საზოგადოება

პარლამენტმა სებ-ის საბჭოში პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატები მაინც აირჩია

21 სექტემბერი, 2023 •
პარლამენტმა სებ-ის საბჭოში პრეზიდენტის წარდგენილი კანდიდატები მაინც აირჩია

პრეზიდენტის უარის მიუხედავად, პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. კენჭისყრა  პარლამენტის პლენარული სხდომაზე დღეს, 21 სექტემბერს, გაიმართა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კენჭისყრამდე თქვა, მათ ჰქონდათ ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის წერილობითი თანხმობა.

აღნიშნული კანდიდატები პრეზიდენტმა პარლამენტს გასულ კვირას წარუდგინა, თუმცა დღეს, საკომიტეტო განხილვისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად მის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენაზე უარს ამბობდა. მიზეზად კი ეროვნული ბანკის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია დაასახელა.

„როცა არ არის ნათელი, საქართველოს ეროვნული ბანკი ქართველ ხალხს თუ კონკრეტულ პირებს ემსახურება, პრეზიდენტს ამ ვითარებაში არ მიაჩნია, რომ  წარმოადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები. შესაბამისად, კანდიდატებიც არ არიან კომიტეტზე წარმოდგენილი“, – განაცხადა გიორგი მსხალაძემ.

კომიტეტზე გასაუბრებაზე არც ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი გამოცხადებულან.

თუმცა, როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, კანდიდატურები უკვე წარდგენილია და მათი უკან გაწვევის მექანიზმს კანონი არ ითვალისწინებს.

საბოლოოდ კომიტეტმა აღნიშნულ კანდიდატებს კენჭი მაინც უყარა, თუმცა მხარი არ დაუჭირა.  კომიტეტზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება კანდიდატურების არწარდგენაზე გააკრიტიკეს მმართველი გუნდის დეპუტატებმა. დეპუტატ ირაკლი ზარქუას თქმით, პრეზიდენტმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები „ოცნებასთან“ კონსულტაციის გარეშე წარადგინა და ამის გამო მმართველი გუნდი მათ მხარდაჭერას არც აპირებდა.

პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა, რომ ეროვნულ ბანკში კრიზისი შეექმნა, ვინაიდან 20 სექტემბერს, დღის განმავლობაში, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა. იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო 2 თვეში სებ-ის საბჭოში მინიმუმ 1 წევრი მაინც არ აირჩეოდა, საბჭო ქმედითუუნარო გახდებოდა. რადგან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები.

ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისაგან შედგება, თუმცა ამჟამად საბჭოში 7 წევრია, იმ წევრების ჩათვლით, რომელთაც გადადგომის შესახებ განაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ გადადგომაზე განცხადება 20 სექტემბერს დაწერეს, ისინი თანამდებობაზე კიდევ 2 თვე დარჩებიან, რადგან ამას კანონი ითვალისწინებს.

შესაბამისად, თუ 2 თვის ვადაში ეროვნული ბანკის საბჭო ახალი წევრებით მინიმუმ 5-მდე არ შეივსებოდა, მაშინ სებ-ის საბჭო უფლებამოსილებას დაკარგავდა, რადგან საბჭოში 4 წევრი დარჩებოდა.


ეროვნული ბანკიდან კადრების გადინებას წინ უძღოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციათა აღსრულების წესის შეცვლა. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა და ბანკებს აუკრძალა სანქციების აღსრულება საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ადგილობრივი სასამართლოების ძალაში შესული განაჩენი არ არის დამდგარი.

რამდენიმე ბანკმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ ისინი დარჩებიან საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კი თქვა, რომ ბანკებს არ აქვთ უფლება არ დაემორჩილონ რეგულატორის მიერ დაწესებულ წესებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი