ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ მისი ორგანიზაციისთვის სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდების შესახებ „ფეისბუქიდან“ გაიგო. უწყების ბრალდებებს მელაძე უარყოფს.
„ნეტგაზეთთან“ საუბარში მან აღნიშნა, რომ სუსიდან მას დაკითხვისთვის ან სხვა საგამოძიებო პროცედურისთვის არავინ დაჰკავშირებია. უწყების ქმედებებს იგი „რუსული პროპაგანდის კოპირებად“ აფასებს და მიიჩნევს, რომ „კანვას საქართველოს“ შეთქმულთა რიგში მოხვედრა, – „ძალიან მოულოდნელი ამბავი“, – ორგანიზაციის საქმიანობასთანაა დაკავშირებული. თუმცა მელაძე აღნიშნავს, რომ „დაშინების მცდელობის მიუხედავად“, ორგანიზაცია მაინც განაგრძობს საქმიანობას – მოქალაქეებისთვის თვითორგანიზებაში დახმარებას და ცოდნის გავრცელებას.
„პირდაპირ ვუკავშირებ [სუს-ის განცხადებას] რუსულ პროპაგანდას. რამდენიმე მესიჯი ჰქონდათ – ახსენეს ევრომაიდანი, რევოლუცია. ჩემი აზრით, ეს არის რუსული პროპაგანდის კოპირება და მექანიკურად გავრცელება.
ჩვენი ორგანიზაცია კი ავრცელებს ცოდნას სამოქალაქო კამპანიის შესახებ. სამოქალაქო კამპანია არის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი. ჩვენი ორგანიზაცია ასწავლის ხალხს, როგორ აკეთონ ყველაფერი ეფექტურად. ესაა მთავარი, რატომაც ორგანიზაცია მოხვდა სუს-ის სათაურებში“, – გვითხრა მან.
სახელმწიფო გადატრიალების მორიგი შეთქმულება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მორიგ ჯერზე გამოაქვეყნა განცხადება სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების შესახებ. უწყების განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება, უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.
ოქტომბერ-დეკემბერი, სუს-ის თქმით, შერჩეულია იმიტომ, რომ უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება-არმონიჭების საკითხი და შეთქმულების გეგმები გათვლილია იმაზე, რომ საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს.