აღნიშნული მასალა 10 ოქტომბრის შემდეგ არ განახლდება. სიახლეების სანახავად გადადით ნეტგაზეთის მთავარ გვერდზე.
მოკლედ:
- ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათ სრულად აღადგინეს კონტროლი ღაზასთან საზღვარზე;
- ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლები 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ასეულობით ისრაელელი დახოცეს;
- ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 900-ს აჭარბებს, დაშავებულია 2400-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ეს არ არის საბოლოო მონაცემები;
- ისრაელის საპასუხო იერიშებს ღაზას სექტორში 600-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, თუმცა მსხვერპლის ზრდას აქაც ვარაუდობენ, რადგან ნანგრევებქვეშ ადამიანები მოყვნენ;
- გაეროში ისრაელის ელჩმა გილან ერდანმა CNN-ს განუცხადა, რომ „ჰამასის“ მებრძოლებმა 100-150 ზე ადამიანი გაიტაცეს ღაზას მიმართულებით;
- ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასს“ საბოლოოდ გაანადგურებს და ეს „მხოლოდ დასაწყისია“;
- ისრაელმა ღაზას სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია — გადაუკეტა გზები, წყალი, ელექტროენერგია, გაზი, საკვების მიწოდება.
ამ განახლებად მასალაში „ნეტგაზეთი“ 10 ოქტომბერს ისრაელში მიმდინარე მოვლენებს სანდო და გადამოწმებულ წყაროებზე დაყრდნობით გაგაცნობთ. ცნობების განსაახლებლად გადატვირთეთ [დაარეფრეშეთ] გვერდი.
23:50 – აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უახლოეს დღეებში ისრაელში ჩავა. CNN-ის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ინფორმაციის ადგილზე გაცნობა და იმის გარკვევაა, როგორ შეუძლია აშშ-ს ისრაელის უფრო აქტიური მხარდაჭერა.
“სახელმწიფო მდივანი მოუთმენლად ელის ისრაელის ხელისუფლების ლიდერებთან შეხვედრას იმ საუბრის გასაგრძელებლად, რომელიც პრეზიდენტს ჰქონდა მათთან”, – განაცხადა მეთიუ მილერმა, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა 10 ოქტომბერს.
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრეზიდენტს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სამშაბათს, 9 ოქტომბერს ესაუბრა. სატელეფონო საუბრის შემდეგ ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს, ისევე როგორც ნებისმიერ ერს მსოფლიოში, უფლება აქვს თავდასხმას უპასუხოს. მისივე თქმით, აშშ-ს მხარს დაუჭერს ისრაელს საკუთარ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაში.
23:00 – აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელის პრეზიდენტს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ესაუბრა. ვიდეო კონფერენციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს, ისევე როგორც ყველა ერს მსოფლიოში აქვს პასუხის გაცემის უფლება სამხედრო თავდასხმაზე და თუ ვინმეს ჰგონია, ისარგებლებს სიტუაციით, არ გამოუვათ.
“დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ისრაელს არ ამოეწურება შესაძლებლობები საკუთარი მოქალაქეების დასაცავად”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ის ესაუბრა ევროპელ კოლეგებსაც და განიხილა ერთობლივი მოქმედების გზები.
“შეიძლება ჩვენი გულები გატეხილია, მაგრამ ნათელია ჩვენი მიზანი. გუშინ მე ვესაუბრე საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს. ევროპელ მოკავშირეებთან ერთად განვიხილეთ კოორდინირებისა და ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობები”, – ამბობს ბაიდენი.
ბაიდენის თქმით ამერიკის მასშტაბით, ებრაელებით დასახლებულ ყველა რაიონში გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები.
“ვინმე ფიქრობს, რომ ისარგებლებს ამ სიტუაციით? – არა”. – ამბობს ბაიდენი.
22.30 – აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ესაუბრება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს. საუბრის ამსახველ ფოტოს ბაიდენი აქვეყნებს.
.@VP and I sat down with our teams to receive a situation update on the terrorist attack in Israel and to direct next steps.
We connected with Prime Minister Netanyahu to discuss coordination to support Israel, deter hostile actors, and protect innocent people. pic.twitter.com/u4xOHMeMqw
— President Biden (@POTUS) October 10, 2023
22: 18 – ბიბისის ცნობით, ჰამასმა დაადასტურა ღაზაში ორი მაღალჩინოსნის დაღუპვა. მანამდე ისრაელი აცხადებდა, რომ ღაზაში საჰაერო თავდასხმების დროს ჰამასის ორი მაღალი თანამდებობის პირი დაიღუპა.
20:20 – ისრაელის ყველა სკოლა კიდევ რამდენიმე დღე დახურული იქნება
ისრაელის თავდაცვის ძალების გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სკოლები რამდენიმე დღის განმავლობაში დახურული იქნება. შეზღუდვები კვლავ გრძელდება ბიზნესზე და შეკრებებზე.
“თაიმს ოფ ისრაელის” ცნობით, დაწესებული რეგულაციებით, ბიზნეს კომპანიებს ნეთანიას სამხრეთით და ცენტრალური ნეგევის ჩრდილოეთით შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულებს აქვთ წვდომა თავშესაფრებზე.
ასევე შეზღუდულია ღია ცის ქვეშ 10 ადამიანზე მეტის შეკრება, ხოლო დახურულ სივრცეში 50-ზე მეტი ადამიანის.
შეზღუდვები ძალაშია ხუთშაბათამდე, საღამოს 6 საათამდე, მაგრამ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაგრძელდება ბრძოლის ფონზე.
18:03 – საწვავითა და საკვებით დატვირთული ავტომობილები, რომლებიც ეგვიპტიდან ღაზას სექტორისკენ, რაფას გამშვები პუნქტის მიმართულებით მიდიოდნენ, უკან გაბრუნდნენ მას შემდეგ, რაც გამშვები პუნქტი ისრაელის ავიაციამ დაბომბა. ინფორმაციას ისრაელური მედიასაშუალება „თაიმს ოფ ისრაელ“ ავრცელებს.
ჯერ კიდევ დილით ისრაელი ღაზას სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდებდა, ღაზა ეგვიპტის მიმართულებით დაეტოვებინათ. მანამდე ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ღაზაზე სრულ ბლოკადას აწესებდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზა-ეგვისპტის საზღვარზე სავარაუდო მიწისქვეშა გვირაბები დაბომბეს, რომელსაც „ჰამასი“ ღაზაში იარაღის შესატანად იყენებდა, თუმცა არაფერი უთქვამთ უშუალოდ სასაზღვრო პუნქტის დაბომბვაზე.
ისრაელის ბლოკადის შემდეგ რაფა არის ერთადერთი ადგილი ღაზას მოსახლეობისთვის გარესამყაროსთან დასაკავშირებლად.
17:26 — ისრაელის არაბული პარტია „ერთიანი არაბული სიის“ ლიდერმა, პარლამენტარმა მანსურ აბასმა „ჰამასს“ ისრაელელი ტყვეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„ისლამური ღირებულებები გვასწავლის, რომ არ დავატყვევოთ ქალები, ბავშვები და მოხუცები. ეს არის ჰუმანიტარული ქმედება და დაუყონევბლივ უნდა განხორციელდეს“, — დაწერა აბასმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
17:05 — ისრაელელი სამართალდამცავების ცნობით, ქვეყნის სამხრეთით, ღაზას სექტორის სიახლოვეს, ერთ-ერთ კიბუცში თავდასხმიდან მეოთხე დღეს 30 გადარჩენილი იპოვეს.

გადარჩენილთაგან 16 ისრაელის მოქალაქეა, 14 — ტაილანდის. ისინი თავდასხმის მომენტში დაიმალნენ და გადარჩენა სწორედ ასე მოახერხეს.
17:01 — ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაზე საჰაერო თავდასხმისას მოკლეს პალესტინის ეკონომიკის მინისტრი.
16:57 — აშშ-ში ისრაელის საელჩოს ცნობით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „როისტერსი“ ავრცელებს.
ისრაელის მედიასაშუალება Haaretz-ის ცნობით კი კიბუც ბეერიში თავდასხმიდან 3 დღის შემდეგ ტერიტორია დეტალურად შეამოწმეს და დამატებით 108 ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც მედიასაშუალება იტყობინება, ამ კიბუცში (დახურული სასოფლო-სამეურნეო კომუნა) თავდამსხმელებმა მოსახლეობის 10% მოკლეს.
16:34 – საჰაერო განგაშის ხმა ისმის თელ-ავივში და ისრაელის სხვა ქალაქებში, წერს „თაიმს ოფ ისრაელ“.
16:31 – ჰამასის შეიარაღებული ბრიგადა ისრაელის ქალაქ აშკელონის (ღაზიდან 12 კმ-ში) მოსახლეობას სარაკეტო დარტყმის შესახებ აფრთხილებს და ადგილობრივი დროით ხუთ საათამდე ქალაქის დატოვების ბოლო ვადას აძლევს. მათი თქმით, ეს პასუხია ისრაელის დანაშაულებზე, წერს „ალ-ჯაზირა“.
16:29 – ეგვიპტემ გადაკეტა ღაზას სექტორიდან გადასასვლელი რაფას გამშვები პუნქტი, ისრაელის დაბომბვის გამო, წერს „ბი-ბი-სი“. რაფას პუნქტით ეგვიპტეში გადასვლა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლოთ, რომლებიც, სულ მცირე, ორი დღით ადრე ჩაეწერებოდნენ გადამსვლელთა სიაში. აღნიშნულ სიებს ღაზას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენს, თუმცა იმის გამო, რომ სამინისტროსა და სხვა უწყებების შენობები დაბომბვის შედეგად დანგრეულია, აღნიშნულ სიაში ამ დროისათვის ვერავის ამატებენ.
15:56 – ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ჰამენეი აცხადებს, რომ ირანი არ იყო ჩართული ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაში. თუმცა, თავად თავდასხმა ჰამენეიმ მოიწონა.
15:39 – ღაზას სექტორში დაღუპულტა რაოდენობა გაიზარდა 765-მდე, ხოლო დაშავებულია 4000 პირი, აცხადებენ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროში, წერს „სი-ენ-ენი“.
15:23 – „ჰამასის“ დაახლოებით 1500 მებრძოლის ცხედარი აღმოაჩინეს ისრაელში, შაბათის მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ, იტყობინება „სი-ენ-ენი“ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერზე დაყრდნობით.
14:58 – BBC-ის ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან ეგვიპტეში გადასასვლელი რაფას გამშვები პუნქტი ღიაა, თუმცა შეზღუდულად მუშაობს.
ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ღაზას სექტორს ამ დროისთვის გარესამყაროსთან აკავშირებს. ისრაელმა სრული ბლოკადა დაუწესა ტერიტორიას, სადაც 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ აკონტროლებს.
რაფას პუნქტით ეგვიპტეში გადასვლა მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებიც, სულ მცირე, ორი დღით ადრე ჩაეწერებიან გადამსვლელთა სიაში. აღნიშნულ სიებს ღაზას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენს, თუმცა იმის გამო, რომ სამინისტროსა და სხვა უწყებების შენობები დაბომბვის შედეგად დანგრეულია, აღნიშნულ სიაში ამ დროისათვის ვერავის ამატებენ.

13:30 — ისრაელის თავდაცვის ძალები გავრცელებული ხმების საპასუხოდ აცხადებს, რომ ჩრდილოეთიდან (ლიბანში ჰეზბოლას კონტროლირებადი ტერიტორიიდან) საჰაერო გზით ისრაელში არავინ შეჭრილა.
12:57 — გერმანული სააგენტო DPA ეგვიპტის ხელისუფლებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ეგვიპტემ დროებით დახურა რაფას სასაზღვრო პუნქტი, რომელიც ღაზას სექტორს ეგვიპტესთან აკავშირებს.
აღნიშნული პოსტი ღაზელებისთვის ერთადერთი გასასვლელია მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზას სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია.
12:29 – „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელმა ისმაილ ჰანიემ განაცხადა, რომ ისრაელის საომარი ოპერაციის დასრულებამდე ტყვეების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები არ გაიმართება.
ისრაელის ხელისუფლების ცნობით, „ჰამასმა“ 100-დან 150-მდე ადამიანი გაიტაცა.
12:14 — პალესტინის ადმინისტრაციის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მოსკოვს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას “მედუზა” ავრცელებს.
12:11 — გაეროს ბავშვის ფონდის (UNICEF) დირექტორი ქეთრინ რასელი ისრაელსა და ღაზას შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ომის დროს ყველაზე მეტად ბავშვები იტანჯებიან.

“შევახსენებ ყველა მხარეს, რომ ამ ომში, ისევე როგორც ყველა ომში უპირველესად და ყველაზე მეტად იტანჯებიან ბავშვები…
მე ასევე ძალიან ვარ შეშფოთებული ღაზას სექტორისთვის საკვებისა, ელექტროენერგიის, წყლისა და საწვავის მიწოდების შეწყვეტის გამო, რამაც ბავშვების სიცოცხლე შესაძლოა, რისკის ქვეშ დააყენოს“, — თქვა რასელმა.
მან ასევე მოუწოდა „ჰამასს“, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დატყვევებული ისრაელელი ბავშვები.
