საზოგადოება

ვინ არის სებ-ის საბჭოს 2 ახალი წევრი

21 სექტემბერი, 2023 • 2560
ვინ არის სებ-ის საბჭოს 2 ახალი წევრი

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოდან 3 წევრის წასვლის შემდეგ, 21 სექტემბერს, პარლამენტმა აღნიშნული საბჭოს 2 ახალი წევრი — ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი — აირჩია.

ვინ არიან ისინი?

ნანა ყეინიშვილი

ნანა ყეინიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი იყო “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში. ის მმართველ გუნდს წარმოადგენდა.

1962 წელს დაბადებულმა ყეინიშვილმა 1986 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და პირველადი გადამუშავების ტექნოლოგის სპეციალობით.

2004-2005 წლებში ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლობდა, 2005 წელს კი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გახდა.

1987-1993 წლებში ის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამეცნიერო კათედრის სპეციალისტი იყო, 1993-2001 წლებში — შპს “მურომეცის” დირექტორი, 2001-2012 წლებში — საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, 2008-2012 წლებში კი — სააქციო საზოგადოება “ავიტან-კორის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

ნანა ყეინიშვილი საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო “ქართული ოცნებიდან”, 2012-2016 წლებში. 2013 წელს ერთ-ერთ საპარლამენტო სხდომაზე მან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს მიმართა:

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი, საქართველოს ხსნა. თუ არა ის, ჩვენ ისევ ვიქნებოდით იმ კლანჭებში, რომელსაც 9 წელი თქვენი მმართველობის პერიოდი ერქვა, როცა მთელი საქართველო იყო ციხეში ჩამწყვდეული, ოღონდ ზოგი — გისოსებს შიგნით, ზოგიც — გისოსებს გარეთ”.

ყეინიშვილმა მმართველი პარტია 2016 წელს დატოვა, რის მიზეზადაც პარტიაში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრების შესვლა დაასახელა.

“ოცნებიდან” წასვლის შემდეგ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ყეინიშვილმა “ჩვენები-სახალხო პარტიის” სახელით იყარა კენჭი თავის მეუღლესთან, ურუზმაგ ქარქუსოვთან ერთად. “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” ცნობით და საჯარო რეესტრის მიხედვით, იმავე წელს ქარქუსოვი “ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

“პრიმაკოვის ფონდი” 2013 წლის 21 აგვისტოს “საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა” და “გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა” დააფუძნა. “გორჩაკოვის ფონდი” 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.

მანამდე, წინა ხელისუფლების დროს, ქარქუსოვი საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ალტერნატიული მთავრობის პრემიერ-მინისტრი იყო. 2007 წლიდან ის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზეც მუშაობდა. ქარქუსოვი თანამდებობიდან 2010 წელს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდებოდა.

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში თანამდებობები ეკავათ ნანა ყეინიშვილის მაზლებსაც — ჯემალ და იანიკ ქარქუსოვებს. პირველი მათგანი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მეორე კი — ადმინისტრაციის მეთაურის მრჩეველი. აგვისტოს ომის შემდეგ ორივე მათგანმა დატოვა საქართველო.

2012 წელს, იმ მოწვევის პარლამენტმა, რომლის წევრიც ყეინიშვილი იყო, მის ორივე მაზლს პოლიტდევნილის სტატუსი მიანიჭა.

მაშინ ყეინიშვილი აღნიშნავდა, რომ მისი ოჯახის წევრები 2008 წლის ომის წინააღმდეგნი იყვნენ, მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და საქართველოდან არათუ გაიქცნენ, არამედ “პროტესტის ნიშნად წავიდნენ”. ყეინიშვილი ასევე აცხადებდა, რომ მისი მაზლები 2012 წლის მდგომარეობით რუსეთის ქალაქ ვლადიკავკაზში იმყოფებოდნენ და მათი გადასაწყვეტი იყო, დაბრუნდებოდნენ თუ არა ქვეყანაში.

იმავე მოწვევის პარლამენტმა განიხილა წინა ხელისუფლების დროს დაპატიმრებული ზაზა ყეინიშვილის საკითხიც, რომელიც ნანა ყეინიშვილის ძმაა. მას პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა.

ყოფილი დეპუტატის CV-ის მიხედვით, დღეის მდგომარეობით ნანა ყეინიშვილი 5 სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორია.

