საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია არ იგეგმება, რადგან ისრაელიდან რეგულარული რეისები სრულდება.
„სრულდება რეგულარული რეისები, რითაც გამომგზვარების მსურველები სარგებლობენ. საელჩო ხაზზეა იქ მყოფ ქართველებთან და ყველა მათი საჭიროება დაცულია, იქნება ეს თავშესაფარი თუ სხვა. რაც შეეხება ფრენებთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გავრცელებული განცხადებით“, – განუცხადეს ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ადამიანთა ნაწილი ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ აკრიტიკებს. მათი თქმით, ავიაკომპანიამ თელ-ავივი-თბილისის რეისზე ბილეთის საფასური მნიშვნელოვნად გაზარდა — 300-დან 3 000-ლარამდე.
„უახლოეს რეისებზე ეკონომკლასის ყველა ბილეთი გაყიდულია და ზოგიერთ რეისზე დარჩენილია მხოლოდ ბიზნესკლასის ბილეთები, რომლის ღირებულებაც არასდროს ყოფილა 300 ლარი. ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული ფასი ბილეთებზე და არც ბოლო პერიოდში გაგვიზრდია არც ერთ მიმართულებაზე ღირებულება, ყველა რეისზე სხვადასხვა ფასია, დატვირთვიდან გამომდინარე. ერთი დღით ადრე ბილეთის ყიდვისას, შესაძლოა არა იაფიანი, არამედ საერთოდ აღარ იყოს ბილეთი, ამიტომ, გთხოვთ, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი“, — აცხადებს „ჯორჯიან ეარვეისი“.