11:42 – BBC-ის ახალი ამბების ჟურნალისტი რუშდი აბუ ალუფი იხსენებს, რომ გასული ღამე იყო ყველაზე მძიმე ბოლო 20 წლის განმავლობაში — ის სწორედ ამდენი წელია აშუქებს ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენებს:
„მთელი ღამის განმავლობაში მასიური შეტევა იყო, მე თავად ქალაქ ღაზაში ვიყავი, სადაც შენობების უმრავლესობა დანგრეულია. მთელი ღამის განმავლობაში იყო აფეთქების საშინელი ხმები, აფეთქებები ცაში, კვამლისა და ცეცხლის სვეტები. ვცხოვრობ შენობაში, სადაც 20 ოჯახია. ბავშვები მთელი ღამე ტიროდნენ და არავის ეძინა.
20 წელია, აქაურ ამბებს ვაშუქებ და გასული ღამე ყველაზე მძიმე იყო. დილით მოვახერხე გარეთ გამოსვლა. ნანგრევებს შორის მივდიოდი. მთელი უბნები და შენობები მიწასთანაა გასწორებული.
დანგრეულია მთავრობისა და უნივერსიტეტის შენობები, ინფრასტრუქტურა, მეჩეთი, პოლიციის სადგური. ზოგი შენობა ვიცანი, თუმცა ნაწილი ისეა დანგრეული, რომ ცნობა შეუძლებელია.“

11:23 — გაეროს ცნობით, 180 ათასმა ღაზელმა დატოვა თავისი საცხოვრებელი ადგილი, მათგან 137 500-მა თავი ღაზაშივე მდებარე გაეროს სკოლებს შეაფარა. ამ დროის მონაცემებით, მშვიდობიან მოსახლეობას ღაზას სექტორის დატოვება არ შეუძლია ისრაელის სრული ბლოკადის გამო.
ბოლო მონაცემებით, შეზღუდულად მუშაობს ეგვიპტის მიმართულებით ერთ-ერთ გასასვლელი. როგორც BBC იტყობინება, რაფას გამშვებ პუნქტზე დღეში მხოლოდ 400 ადამიანს უშვებენ, ისიც ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ.
ისრაელი ღაზას სექტორს 7 ოქტომბრის შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს. როგორც ის აცხადებს, მიზანი „ჰამასის“ განადგურებაა, რომელიც ამ სექტორს მართავს.

11:02 — ისრაელური მედიასაშუალება Haaretz–ის ცნობით, ისრაელის პოლიციის კიბერგანყოფილება Lahav 433-მა კრიპტოვალუტის იმ ანგარიშების გაყინვა მოახერხა, რომელიც „ჰამასს“ ეკუთვნოდა. ტერორისტულმა დაჯგუფებმა სოციალური ქსელებით დაიწყო დონაციის შეგროვება მას შემდეგ, რაც ისრაელში შეიჭრა.
როგორც Haaretz წერს, Lahav 433-მა ანგარიშების დახურვა შეძლო ისრაელის სხვადასხა სპეცსამსახურის დახმარებით. ისრაელს „ჰამასის“ კრიპტოვალუტის ანგარიშების მიკვლევასა და დახურვაში დაეხმარა კრიპტოვალუტის პლატფორმა Binance.
გარდა კრიპტოვალუტის ანგარიშებისა, ბირტანეთის პოლიციასთან თანამშრომლობით, დახურულია ანგარიშები ბერკლის ბანკში.
10:28 — ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ სამხედროებმა სრულად აღიდგინეს ღაზა-ისრაელის საზღვარზე კონტროლი და შესაბამისად, ბოლო დღის განმავლობაში ამ საზღვრის გარეთ არც ერთი ტერორისტი არ გადმოსულა ღაზადან.
მისივე ცნობით, ღობის ის ნაწილები, რომელიც „ჰამასის“ მებრძოლებმა გაარღვიეს, ისრაელის არმიამ დანაღმა, რათა თავიდან აიცილოს განმეორებითი შემოჭრა.
ისრაელის თავდაცვის ძალები ვარაუდობენ, რომ ტერორისთა მცირე ნაწილი შეიძლება ამ დრომდე რჩებოდეს და იმალებოდეს ისრაელის ტერიტორიაზე.
10:05 — ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისრაელში 18 ტაილანდელის სიკვდილი დადასტურდა. გარდა ამისა, „ჰამასის“ მიერ გატაცებულთა შორის 10-ზე მეტი ტაილანდელია.
ისრაელში ტაილანდის, დაახლოებით, 50 ათასი მოქალაქე მუშაობს, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სფეროში. მათგან 5 ათასი უშუალოდ ღაზას სექტორის სიახლოვეს იყო იმ მომენტში, როცა ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელში შეიჭრა და ასეულობით ადამიანი მოკლა.
მოკლულთა შორის არიან დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, არგენტინისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
სხვა დღეების მოვლენათა ქრონოლოგიის სანახავად გადადით შემდეგ ბმულებზე:
