საზოგადოება

რა ვიცით სტიქიაზე შოვში [3-10 აგვისტოს ქრონოლოგია]

4 აგვისტო, 2023 • 16198
რა ვიცით სტიქიაზე შოვში [3-10 აგვისტოს ქრონოლოგია]

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.  3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.

10 აგვისტოს 13 საათის მონაცემებით, სტიქიის ზონაში 21 ცხედარი იპოვეს, ეძებენ 12 ადამიანს.

ამ სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ მოვლენათა ქრონოლოგიას 3-დან 10 აგვისტომდე. ეს სტატია არ განახლდება. ნებისმიერი სიახლის გასაცნობად გადადით ნეტგაზეთის მთავარ გვერდზე. 


„ძებნა გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს მცირე შანსიც, რომ გარდაცვლილი ვიპოვოთ“ — მღებრიშვილი

10 აგვისტო 12:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ შოვში სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, სანამ იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ მაშველები გარდაცვლილთა ცხედრებს, ან მათ ფრაგმენტებს იპოვიან:

„ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება კეთდებოდეს კონკრეტულ სტიქიური უბედურების ზონებში, თუმცა, პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, გადაწყვეტილებით სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი, რომ გარდაცვლილი იქნეს ნანახი ან რაიმე სახის ფრაგმენტი,“ — ამბობს თემურ მღებრიშვილი.


ბუბისწყლის ხეობაში 500 000 მ³ კლდეზვავური მასა ჩამოიშალა – გარემოს ეროვნულ სააგენტო

9 აგვისტო 20:00

გარემოს ეროვნული სააგენტო სატელიტური მონაცემების საფუძველზე აცხადებს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასა ჩამოიშალა.

სააგენტოს განმარტებით, კლდეზვავის ჩამოშლის შედეგად მოწყდა დაახლოებით 62 ჰა-ზე გაშლილი მყინვარული მასა, რამაც მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება გამოიწვია. მათივე განცხადებით, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები წყლის მოცულობის დადგენასთან დაკავშირებით.

როგორც სააგენტო აცხადებს, მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, ადასტურებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, მათ პირველად დასკვნაში მოცემული შეფასებებს, შოვში მომხდარი სტიქიის კომპლექსურობასა და მისი პროგნოზირების შეუძლებლობაზე.


ენმ შოვში მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

9 აგვისტო 15:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შოვში მომხდართან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

ამის შესახებ ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ დღეს, 9 აგვისტოს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, დღეს, როდესაც მსხვერპლი დღითიდღე იზრდება, ორი მთავარი კითხვა არსებობს: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.


სტიქიის ზონაში მოზარდის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რიცხვი 21-მე გაიზარდა

9 აგვისტო 14:00

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. მღებრიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის 21 დაღუპულია ნაპოვნი, 12 ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.


მოხალისეების ჩართულობის აუცილებლობა არ იყო – პაპუაშვილი შოვზე

9 აგვისტო 12:30

9 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ სტიქიის ადგილას მოხალისეების საჭიროება არ არსებობდა.

მისი თქმით,  შოვში დახმარების მსურველ მოხალისეთა სხვადასხვა აქციის მიზანი იყო იმ აღქმის ჩამოყალიბება, რომ თითქოს ხელისუფლება საკმარისად არ ზრუნავს დაზარალებულებზე.


შოვში კიდევ ერთი, მე-20 ადამიანის ცხედარი იპოვეს

9 აგვისტო 11:00

შოვში სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ამჟამად მაშველები 13 ადამიანს ეძებენ.


თბილისში ნაპოვნი პირი შოვში დაკარგულთა სიაში შეცდომით აღმოჩნდა – ქარსელაძე

8 აგვისტო 23:30

მოქალაქე, რომელიც შოვში დაკარგულთა სიაში ირიცხებოდა და პოლიციამ დღეს იპოვა, შოვში საერთოდ არ ყოფილა, ხოლო სიაში სახელი და გვარი არასწორად იყო შეყვანილი, განმარტა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

დღეს, 8 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ თბილისში მიაკვლია მოქალაქეს, რომელიც შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაკარგულთა სიაში იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, „იყო კითხვები“, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა ეს პირი შოვში, მეწყრის ჩამოწოლისას.


თბილისშია მოქალაქე, რომელიც შოვში დაკარგულად ითვლებოდა – მღებრიშვილი

8 აგვისტო 22:30

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, თბილისში იპოვეს მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაკარგულთა სიაში ირიცხებოდა. თუმცა, მღებრიშვილის თქმითვე, „კითხვები არსებობს“ იმასთან დაკავშირებით, მართლაც იმყოფებოდა თუ არა ბიბილეიშვილი სტიქიის ზონაში.


არ მგონია, რომ დაუყოვნებლივ რეაგირებას გავლენა ჰქონოდა – სარჯველაძე შოვის სტიქიაზე

8 აგვისტო 19:00

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმდჯომარეის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არ ჰგონია, რომ შოვში სტიქიის პირველივე წუთებში სამაშველო სასმსახურების რეაგირებას დამდგარ შედეგზე გავლენა ჰქონოდა.

„ვინც უშუალოდ არ დაფარულა, ყველა გადარჩა. იქ ხომ არცერთი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელიც, მაგალიათად, რამდენიმე საათის მოგვიანებით შეიძლება აღმოჩენილიყო დაღუპული და ა.შ. გულწრფელად რომ გითხრათ, ვერ ვხედავ ახსნას, როგორ შეიძლება ეს არგუმენტირებული იყოს, რომ მაგალითად, 15 წუთში დაიწყებდი ძებნას თუ 1 საათში, იმ მასის გათვალისწინებით, ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონოდეს პერსპექტივების თვალსაზრისით. ვინც იმ წუთას ადგილას, სადაც ამ მასამ არ დაფარა, ისეთი ადამიანი გადარჩა. რომ გვქონოდა შემთხვევა, რომ მასა მატულობდა დროთა განმავლობაში და ა.შ. ანუ მომენტალურად რაც არ ჩამოწვა, ამ შემთხვევაში აზრი ექნებოდა ამ ლაპარაკს. იქ რაც მოხდა იმ წუთებში, არ მგონია, რომ დაუყოვნებლივ რეაგირებას გავლენა ჰქონოდა რომელიმე ადამიანის [გადარჩენაზე]“, – განაცხადა სარჯველაძემ.


ანა დოლიძე შოვში მომხდარზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

8 აგვისტო 17:20

პარტიის  „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე შოვში მომხდართან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით განცხადება ანა დოლიძემ დღეს, 8 აგვისტოს, პარლამენტთან გააკეთა.

დოლიძის თქმით, შოვის შემთხვევა ორ ნაწილად იყოფა და აუცილებლად უნდა დადგეს როგორც სამართლებრივი პასუხისმგებლობა სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით, ასევე,პოლიტიკური პასუხისმგებლობაც.


დავითაშვილი ადრეული გაფრთხილების სისტემებზე 2018 წლის განცხადებას განმარტავს

8 აგვისტო 17:00

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ეხმაურება 2018 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა უნდა შექმნილიყო.

შოვში მომხდარი სტიქიის ფონზე დავითაშვილის 2018 წლის განცხადება განხილვის თემა გახდა, რასაც მინისტრი „სპეკულაციასა და პოლიტიკური ქულების დაწერის“ მცდელობად აფასებს.

დავითაშვილი შოვში მომხადარი სტიქიის ფონზე „შეუსაბამოდ“ მიიჩნევს ადრეული გაფრთხილების სისტემებთან დაკავშირებით მისი ძველი განცხადების გახსენებას.

მინისტრის მტკიცებით, 2018 წლის შემდეგ გარემოს დაცვის შესაძლებლობები გაუმჯობესებულია, თუმცა ის, რაც შოვში მოხდა, გარდაუვალი იქნებოდა, რაც არ უნდა „სისტემები გააკეთებინათ“.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში, მდინარის კალაპოტში ქალის ცხედარი და ასევე, ადამიანის სხეულის ნაწილი იპოვეს

8 აგვისტო 12:15

„მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი ასევე ნანახია ადამიანის ფრაგმენტი, ცალკეული კიდევ. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე სადაც აღმოჩენილია ეს ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი და მიმდინარეობს ამ ეტაპზე კონკრეტულ ლოკაციებზე მეტი მობილიზაცია რომ გავაფართოოთ ძებნა-შველის ღონისძიებები“ — აცხადებს თემურ მღებრიშვილი.

ამასთან, მღებრიშვილის თქმით, რაჭაში, სტიქიის ეპიცენტრში მომუშავე მაშველებმა თავდაცვის სამინისტროდან დამატებითი აღჭურვილობა მიიღეს, რომელიც მათ ავტომობილების მოძებნაში დაეხმარებათ.


მნიშვნელობა არ ჰქონია ვერტმფრენები მეტი გვეყოლებოდა თუ არა – ბურჭულაძე შოვზე

8 აგვისტო 12:10

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამტკიცებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ვერტმფრენი იქნებოდა ჩართული შოვში სამაშველო ოპერაციაში.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, 8 აგვისტოს, განუცხადა.

„აქ მნიშვნელობა არ ჰქონია ვერტმფრენები მეტი გვეყოლებოდა თუ არა. ვერტმფრენები შეკვეთილია და შეკვეთიდან იწყება კონკრეტულის დამზადება. ახალი ვერტმფრენი არ არის ისეთი პროდუქტი, რომ მიხვიდე და სადმე პირდაპირ იყიდო. იღებენ შეკვეთას და მაშინ იწყებენ დამზადებას“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


სულ რაღაც სამ საათში მივიდა ვერტმფრენი – პაპუაშვილი შოვის სტიქიაზე
8 აგვისტო 11:20

დღეს ჟურნალისტებთან საუბარში პაპუაშვილმა თქვა, რომ ყველა ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდა სამაშველო სამსახურს, შესრულდა.  შესაბამისად, მისი თქმით, სხვა ქვეყნების დახმარება საჭირო არ იყო. დამატებით კითხვებზე, დააგვიანა თუ არა ვერტმფრენმა, პაპუაშვილი პასუხობს:

„3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, სამ საათში მივიდა ვერტმფრენი, სულ რაღაც სამ საათში. ერთი საათი უნდა ფრენას, შეტყობინების შემდეგ სჭირდება გადამოწმება, რა ტექნიკა არის საჭირო და ამის შემდეგ, არის მოსამზადებელი სამუშაო ტექნიკისთვის. ეს მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე, მას სჭირდება მომზადების პერიოდი და ზუსტად ამ პერიოდში, სულ რაღაც 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ. და ყველა ამოცანა, რომელიც დასახული იყო შესრულდა,“


დავითაშვილი ადრეული გაფრთხილების სისტემებზე 2018 წლის განცხადებას განმარტავს

7 აგვისტო 17:40 საათი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 2018 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა უნდა შექმნილიყო.

შოვში მომხდარი სტიქიის ფონზე დავითაშვილის 2018 წლის განცხადება განხილვის თემა გახდა, რასაც მინისტრი „სპეკულაციასა და პოლიტიკური ქულების დაწერის“ მცდელობად აფასებს.

დავითაშვილი შოვში მომხადარი სტიქიის ფონზე „შეუსაბამოდ“ მიიჩნევს ადრეული გაფრთხილების სისტემებთან დაკავშირებით მისი ძველი განცხადების გახსენებას.

მინისტრის მტკიცებით, 2018 წლის შემდეგ გარემოს დაცვის შესაძლებლობები გაუმჯობესებულია, თუმცა ის, რაც შოვში მოხდა, გარდაუვალი იქნებოდა, რაც არ უნდა „სისტემები გააკეთებინათ“.


შოვში დაღუპულთა შორის არიან მეგი და გიგი გუტაშვილები
7 აგვისტო 16:30 

შოვში გარდაცვლილი იპოვეს და-ძმა – 25 წლის მეგი გუტაშვილი და 18 წლის გიგი გუტაშვილი. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.


შსს შოვში მომხდარს ორი მუხლით იძიებს

7 აგვისტო 15:30

ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 116 მუხლებით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


შსს: პოლიციელი, რომელიც სტიქიის ზონაში მუშაობდა, შეუძლოდ გახდა და დაიღუპა

7 აგვისტო 14:40

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ამბროლაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი დაიღუპა.

უწყების თქმით, პოლიციელი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.


სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება
7 აგვისტო 10:30

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება.

დილიდან კი მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა. სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.


7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა
7 აგვისტო 00:00

შოვში მომხდარი სტიქიის გამო,  7 აგვისტოს საქართველოში გლოვის დღეა. გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო დროშები დაეშვა.


გარემოს ეროვნული სააგენტო შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზების შეფასების პირველად დასკვნას აქვეყნებს
6 აგვისტო 22:30

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება 2023 წლის 3 აგვისტოს მდინარე ბუბისწყლის ხეობაში სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია. მათ შორის, სააგენტოს ექსპერტების განცხადებით, ადგილი ჰქონდა მყინვარის ინტენსიურ დნობას, ნალექების მოსვლას წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლას, მეწყრულ-ეროზიულ პროცესებს და ღვარცოფის გავლას.

უფრო კონკრეტულად, დასკვნაში ნათქვამია, რომ ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

ამ თემაზე წაიკითხეთ ასევე ექსპერტის ინტერვიუ:


შოვში, სტიქიის ზონაში ერთ-ერთი დაღუპული გიორგი ყარალაშვილია
6 აგივსტო 21:00

შოვში, სტიქიის ზონაში ერთ-ერთი დაღუპული გიორგი ყარალაშვილია. ინფორმაციას ახალგაზრდა კაცის ცხედრის პოვნის შესახებ დაღუპულის მეგობრები ავრცელებენ. გიორგი ყარალაშვილი შოვში დასთან, სოფი ყარალაშვილთან და მეგობართან, დავით ბერიაშვილთან ერთად ისვენებდა. მაშველებმა დავით ბერიაშვილის ცხედარიც იპოვეს, გიორგის დას კი ამ დრომდე ეძებენ.


შოვში დაღუპულებს შორის 7 წლის ლუკა დუდაშვილი ამოიცნეს
6 აგვისტო 18:00

შოვში დაღუპულებს შორის 7 წლის ლუკა დუდაშვილი ამოიცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ლუკა შოვში დედასა და და-ძმასთან ერთად ისვენებდა, რომლებსაც მაშველები სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ.


თავდაცვის მინისტრის თქმით, დაღუპულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც
6 აგვისტო 15:00

„მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და ამით მთელი საზოგადოება არის შოკირებული. ძალიან ემოციურია აქ ყოფნა. რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარი ამოვიყვანეთ“ — განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


შოვში დაღუპულებს შორის სამირა ისაევა და დავით ბერიაშვილი ამოიცნეს
6 აგვისტო 14:30
ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან, სამირა ისაევა, დავით ბერიაშვილი, გიორგი გოგინაშვილი, უკრაინის მოქალაქე ალინა პოლიკოვსკასია და რუსეთის მოქალაქე ქსენია ტრიჩევა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მაშველები 17 ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.


შოვში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
6 აგვისტო 11:30

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის მაშველები სტიქიის ზონაში 17 ადამიანს ეძებენ.


უკვე ოთხივე მხრიდან შეგვიძლია მივუდგეთ [სტიქიის ადგილს] – ბარნაბიშვილი
5 აგვისტო 22:30 საათი
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ადგილზე მისვლა შესაძლებელია.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, 5 აგვისტოს, საღამოს განუცხადა.

„სამაშველო ოპერაციის გაგრძელებას მთელი ღამე ვაპირებთ. უკვე ოთხივე მხრიდან შეგვიძლია მივუდგეთ [სტიქიის ადგილს] და ხიდიც გაკეთდა. აქამდე მძიმე ტექნიკა გადმოდიოდა ღია მდინარეზე, ახლა უკვე შეგვიძლია სატვირთო და მსუბუქი მანქანაბების გადმოყვანაც. შესაბამისადა, ხვალიდან შეგვეძლება, რომ ღონისძიებები უფრო ძლიერად განვახორციელოთ“, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.


შოვში სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია – აზარაშვილი5 აგვისტო 21:10 საათი

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 18 ადამიანს ეძებენ.

რაც შეეხება დაღუპულებს, მინისტრს არ დაუკონკრეტებია არიან თუ არა სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის ბავშვები. ბოლო ინფორმაციით,   სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 17-ს აღწევს.


შოვში დაღუპულთა რიცხი 17-მდე გაიზარდა

5 აგვისტო 20:45 საათი

შოვში სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

დღეს დილიდან ეს სტიქიის ზონაში ნაპოვნი მეექვსე ცხედარია. საერთო ჯამში ამ დროისთვის სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 17-ს აღწევს.


შოვში მეწყერს რუსეთის მოქალაქე ემსხვერპლა – მედია
5 აგვისტო 19:30 საათი

შოვში განვითარებული მეწყერის დროს, რუსეთის მოქალაქე, ქსენია ტრიჩევა  დაიღუპა, რომელიც პერმიდან იყო.

მისი ცხედარი პროზექტურაში ერთ-ერთმა მეგობარმა ამოიცნო.

ინფორმაციას ერთ-ერთ რუსულ სააგენტოზე დაყრდნობით „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.


შოვში სტიქიის ზონაში მე-16 დაღუპული იპოვეს
5 აგვისტო 18:45 საათი
შოვში სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

დღეს, მეხანძრე-მაშველების მიერ მიწის მასის დამუშავების დროს ხუთი ცხედარია ნაპოვნი. საერთო ჯამში ამ დროისთვის სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 16-ს აღწევს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ცხედრები ნანახია ერთი და იგივე ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე.

„ჩვენ დღეს ორი მანქანა აღმოვაჩინეთ მდინარის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული მანქანების ამოყვანა მდინარის კალაპოტიდან. შიგნით არ აღმოჩნდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მანქანის მეპატრონეები დადგენილი გვყავს და ცოცხლები და ჯანმრთელები არიან“, – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა.


შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ცხედრიდან 7 ამოცნობილია
5 აგვისტო 18:00 საათი
შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ცხედრიდან ამ დროისთვის 7 ამოცნობილია. ამის შესახებ ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ,  ვინაიდან ცხედრები დაზიანებულია, მათ ამოსაცნობად აღებული იქნება დნმ-ის ანალიზიც.

დღეს, 5 აგვისტოს, დილიდან შოვში სტიქიის ზონაში 4 ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის შოვში სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 15-ს აღწევს.

როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 20 ადამიანს ეძებენ.


შოვში დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა
5 აგვისტო 16:30 საათი

შოვში სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

დღეს, 5 აგვისტოს, დილიდან სამძებრო სამუშაობისას 4 ადამინის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის შოვში სტიქიისას დაღუპულთა რაოდენობა 15-ს შეადგენს. ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში 20 ადამიანის ძებნა გრძელდება.


შოვში სტიქიის ზონაში მე-14 დაღუპული იპოვეს
5 აგვისტო 16:00 საათი

შოვში სტიქიის ზონაში დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ეს დღეს, 5 აგვისტოს, ნაპოვნი მესამე ცხედარია. ამ ეტაპზე შოვში სტიქიისას დაღუპულთა 14 ცხედარია ნაპოვნი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 21 ადამიანს ეძებენ.


შოვში  დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

5 აგვისტო 15:10 საათი

შოვში სტიქიისას დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

ინფორმაცია კიდევ ერთი ცხედრის პოვნის შესახებ ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.


შოვში დაღუპულებს შორის ზაზა მესხის ცოლი იდენტიფიცირებულია, დანარჩენების ძებნა გრძელდება
5 აგვისტო 14:00 საათი
შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის ცოლის, ალინა პოლიკოვსკასია. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა მესხის ყოფილი ცოლი ავრცელებს.

„პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დანარჩენ ოჯახის წევრებზე, ზაზა მესხზე და ჩვენს შვილებზე ჯერ არაფერია ცნობილი“, – წერს ზაზა მესხის ყოფილი ცოლი.

3 ბავშვიდან, რომელიც ზაზა მესხთან და ალინა პოლიკოვსკასთან ერთად დაიკარგა, 2 სწორედ მესხის პირველი ქორწინებიდანაა.


ყველანაირი რესურსი იყო უზრუნველყოფილი იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ხეობაშია – კობახიძე

 
5 აგვისტო 13:30 საათი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შოვში სტიქიისას  სამაშველო სამუშაოების მხირვ ყველაფერი მაქსიმალურად გაკეთდა, იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ხეობაში იყო.

კობახიძის თქმით, რესურსის თვალსაზრისით სამაშველო სამუშაოებს დაბრკოლება არ ჰქონიათ.

ამის შესახებ მან დღეს, 5 აგვისტოს განაცხადა, როცა შოვში სტიქიიდან მესამე დღეს ჩავიდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ იჩქაროს დასკვნების გამოტანა. ახლა ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი გაირკვევა.


შოვში სტიქიის ზონაში მე-12 დაღუპული იპოვეს5 აგვისტო 13:20 საათი

შოვში სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 12 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.


ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში ნაპოვნი 11 ცხედრიდან 6 ამოცნობილია – ბარნაბიშვილი

5 აგვისტო 13:00 საათი

შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნის 11 ცხედარიდან ნაწილი ამოცნობილია. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან ცხედრები დაზიანებულია, მათ ამოსაცნობად აღებული იქნება დნმ-ის ანალიზიც.


მათი ახლობლები, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება, სტიქიის ეპიცენტრში ჩაფრინდნენ – შსს
5 აგვისტო 12:00 საათი
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, რომელთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება სტიქიის ეპიცენტრში ჩაფრინდნენ.

წუხელ აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება – ქარსელაძე სტიქიის ზონაზე

5 აგვისტო 11:50 საათი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვში სტიქიის ზონაში წუხელ აეწყო დროებითი ხიდი, რომელიც დღეს დამონტაჟდება.

„მანამდე, დილიდან საჯარისო ნაწილები და მაშველები უკვე გადაყვანილი არიან მეორე მხარეს. სტიქიის ზონაში სრული მობილიზაციაა და მიმდინარეობს სამძებრო და სხვა სახის სამუშაოები.ყველაფერი კეთდება რომ მაქსიმალურად მოხერხდეს კოტეჯებსა და მიმდებარე ტერიტორიასთან პროგრესის განხორციელება.

პარალელურად გავჭერით ახალი დროებითი გზა, რათა უკვე ქვედა მხრიდან მივუდგეთ არეალს. ასევე, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ამ მომენტისთვის ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ბუნებრივია, ყველა ეს სამუშაო საბოლოო ჯამში, მიმართულია იმისთვის ,რომ ვიპოვოთ ის ადამიანები რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება“ – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

  
5 აგვისტო 11:45 საათი
გარემოს ეროვნულ სააგენტო შოვის სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს განცხადებით, სტიქიის დროს 5 პროცესის თანხვედრა მოხდა.

„მდინარე ბუბასწყლის ხეობაში (მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი), მყინვარების ბუბა და თბილისას ინტენსიურმა დნობამ და თანმდევმა ნალექმა დინამიკაში მოიყვანა ხეობაში არსებული მყარი ნატანი, განვითარდა აქტიური გვერდითი ეროზიული პროცესები. ასევე, ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ სანაპირო მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას, რაც შემდგომ გადაიზარდა ღვარცოფში.

აღსანიშნავია, რომ მდინარე ბუბისწყალი არ ხასიათდებოდა ღვარცოფული მოვლენებით; მასშტაბურ ღვარცოფის გავლას ამ ტერიტორიაზე ადგილი არ ჰქონია. თუმცა, სტიქიის დროს მოხდა 5 პროცესის თანხვედრა, რამაც გამოიწვია აღნიშნული შედეგი“, – ნათქვამია გარემოს ეროვნულ სააგენტოს განცხადებაში.

5 აგვისტო 11:30 საათი

დილიდან სამხედრო მოსამსახურეები შოვში სტიქიის ზონაში აქტიურად ჩაერთნენ მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები.

მათივე ინფორმაციით, სამხედროები ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მუხლუხოებიანი ტექნიკით მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ, დამეწყრილი ფერდობის პერიმეტრზე გაიშალნენ და სპეციალური ხელსაწყოებით სისტემურად ამოწმებენ ტერიტორიას.

„მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის“, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში და შეწყვიტოს მათზე სიტყვიერი თავდასხმები

ქარტიის განცხადებით, მედიასაშუალებები მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ დაკარგულ ადამიანებზე, სამძებრო სამუშაოებსა და ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ თუ დაუგეგმავ აქტივობებზე, ამის პარალელურად კი, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთვის მიუღებელი და კრიტიკული კითხვების გამო, სიტყვიერად თავს ესხმიან მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ქართველ ხალხს უსამძიმრებს

4 აგვისტო 22:30 საათი

“ღრმად თანავუგრძნობთ საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს”, – წერს ზელენსკი ქართულ ენაზე ტვიტერზე.


რატომ ვერ მოხერხდა ცხედრების დროულად გადასვენება – განმარტებები

4 აგვისტო 17:50 საათი

დანიელ ბულკაშვილი შოვიდან, სტიქიის ზონიდან ავრცელებს ვიდეოს, სადაც რამდენიმე მოქალაქის ცხედარი ჩანს.

ვიდეოში ისმის, რომ ახლო მყოფი პირები ცდილობენ, სავარაუდოდ, შსს-თან დაკავშირებას და დაღუპულთა გადასვენებას ითხოვენ, თუმცა ამბობენ, რომ სულ მცირე 8 საათის განმავლობაში ეს არავის გაუკეთებია.

დაახლოებით 17:00 საათზე გავრცელდა კადრები, სადაც ცხედრების თვითმფრინავით გადმოსვენება ჩანს, თუმცა ჯერ დაუზუსტებელია, არის თუ არა ლაპარაკი იგივე ცხედრებზე.

სხვადასხვა ტელეკომპანიებმა, დაახლოებით, 17:00 საათისთვის, აჩვენეს, რომ ცხედრები ვერტმფრენით გადაასვენეს, თუმცა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ უამინდობის გამო ვერტმფრენები რამდენიმე საათის განმავლობაში აღარ დაფრინავდნენ.

რაც შეეხება გადასვენების პროცესს, ჟურნალისტებთან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განმარტა, რომ დილის საათებში 2 ცხედარი ამოასვენეს და პროზექტურაში გადაასვენეს. მისივე განმარტებით, სხვადასხვა ადგილზე ერთდროულად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები.


შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანა სამძიმრის წერილებს ავრცელებს და საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს

4 აგვისტო 17:20 საათი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის რაჭის რეგიონში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურნენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროები, ევროკავშირის, აშშ-ის, თურქეთის, შვედეთის, უკრაინის, წმინდა საყდრის და სამხრეთ კავკასიაში ფინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, ასევე, დანიის ისრაელისა და გერმანიის ელჩები საქართველოში.


შოვში სტიქიის გამო რუსეთის მოქალაქეები არ დაზარალებულან – შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილება

4 აგვისტო 17:30 საათი

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილება აცხადებს, რომ შოვის სტიქიის დროს რუსეთის მოქალაქეები არ დაზარალებულან.

„საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებას არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია სტიქიით დაზარალებული რუსეთის მოქალაქეების შესახებ, ასევე არ მიუღია არცერთი მიმართვა დაღუპულთა ნათესავებისა და ახლობლებისგან“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

შოვის სტიქიას არაერთი ქვეყნის საგარეო უწყება და საელჩო გამოეხმაურა. ისინი თავიანთ განცხადებებში, სტიქიის გამო დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარსა და თანადგომას უცხადებენ. თუმცა რუსეთის ინტერესების განყოფილების განცხადება მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციით შემოიფარგლება.


წინასწარი შეფასება შესაძლებელია, პროგნოზირება — ფაქტობრივად გამორიცხული: სააგენტო

4 აგვისტო 17:15 საათი

„კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას მოსდევს მსგავსი ტიპის პროცესები”, — ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 3 აგვისტოს შოვში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე საუბრისას.

ირაკლი მეგრელიძის განცხადებით, მსგავსი პროცესების შეფასება შესაძლებელია, თუმცა პროგნოზირება — „ფაქტობრივად გამორიცხული“.

მეგრელიძის თქმით, ამ ეტაპზე, ხეობაში მსგავსი პროცესების განმეორების საფრთხე და რისკი მინიმალურია, რადგან მასის დიდი მოცულობა უკვე ჩამოსულია.

„მსგავსი ტიპის მოვლენა მრავალი ათწლეულია საქართველოში არ დაფიქსირებულა, საკმაოდ მასშტაბური სტიქიური მოვლენა იყო, ბევრად აღემატებოდა მოცულობით დევდორაკს, იგივე მესტია ჭალას. სამწუხაროდ, სახეზე მივიღეთ ასეთი შედეგი. სტიქიის ზონაში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები და სამძებრო აქტი“, — დასძენს ის.


ადგილობრივები შოვიდან მიცვალებულების გადასასვენებლად ვერტმფრენს ითხოვენ

4 აგვისტო 17:00 საათი

შოვიდან მიცვალებულების გადმოსასვენებლად ვერტმფრენს ითხოვენ.

„დილით საათებში ამოვიყვანეთ მაშველებთან ერთად, 6 დაღუპული ასვენია აქ დილის მერე. გაგანია სიცხეში პარკებში გახვეული არიან უპატრონოდ, მაშინ, როცა 9 ათასჯერ გამოიარა ვერტმფრენმა.

ღარიბაშვილიც კი გადმოიყვანეს, იმისთვის ეცალათ და ამ ხალხისთვის არა? ხომ უნდა გადაასვენონ, რომ ამოიცნონ ვინ არიან.

ამდენი ხანი უნდა ვერტმფრენის მოსვლას რომ გადაიყვანონ?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადგილობრივი მცხოვრები, დანიელ ბულკაშვილი, რომელიც ამ დროისთვის შოვში იმყოფება.


სომხეთის საგარეო შოვის სტიქიის დროს დაღუპულთა გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებს

4 აგვისტო 17:00 საათი

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველო’ს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ“, – წერს ტვიტერზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.


შოვში დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

4 აგვისტო 15:50 საათი

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 25 ადამიანს კვლავ ეძებენ.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა ნაწილი ოჯახმა უკვე ამოიცნო.


„ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია“ – აშშ-ის საელჩო

4 აგვისტო 15:30 საათი

აშშ-ის საელჩო შოვში შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს  უსამძიმრებს.

„ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის. ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია“, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.


უკრაინის საელჩო შოვში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

4 აგვისტო 15:30 საათი

„უკრაინის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოძმე ქართველი ხალხის მიმართ  შოვში, მეწყრის შედეგად ადამიანების ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ქედს ვიხრით მათი მწუხარების წინაშე“ ,— ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


„ქართველი ხალხის გვერდით ვართ” – აზერბაიჯანი შოვში სტიქიას ეხმიანება

4 აგვისტო 15:20 საათი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, სადაც მწუხარებას გამოხატავს საქართველოში, რაჭაში, შოვში მომხდართან დაკავშირებით.

” ვიმედოვნებთ, ათეულობით ადამიანი, რომლებიც ჯერ არ არიან ნაპოვნი, ცოცხლები და ჯანმრთელები იქნებიან . ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის გვერდით ვართ”, – ნათქვამია განცხადებაში.


თუ სხვა ქვეყნების დახმარების საჭიროება გამოჩნდა, მზად მზად ვარ მათთან დაკავშირებისთვის – ზურაბიშვილი

4 აგვისტო 15:20

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და მზაობა გამოთქვა, რომ თუ საჭირო გახდება სხვა ქვეყნების დახმარება, მათ ლიდერებთან დაკავშირებაში თავადაც ჩაერთოს.

ზურაბიშვილმა ბრიფინგზე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და  მადლობა გადაუხადა იმ მაშველსა და მოქალაქეებ ყველა მოქალაქეებს, რომლებიც სტიქიის ადგილზე  ადამიანები გადაერჩანას ცდილობდნენ.

პრეზიდენტმა ასევე სოლიდარობა გამოუცხადა ადგილობრივ ხელისუფლებას, უწყებებსა და მთავრობას.


შოვში და-ძმა გიორგი და სოფიო ყარალაშვილებს ეძებენ

4 აგვისტო 15:15 საათი

და-ძმა სოფიო და გიორგი ყარალაშვილები მამისონის კოტეჯებში ისვენებდნენ, როგორც მათი მეგობარი ამბობს „ბათუმელებთან”. ეს კოტეჯები დამეწყრილია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, შოვში იპოვეს ცოცხლად გადარჩენილი და-ძმა, თუმცა ჯერჯერობით მათი ვინაობა გაურკვეველია. გიორგის და სოფიოს მეგობარი გვეუბნება, რომ დაკარგულებს შორის ორი და-ძმაა და ჯერჯერობით უცნობია, რომელი და-ძმა იპოვეს.

 


როდის მიიღებს ქვეყანა სამაშველო შვეულმფრენებს – მთავრობა მათ შეძენაზე 10 წელია საუბრობს

4 აგვისტო 15:10 საათი

რაჭაში განვითარებული სტიქიის ფონზე კვლავ აქტუალური გახდა სამაშველო ვერტმფრენების საკითხი. შესაბამისად, აღჭურვილი ვერტმფრენები საქართველოს დღემდე არ აქვს, თუმცა ხელისუფლება მათ შეძენაზე თითქმის 10 წელია საუბრობს.

ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან კი, სამი H 145 ტიპის ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება, შსს-ს ინფორმაციით, 2022 წლის დეკემბერშია გაფორმებული.

პირველ შვეულმფრენს საქართველო ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში, ანუ 2024 წლის მაისში მიიღებს. მეორე შვეულმფრენს – 19 თვის განმავლობაში, ანუ  2024 წლის ივლისში და მესამეს – 20 თვეში, ანუ 2024 წლის აგვისტოში.


„ასეთი სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და საუბარი, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, არასერიოზულია“ – ღარიბაშვილი

4 აგვისტო 14:30 საათი


შოვში სამძებრო სამუშაოებში ჯარი ერთვება

4 აგვისტო 14:25 საათი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაკარგული მოქალაქეების სამძებრო სამუშაოებში ჯარი ჩაერთვება.


ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდება – ღარიბაშვილი

4 აგვისტო 14:20 საათი

შოვის სტიქიის გამო ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ ონში ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


შოვში მეშვიდე დაღუპული იპოვეს

4 აგვისტო 14:15 საათი

შოვში მაშველებმა კიდევ ერთი დაღუპული იპოვეს. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით,  სტიქიას, ჯამში, 7 ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ დროისთვის 30-ზე მეტ ადამიანს ეძებენ


კრიზისებისთვის საჭირო ტექნიკის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო – იოსელიანი

4 აგვისტო 14:00 საათი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს.

„სახალხო დამცველი მადლობას უხდის სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ ადამიანს გაწეული ძალისხმევისა და თავდადებისთვის და იმედოვნებს, რომ ძალისხმევის შედეგად ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დრომდე დაკარგულია, ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს.

სამწუხაროდ, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან.

სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარსა და მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს“, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


„კალაძის ოჯახმა სასტუმრო სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა“

4 აგვისტო 13:50 საათი

„სანსეტ შოვის“ მმართველი კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სასტუმროში თბილისის მერის, კახა კალაძის ოჯახი მართლაც იმყოფებოდა, თუმცა მათ „სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს სასტუმრო“. ამის შესახებ ანა მურადაშვილმა „რუსთავი 2“-ს განუცხადა.

მანამდე, ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც სტიქიის ზონაში ეძებდა თავისი ოჯახის წევრებს, განაცხადა, რომ პირველ რიგში სასტუმროდან ვერტმფრენით  მოხდა კალაძის ოჯახის ევაკუირება.


ევროკავშირის წარმომადგენლობა უსამძიმრებს შოვში მეწყრის გამო დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს

4 აგვისტო 13:45 საათი

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გულწრფელად უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყრის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობა ყურადღებით  ადევნებს თვალს მიმდინარე სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები, მედიკოსები და იქ მყოფი ადამიანები ატარებენ და იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს.


რაჭაში ზაზა მესხის 5-სულიან ოჯახს ეძებენ -„ჰოლანდიიდან ჩამოვიდნენ დასასვენებლად“

4 აგვისტო 13:30 საათი

ფეისბუქზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაჭაში ეძებენ ხუთსულიან ოჯახს, რომელიც ამ დღეებში რაჭაში, უწერაში ისვენებდა, ხოლო 3 აგვისტოს, როცა მეწყერი ჩამოწვა, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები შოვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.


შოვის ტრაგედიის გამო აჭარაში შუამთობა გადაიდო

4 აგვისტო 13:10 საათი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო სახალხო დღესასწაული „შუამთობა“, რომელიც ხვალ, 5 აგვისტოს უნდა გამართულიყო, გადაიდო.


დრონით გადაღებული სტიქიის ამსახველი კადრები შოვში

ნეტგაზეთი გთავაზობთ  3 აგვისტოს შოვში დრონით გადაღებული სტიქიის ამსახველი კადრებს, რომელიც  გიორგი შანიძემ გადაიღო.


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ონში ჩავიდა

4 აგვისტო 13:00 საათი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ონის მერიაში, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში თათბირს დაესწრნენ.

 


რა მოხდა შოვში და შეიძლებოდა თუ არა პროგნოზირება — გეოლოგ გაფრინდაშვილის კომენტარი

4 აგვისტო 12:30 საათი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, რა მოხდა 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში.

გაფრინდაშვილის თქმით, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, შოვის ტერიტორიაზე, “ადგილი ჰქონდა, გეოლოგიური და ჰიდრო-მეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, ერთსა და იმავე დროს და ერთსა და იმავე ლოკაციაზე”.

მისი სიტყვებით, “დასავლეთ საქართველოში — არამარტო ამ ხეობაში — მსგავს სტიქიას ადგილი არასოდეს არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში, სადაც ერთ-ერთი სოფელი (ხახიეთი) ჩაიმარხა.

მისივე განცხადებით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის განმეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.


შოვში, კოტეჯების ადგილას ფაქტობრივად აღარაფერია — მღებრიშვილი

4 აგვისტო 11:50

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, მაშველები შოვში შესულები არიან სტიქიის ყველა ეპიცენტრში, გარდა კოტეჯების ტერიტორიისა. მღებრიშვილის თქმით, კოტეჯების ადგილას აღარაფერი არსებობს.


შოვის ტრაგედიის გამო “ბათუმი ფესტივალი” დაგეგმილ კონცერტებს აუქმებს

4 აგვისტო 11:12 საათი

ბათუმი ფესტივალი შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო ამ კვირაში დაგეგმილ ყველა კონცერტს აუქმებს.

“ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს.  ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულებს ცოცხლებს იპოვიან”, – განაცხადეს ფესტივალის წარმომადგენლებმა.


შოვში დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

4 აგვისტო 11:00 საათი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მანამდე დასტურდებოდა 2 დაღუპულის შესახებ.


სტიქიის ზონიდან სულ 210 ადამიანია გადმოყვანილი

4 აგვისტო 10:30 საათი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, გუშინ და დღეს მშვიდობიან ადგილზე ვერტმფრენის საშუალებით 210 ადამიანის გადაყვანა მოხერხდა.


შოვში 35 ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება — მინისტრი

4 აგვისტო 10:00 საათი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ იქ მყოფ 35 ადამიანთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.


დილით სქიტიის ზონიდან კიდევ 60-მდე ადამიანი გამოვიყვანეთ – შსს

4 აგვისტო 8:00 საათი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დილიდან განახლდა ვერტმფრენით შოვში მოქალაქეების ევაკუაცია და ამ ეტაპზე სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია დაახლოებით, 60 ადამიანი.

შსს-ს ცნობითვე, ვერტმფრენი განაგრძობს ევაკუაციას.


6 ადამიანი, ვისაც ვერ ვუკავშირდებოდით, კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან — ინფრასტრუქტურის მინისტრი

4 აგვისტო 2:55 საათი

ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, იმ 50 ადამიანს შორის, ვისთან კონტაქტიც დღის ბოლომდე ვერ ხერხდებოდა, 6-თან დაკავშირება მოხერხდა და ისინი უსაფრთხოდ არიან. ამის შესახებ მინისტრმა ტელევიზიებთან საუბრისას თქვა.


რეესტრის განცხადებით, მათი 35 თანამშრომელი სტიქიას გადაურჩა და უსაფრთხოდაა

4 აგვისტო 1:25 საათი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მათი 35 თანამშრომელი, რომელიც შოვში იმყოფებოდა, უსაფრთხოდაა.

უწყების განცხადებით, ამზომველების საცხოვრებელი სივრცე უშუალოდ სტიქიის ზონაში მდებარეობდა და სრულად დაზიანებულია.


შსს-მ დაკარგულებთან დაკავშირებით ცხელი ხაზის ნომერი სტიქიიდან დაახლოებით 9 საათში გამოაქვეყნა

4 აგვისტო 00:35 საათი

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკარგული პირებთან დაკავშირებით ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს. სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ინფორმაციას ფლობს შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული პირების შესახებ,  დარეკონ შემდეგ ნომერზე:

598 913 089


50-მდე ადამიანთან კავშირი ვერ ხერხდება — ინფრასტრუქტურის მინისტრი შოვზე

4 აგვისტო 00:29 საათი

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში დაახლოებით 50-მდე ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ისაუბრა.

მისი თქმით, 152 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა, ისინი უსაფრთხო ადგილას არიან და ხვალ მათი გადმოყვანა იგეგმება.


მოქალაქე სტიქიის ზონაში ოჯახის 9 წევრს ვერ უკავშირდება

4 აგვისტო 00:03 საათი

მოქალაქე მარიტა გუტაშვილი აცხადებს, რომ ვერ უკავშირდება სტიქიის ზონაში დარჩენილ მის 9 ნათესავს და ხელისუფლებისგან საგანგებო განცხადების გაკეთებას ითხოვს, სადაც მისთვის და სხვა ადამიანებისთვის, ვინც ახლობლებს ასევე ვერ უკავშირდებიან, დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულასთან” ისაუბრა.


მოქალაქე ამბობს, რომ ვერ უკავშირდება ცოლ-შვილს, რომლებიც შოვში, სტიქიის ზონაში ჩარჩნენ

3 აგტვისტო 23:00 საათი

მოქალაქის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში მისი მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი არიან ჩარჩენილი, რომლებთან დაკავშირებასაც ვერ ახერხებს. ამის შესახებ მან “მთავარ არხთან” ისაუბრა.

ის ითხოვს, რომ სამაშველო სამსახურმა ძებნა ვერტმფრენით განაგრძოს, თუმცა, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ვერტმფრენები ღამე მუშაობას ვერ ახერხებენ.


შოვში, სტიქიის ზონაში ვერტმფრენმა სამაშველო სამუშაოები დილამდე შეაჩერა

3 აგვისტო 22:00 საათი

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენმა ევაკუაციის სამუშაოები დილამდე შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, სამუშაოების დროებით შეჩერების მიზეზი დაღამება გახდა, რადგან სიბნელეში ვერტმფრენი ვერ განაგრძობს მუშაობას.

ადგილზე მუშაობას განაგრძობს ცოცხალი ძალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, მანამდე, სანამ ვერტმფრენი მუშაობას შეაჩერებდა, სტიქიის ზონაში მაშველები გადაიყვანეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა.


შოვში, სტიქიის ზონაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

3 აგვისტო 21:30 საათი

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახურმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე დაღუპულების შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ.

ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის პრესსამსახურში ამ დრომდე ვერ ამბობენ, არიან თუ არა სტიქიის შედეგად დაშავებულები.


შოვში სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს

3 აგვისტო 19:40 საათი

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში დაიწყო ევაკუაცია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შოვიდან უკვე გამოიყვანეს 70-მდე ადამიანი, მათგან სულ მცირე 5 ბავშვია.


„ხიდია ჩახერგილი და წინ ვეღარ მივდივართ“ – გუბერნატორის მოადგილე შოვზე

3 აგვისტო 17:30 საათი

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქრისტინე კობახიძე აცხადებს, რომ შოვში მეწყერის ჩამოწოლის ადგილამდე ვერ მიდიან, რადგან სტიქიის გამო ხიდია წაღებული.


შსს: შოვზე ზუსტი ცნობა არ გვაქვს, მაშველები 2 ვერტმფრენით მიემართებიან

3 აგვისტო 16:55 საათი

რაჭაში, შოვში, მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შესულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყრის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.


შოვში მეწყერი ჩამოწვა

3 აგვისტო 16:00 საათი

რაჭაში, კურორტ შოვში, მჟავე წყლებთან მეწყერი ჩამოწვა.

როგორც ნეტგაზეთს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის სამაშველო ძალები სტიქიის ადგილისკენ მიემართებიან. უწყებას დაშავაბულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვს.

დაშავებულებზე ინფორმაცია არ აქვთ არც ონის მერიაში.

„საქართველოს ამბების“ ინფორმაციით, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი,  მათ შორის ბავშვები.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი,  400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებ.  ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.

დაკარგული პირებთან დაკავშირებით შსს-ის ცხელი ხაზი. სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც ინფორმაციას ფლობს შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული პირების შესახებ,  დარეკონ შემდეგ ნომერზე: 598 913 089

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი