ახალი ამბები

“ჰამასი” ტყვეების დახოცვით იმუქრება ღაზაში ისრაელის საჰაერო დარტყმების პასუხად

9 ოქტომბერი, 2023 • 1762
“ჰამასი” ტყვეების დახოცვით იმუქრება ღაზაში ისრაელის საჰაერო დარტყმების პასუხად

ღაზის სექტორში მოქმედი ტერორისტული ისლამისტური დაჯგუფება “ჰამასი” ისრაელიდან გატაცებული ტყვეების სიკვდილით დასჯით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ღაზაში გაფრთხილების გარეშე დაბომბავს სამოქალაქო პირებით დასახლებულ შენობებს.

ამის შესახებ ნათქვამია “ჰამასის” გასამხედროებული ფრთის სპიკერის, “აბუ უბაიდას” მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

”ყველა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლის მიზანში ამოღება გაფრთხილების გარეშე, სამწუხაროდ, ნაპასუხევი იქნება ჩვენთან პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი ტყვის სიკვდილით დასჯით და იძულებულნი ვიქნებით, გავავრცელოთ სიკვდილით დასჯის [კადრები]”, — დასძენს ის.

თავის მხრივ, ისრაელის არმიის სპიკერი ამბობს, რომ არმიას ინფორმაცია აქვს ღაზაში გადაყვანილ ყველა ისრაელელ ტყვეზე.

მესამე დღეა, ისრაელი ღაზაში საჰაერო დარტყმებს ახორციელებს ისლამისტური “ჰამასის” შეტევის პასუხად, რომელიც 7 ოქტომბერს დაიწყო.

როგორც გამოცემა Times of israel წერს, ცნობების თანახმად, ისრაელის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა პარლამენტის წევრებს 9 ოქტომბერს, დღის დასაწყისში უთხრა, რომ ისრაელი ღაზაში, შენობების სახურავებზე, არ ყრიდა ე.წ. ცრუ ბომბებს — ხმაურის გამომწვევ ბომბებს, რომლებიც მოსახლეობის გასაფრთხილებლად გამოიყენება, რათა ობიექტის დაბომბვამდე იქაურობა დატოვონ.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში “ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 900-ს მიაღწია. აქედან 260 ადამიანი მუსიკალურ ფესტივალზე დახოცეს. რაც შეეხება ღაზას, იქ 600 ადამიანია მოკლული.

ამავე თემაზე:

თავდასხმა ისრაელზე, დღე 3 — განახლებადი

მასალების გადაბეჭდვის წესი