტერორის განდიდებამ ძალიან ბევრი ადამიანის გონება მოწამლა. ჩვენ გვჭირდება მოქმედება და ეს გვჭირდება ახლა”.

21:00 — ისრაელის არმიის თანახმად, ქვეყნის საჰაერო ძალებმა ღაზაში “ყველა დროის” ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჰაერო შეტევა განახორციელეს. არმიაში ამბობენ, რომ მხოლოდ 9 ოქტომბერს “ჰამასის” 2 400 სამიზნეზე მიიტანეს იერიში, რომელთა შორისაცაა იარაღის საწყობი, საწარმოო ობიექტები და სამეთაურო/საკონტროლო ცენტრები.

18:38 – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ისრაელში საფრანგეთის ორი მოქალაქის დაღუპვის ამბავი, თუმცა უცნობია გარემოებები.

უწყება აცხადებს, რომ აგრძელებენ სამუშაოებს დაკარგულთა მოსაძებნად, რომელთა რიცხვი ამ ეტაპზე უცნობია.

ამ დროისათვის დაღუპულია ან დაკარგულად მიიჩნევა დიდი ბრიტანეთის 10-ზე მეტი მოქალაქე.

18:15 – ისრაელის ყოფილი პრემიერი, ნაფტალი ბენეტი ავრცელებს ოჯახის ფოტოს. მისი თქმით, დედ-მამა და მათი 3 მცირეწლოვანი შვილი ტერორისტებმა ღაზას სექტორის სიახლოვეს მოკლეს.

ბენეტის ცნობით, კედემების ოჯახის 5 წევრია მოკლული: მამა ჯონათანი, დედა თამარი, 6 წლის ტყუპი გოგოები — შაჩარი და არბელი, ასევე 4 წლის ბიჭი ომერი.

კედემების ოჯახი

18:03 – ისრაელური მედიასაშალება „თაიმს ოფ ისრაელ“ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ტერორისტები მუსიკალურ ფესტივალს მიზანმიმართულად დაესხნენ თავს. სავარაუდოდ, მათ წინასწარ იცოდნენ ფესტივალის შესახებ და თავდასხმაც დაგეგმილი იყო.

შეაირაღებულმა პირებმა ფესტივალი ალყაში მოაქციეს და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს, შემდეგ კი გაქცეულებისა და დამალულების დევნა დაიწყეს. მათი ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი დაატყვევეს და „ღაზას“ სექტორში გადაიყვანეს.

ნაპოვნია 260 ადამიანის ცხედარი, თუმცა არიან დაკარგულებიც, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ.

17:45 – „ჰეზბოლა“ აცხდებს, რომ ისრელის წინააღმდეგ ამ ეტაპზე ოპერაციაში არ ერთვება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ცოტა ხნის წინ ისრაელელ ჯარისკაცებსა და შეიარაღებულ პირებს შორის შეტაკება მოხდა ისრაელის ჩრდილოეთით, ლიბანის საზღვართან. ისრაელის ცნობით, მოკლეს რამდენიმე შეიარაღებული პირი, რომელიც ისრაელში შეჭრას ცდილობდა.

16:53 – ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მოკლულია რამდენიმე შეიარაღებული პირი, რომელიც ჩრდილოეთ ისრაელში შევიდა ლიბანიდან, წერს „თაიმს ოფ ისრაელ“.

16:37 – პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაღუპულია, სულ მცირე, 560 ადამიანი, დაშავებულია — 2900, იუწყება „სი-ენ-ენი“.

16:34 – თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ ისრაელში დაიღუპა ამერიკს ცხრა მოქალაქე, იტყობინება „ბი-ბი-სი“.

16:21 – ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელში რამდენიმე მებრძოლი შევიდა. უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელი ორგანიზაციის — „ჰეზბოლას“, „ჰამასის“ თუ სხვა, წერს „იერუსალიმ პოსტი“.

15:53 – ხვალ, 10 ოქტომბერს, ისრაელში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართება ევროკავშირის წევრების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა, განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

15:41 – ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაშავებულია 2506 ადამიანი, იუწყება „ენ-ბი-სი“.

15:21 – ლიბანში მოქმედი და ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ თავს დაესხმებიან აშშ-ს ძალებს, თუ ისინი ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტში ჩაერევიან. დაჯგუფების განცხადებას „თაიმს ოფ ისრაელ“ ციტირებს. გუშინ აშშ-მ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გააგზავნა დამატებითი ძალები.

15:15 – საჰაერო განგაშის ხმა ისმის თელ-ავივში, იერუსალიმსა და ისრაელის სხვა ქალაქებში, წერს „ენ-ბი-სი“. „ჰამასში“ აცხადებენ, რომ რაკეტები მათ გაისროლეს.

15:13 – ისრაელი ღაზას სექტორს წყალმომარაგებასაც შეუწყვეტს. „თაიმს ოფ ისრაელ“-ის ცნობით, ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელ კაცმა განცხადა. ორი დღის წინ ღაზას სექტორს ელექტროენერგიის მომარაგებაც შეუწყვიტეს.

14:53— საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია არ იგეგმება, რადგან ისრაელიდან რეგულარული რეისები სრულდება.

14:31 — ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უახლოეს 48 საათში ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაკარგულ ახლობელს ეძებს, შეატყობინებენ მათი ბედის შესახებ.

უწყების თქმით, სწორედ ეს დრო სჭირდებათ, რათა გამოკვეთონ საბოლოო სურათი, ვინ დაიღუპა, დაიჭრა, ან გაიტაცეს 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად.