თეიმურაზ ხომერიკი

1978 წელს დაბადებულმა თეიმურაზ ხომერიკმა 1995 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით. 2005 წელს ტოკიოს პოლიტიკურ სწავლებათა უმაღლეს ინსტიტუტში საჯარო ფინანსების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

CV-ის მიხედვით, კიდევ ერთი სამაგისტრო პროგრამა, განვითარების პოლიტიკისა და პრაქტიკის საკითხებში, ხომერიკმა ჟენევაში, საერთაშორისო და განვითარების სწავლებათა უმაღლეს ინსტიტუტში გაიარა.

2008-2015 წლებში ხომერიკი მოწვეული ლექტორი იყო საქართველოს უნივერსიტეტში, თსუ-სა და კავკასიის საჯარო ადმინისტრაციის სკოლაში. ის ეკონომიკის, საჯარო ფინანსების, ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით კითხულობდა ლექციებს.

სხვადასხვა დროს თეიმურაზ ხომერიკი საქმიანობდა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში ისევე, როგორც პოლონეთის რეგიონული განვითარების სამინისტროსა და საქართველოს “რეგიონული განვითარების პროფესიულ ქსელში”.

ამჟამად ხომერიკი განვითარების პროგრამების კოორდინატორად საქმიანობს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ოფისში.

გადადგომების სერია ეროვნულ ბანკში

20 სექტემბერს ეროვნული ბანკის საბჭო სამმა წევრმა დატოვა. მათთან ერთად თანამდებობიდან გადადგა ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი.

ეროვნული ბანკიდან კადრების გადინებას წინ უძღოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესის შეცვლა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მა ყოფილი გენ. პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

ფარცხალაძეს ხსენებული თანამდებობა “ქართული ოცნების” მმართველობის დროს ეკავა. ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ცვლილებით, სანქცირებულ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეუნარჩუნდებოდა.

ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება კონსტიტუციურია და ის ფარცხალაძის დასაცავად არ მიუღიათ, რასაც კრიტიკოსები არ ეთანხმებიან. მათ შორისაა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თურნავას მოუწოდა, თანამდებობა დატოვოს, რადგან ამ უკანასკნელმა “ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა”.

ვნებათაღელვის ფონზე, 20 სექტემბრის საღამოს, იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.

“შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან”, — დასძენდა უწყება.

როგორ აირჩიეს სებ-ის საბჭოს ახალი წევრები

ყეინიშვილისა და ხომერიკის კანდიდატურები პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტს გასულ კვირას წარუდგინა, თუმცა 21 სექტემბერს, საკომიტეტო განხილვისას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად მის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენაზე უარს ამბობდა. მიზეზად მან ეროვნული ბანკის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია დაასახელა.

„როცა არ არის ნათელი, საქართველოს ეროვნული ბანკი ქართველ ხალხს თუ კონკრეტულ პირებს ემსახურება, პრეზიდენტს ამ ვითარებაში არ მიაჩნია, რომ  წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები. შესაბამისად, კანდიდატებიც არ არიან კომიტეტზე წარმოდგენილი“, – განაცხადა გიორგი მსხალაძემ.

კომიტეტზე გასაუბრებაზე არც ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი გამოცხადებულან.

თუმცა, როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, კანდიდატურები უკვე წარდგენილი იყო და მათი უკან გაწვევის მექანიზმს კანონი არ ითვალისწინებს.

კომიტეტზე ზემოხსენებულ კანდიდატურებს კენჭი უყარეს, თუმცა მხარი არ დაუჭირეს. დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ თქვა, რომ პრეზიდენტმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები „ოცნებასთან“ კონსულტაციის გარეშე წარადგინა და ამის გამო მმართველი გუნდი მათ მხარდაჭერას ისედაც არ აპირებდა.

თუმცა, კანდიდატურების ჩაგდებას, შესაძლოა, კრიზისი შეექმნა ეროვნულ ბანკში, ვინაიდან წინა დღეს საბჭოს სამი წევრი გადადგა. იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო 2 თვეში სებ-ის საბჭოში მინიმუმ 1 წევრი მაინც არ აირჩეოდა, საბჭო ქმედითუუნარო გახდებოდა.

ამ ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობა შეჯერდა, რომ პლენარულ სხდომაზე ორივე კანდიდატურისთვის დაეჭირა მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი