საზოგადოება

სტიქია შოვში: ვინ არიან დაღუპულები

7 აგვისტო, 2023 • 7817
სტიქია შოვში: ვინ არიან დაღუპულები

შოვში დაკარგულ და დაღუპულ მოქალაქეებს კვლავ ეძებენ. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართულნი არიან როგორც მაშველები, ასევე, სამხედროები და მოქალაქეები.

ამ დროისთვის ნაპოვნია 18 დაღუპული, დანარჩენების ძიება კი კვლავ მიმდინარეობს – როგორც ვერტმფრენის, ასევე ცოცხალი ძალის მეშვეობით.

7 აგვისტოს  ოფიციალური ინფორმაციით, 18 დაღუპულიდან 14 უკვე იდენტიფიცირებულია. სხვადასხვა ცნობით, დანიშნულია დამატებით დნმ ექსპერტიზებიც.

განახლება, 8 აგვისტო: ოფიციალური ცნობებით, ნაპოვნია 19 ცხედარი, რომელთაგან ამოცნობილია 16. ამოცნობილთა შორის არიან:

ლუკა დუდაშვილი

ლუკა დუდაშვილი

დაღუპულებს შორის ერთ-ერთი 7 წლის ლუკაა. ოჯახის წევრებმა ბავშვი 6 აგვისტოს ამოიცნეს. ლუკას მამა, გიორგი დუდაშვილი საზოგადოებამ სტიქიის პირველივე დღეს გაიცნო. გიორგი დუდაშვილი მედიასთან აცხადებდა, რომ ცოლსა და სამ მცირეწლოვან შვილს ეძებდა.

სამირა ისაევა

სამირა ისაევა

შოვში დაღუპულებს შორის არის 18 წლის სამირაც. გოგო შოვში მეზობლებთან ერთად 25 ივლისიდან ისვენებდა. ოჯახთან ბოლო კონტაქტზე კი 2 აგვისტოს გავიდა.

დავით ბერიაშვილი

დავით ბერიაშვილი

სტიქიას შოვში ემსხვერპლა დავით ბერიაშვილიც, რომელიც კურორტზე მეგობრებთან, გიორგი და სოფო ყარალაშვილებთან ერთად წავიდა. ის ოჯახმა 5 აგვისტოს ამოიცნო;

ალინა პოლიკოვსკა

ალინა პოლიკოვსკა და ზაზა მესხი ბავშვებთან ერთად

შოვში დაიღუპა უკრაინელი ჟურნალისტი ალინა პოლიკოვსკა. ის ქმართან, ზაზა მესხთან და სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად შოვში ისვენებდა. როგორც ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე იუწყება, მისი ოჯახის სხვა წევრების ძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

გიორგი ყარალაშვილი

გიორგი ყარალაშვილი

მეგობრების ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ასევე იპოვეს გიორგი ყარალაშვილიც. მის დას, სოფო ყარალაშვილს ჯერ კიდევ ეძებენ. ამასთანავე, ოჯახთან დაახლოებული პირები იუწყებიან, რომ ჯერჯერობით ელოდებიან დნმ-ის ტესტის პასუხებს . 

გიორგი გოგინაშვილი

გიორგი გოგინაშვილი

შოვში დაღუპული იპოვეს გიორგი გოგინაშვილიც. ახალგაზრდა კაცი 2 შვილის მამაა.

ქსენია ტრიჩევა

ქსენია ტრიჩევა

შოვში მეწყერს ემსხვერპლა რუსეთის მოქალაქე, ქსენია ტრიჩევაც. როგორც შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია წერს, 31 წლის ქალი მეგობარმა ამოიცნო.

მეგი და გიგი გუტაშვილები

მეგი და გიგი გუტაშვილები

შოვში გარდაცვლილი იპოვეს და-ძმა –  მეგი გუტაშვილი და გიგი გუტაშვილი. ჯერ კიდევ 3 აგვისტოს, მეგისა და გიგის და, მარიტა გუტაშვილი ამბობდა, რომ სტიქიის ზონაში ოჯახის 9 წევრს ეძებდა. უკვე შემდგომ მარიტა ინტერვიუებში ამბობდა, რომ  შესაძლებელი იყო ამ ტრაგედიის აშორება, ყოველწლიურად რომ ხდებოდეს მთის და მდინარეების მდგომარეობაზე დაკვირვება და შესწავლა  და დამონტაჟებული იყოს წინასწარი შეტყობინების სისტემები.

ნინო კენჭაძე 

ნინო კენჭაძე

დაღუპულთა შორის არის ნინო კენჭაძეც, რომელიც შოვში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას ნინოს ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ. მასთან მყოფ ორ მეგობარს მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ.

მარიამ მაისურაძე და შორენა ბიჭაშვილი 

მარიამ მაისურაძე

დედა-შვილის – მარიამ მაირუსაძის და შორენა ბიჭაშვილის დაღუპვის შესახებ ცნობა გოგოს მამამ, დავით მაისურაძემ დაადასტურა. „ინფო რუსთავთან“ ინტერვიუში ის აცხადებს:

“ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლეს დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი რომ ჩემია. ასე, რომ ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს”,.

გენადი სულთანიშვილი

გენადი სულთანიშვილი. ფოტო: მთის ამბები

შოვში სტიქიას ემსხვერპლა რაჭის ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენადი სულთანიშვილიც. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ოჯახის წევრი, მამუკა ცერცვაძე ადასტურებს ადასტურებს.

გენადი სულთანიშვილი სოფელ გლოლის მკვიდრი იყო, ანსამბლის გარდა, ის შოვში კოტეჯებთან არსებული სასადილოს შეფზარეული იყო. ოჯახი ამბობდა, რომ 3 აგვისტოს ის სწორედ კოტეჯებთან იმყოფებოდა – სტიქიის ეპიცენტრში.


3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეხუთე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 18 გარდაცვლილის შესახებ, კვლავ მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოებიც.

თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან „ნეტგაზეთის“ განახლებად მასალაში:

თუ გაქვთ ინფორმაცია დაღუპულების ან დაკარგულების შესახებ, გთხოვთ, მოგვწერეთ ნეტგაზეთის ფეისბუკის გვერდზე, ან ემაილზე: netgazeti.ge@gmail.com

მასალების გადაბეჭდვის წესი