შოვში სტიქიის ზონაში 18 წლის სამირა ისაევას ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ სამირას ძმამ „ინფო რუსთავს“ მიაწოდა. გარდაცვლილის ძმის თქმით, ახალგაზრდა ქალი დღეს დილას მამამ ამოიცნო.
სამირა ისაევა შოვში მეზობლებთან ერთად დასასვენებლად 25 ივლისიდან იმყოფებოდა. ოჯახთან ბოლო კონტაქტი კი 2 აგვისტოს შედგა.
„ბოლოს 2 აგვისტოს ვესაუბრეთ. მამისონში ჰქონდათ კოტეჯები ნაქირავები, ვიდეოთვალით ველაპარაკებოდი და დაგვათვალიერებინა იქაურობა, აქ ვრჩებითო, მითხრა. ორი კვირით იყვნენ წასული და შემდეგ ბათუმში აპირებდნენ წასვლას.
2 აგვისტოს შემდეგ კი ვეღარ ვუკავშირდებით.ჩემს დასთან ერთად იყვნენ ჩემი მეზობლები. სულ ოთხნი იყვნენ წასული და ვერცერთს ვერ ვუკავშირდებით“-ამბობდა სამირას ძმა, ისკანდერ ისაევი „ბათუმელებთან“ საუბრისას.
რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეოთხე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან, დავით ბერიაშვილი გიორგი გოგინაშვილი, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკასია და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მაშველები 17 ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.