ასეულობით ადამიანი ამ დრომდე ეძებს თავის ოჯახის წევრსა თუ მეგობარს, რადგან მათთან კონტაქტი გაწყვეტილია. ნაწილი „ჰამასის“ მებრძოლებმა დახოცეს, ნაწილი გაიტაცეს. ჯერჯერობით, ყველაზე ცხელი წერტილიდან გადმოსვენებული არ არის ყველა დაღუპულის ცხედარი და შესაბამისად, ასეულობით ადამიანი ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული.

14:21 — სააგენტო როიტერსი ავრცელებს „ჰამასის“ განაცხადებას, რომლის მიხედვითაც, 4 ისრაელელი ტყვე ემსხვერპლა ღაზაში ისრაელის საჰაერო იერიშს. ჰამასისვე ცნობით, დაბომბვისას დაიღუპნენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ტყვეები ჰყავდათ.

„ჰამასის“ გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილის სხვა წყაროებით გადამოწმება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

13:48 — ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა თქვა, რომ მან ღაზას სექტორის სრულ ალყაში მოქცევის ბრძანება გასცა.

„მე ვუბრძანე ღაზას სექტორის სრულ ალყაში მოქცევა იქ არ იქნება წყალი, საკვები და საწვავი. ყველაფერი დაიხურა“, — თქვა გალანტმა.

მოსალოდნელია, რომ ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს „ჰამასის“ გასანადგურებლად.

13:43 — მთელი ისრაელის ტერიტორიაზე, მათ შორის, იერუსალიმში, საჰაერო განგაშის სიგნალებია ჩართული ღაზას სექტორიდან გამოშვებული რაკეტების გამო. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

BBC-ის ინფორმაციით, იერუსალიმში, სულ მცირე, 3 აფეთქების ხმა გაისმა, თუმცა უცნობია, აფეთქების წყარო.

13:06 – ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ ბოუჰაბიბმა ადგილობრივ გაზეთთან ინტერვიუში თქვა, რომ ჰეზბოლას დაჯგუფებამ მათ პირობა მისცა, რომ ისრაელში მიმდინარე პროცესებში არ ჩაერევიან, „თუ ისრაელი ლიბანსა და ლიბანელებს არ შეუტევს“.

ჰეზბოლა ლიბანის ტერიტორიაზე მოქმედი დაჯგუფებაა, რომელიც ხელისუფლებას არ ემორჩილება.

12:51 — ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელმა კონტროლი დაიბრუნა ღაზას სექტორის მოსაზღვრე ყველა ქალაქზე, თუმცა ტერორისტთა ერთეული რაოდენობა შეიძლება მაინც იმალებოდეს ამ ქალაქებში.

ისრაელმა ღაზას მოსაზღვრე 24 ქალაქიდან 15-ის ევაკუაცია დაასრულა და დანარჩენების ევაკუაცია გრძელდება, რის შემდეგაც მოსალოდნელია სახმელეთო ოპერაციის დაწყება.

როგორც ჰაგარი ამბობს, ღაზა-ისრაელის საზღვარი ამ დროისათვის გამაგრებულია ტანკებით, რომელსაც ასევე ჰაერიდან სამხდრო ვერტმფრენები იცავენ.

12:00 — ისრაელში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმას, სულ მცირე, ორი ქართველი ებრაელი ემსხვერპლა.

ოფიციალური მონაცემებით, თავდასხმას ემსხვერპლა 26 წლის მაიორი ავი აბრაამ ქუბელაშვილი.

მეორე დაღუპულია პოლიციელი იცაკ ბაზუკაშვილი, რომელიც ისრაელის სამხრეთში, ღაზას სიახლოვეს, თავის მოვალეობას ასრულებდა.

11:28 — მოხალისეთა ჯგუფი Zaka აცხდებს, რომ მუსიკალურ ფესტივალ „სუპერნოვას“ ტერიტორიიდან ცხედრების გამოსვენებას დროებით წყვეტენ იმის გამო, რომ მათი მიმართულებით „ჰამასის“ მებრძოლები კვლავ ისვრიან.

ამ დროისათვის მოხალისეთა ჯგუფმა ფესტივალის ტერიტორიიდან 162 ცხედრის გამოსვენება შეძლო. მათივე ცნობით, ტერორისტებმა ფესტივალზე, სულ მცირე, 260 ადამიანი მოკლეს.

ვიდეოზე აღბეჭდილია ფესტივალის ტერიტორია თავდასხმის შემდეგ:

„ჰამასის“ მებრძოლები მუსიკალურ ფესტივალს, ისრაელის ქალაქებთან ერთად, 7 ოქტომბერს, გამთენიისას დაესხნენ და განურჩევლად დაიწყეს ადამიანთა ხოცვა, ასევე, ღაზას მიმართულებით გაიტაცეს არაერთი ადამიანი. მუსიკალურ ფესტივალს, ჯამში, 3 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. ღონისძიება ისრაელში, ღაზას სექტორის სიახლოვეს იმართებოდა.

10:50 — ღაზას სექტორის მოსაზღვრე ქალაქ სდეროტში აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს, არის მსხვერპლი, თუმცა ჯერ რაოდენობა უცნობია. როგორც ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე შესვლისას დახოცილ ოჯახებს პოულობენ. ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას მოუწოდებენ, ჩაკეტონ სახლის კარები, მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილი იპოვონ და არავითარ შემთხვევაში არ გაუღონ კარები უცხო ადამიანებს.

10:30 — ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისინი 7-8 წერტილში ებრძვიან ღაზას სექტორიდან შეჭრილ ტერორისტებს.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვებრძვით. ვფიქრობდით, რომ ისრაელის ტერიტორიაზე სრული კონტროლი გუშინ გვექნებოდა. ვიმედოვნებ, რომ ეს დღის ბოლომდე შესრულდება“, — მედიას განუცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა რიჩარდ ჰექტმა.


ასევე ნახეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი