ახალი ამბები

შოვში განგაშის სისტემა ეფექტიანი ვერ იქნებოდა — სააგენტოს საბოლოო დასკვნა

16 თებერვალი, 2024 • 924
შოვში განგაშის სისტემა ეფექტიანი ვერ იქნებოდა — სააგენტოს საბოლოო დასკვნა

შოვში განგაშის სისტემის მოწყობა ვერ იქნებოდა ეფექტიანი დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად, — ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების საბოლოო დასკვნა 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენების შესახებ.

დასკვნის თანახმად, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება;

„ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტიან გზას, ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს“, — ნათქვამია დასკვნაში.

შოვის სტიქიის მიზეზებზე გარემოს ეროვნული სააგენტოს საბოლოო დასკვნა მეტწილად იმეორებს შუალედური დასკვნის მიგნებებს:

  1. მყინვარ ბუბის დასავლეთით ჩამოიშალა კლდეზვავური მასა, რომელიც დინამიკურ კონტაქტში შევიდა მყინვართან, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის დეფორმაცია და ჩამონგრევა, რამაც გამოიწვია ყინულში და ნაპრალებში არსებული წყლების გადმოდინება. ასევე, მყინვარის ზედაპირზე კლდეზვავის მყარი მასალის ხახუნის შედეგად მოხდა მყინვარის უსწრაფესი დნობა, რის შედეგად წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენები განაპირობა: მყინვარის და შემორჩენილი თოვლის საფარის ინტენსიურმა დნობამ, წინა პერიოდში მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მყინვარის მიმდებარედ კლდეზვავის ჩამოშლამ, რასაც თან დაერთო ნაპრალოვანი გენეზისის მიწისქვეშა წყლების ფრონტალური გადმოდინება, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან;
  2. ღვარცოფული მასის გადაადგილების საშუალო სიჩქარემ 18-24 მ/წმ შეადგინა. სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს უნდა მიეღწია 7.5-10 წუთში;
  3. სტიქიის დაწყებამდე და მიმდინარეობისას ბუბისწყლის აუზში წყლის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია, რასაც ადასტურებს სტიქიამდე დაახლოებით 3 საათით ადრე გადაღებული სატელიტური სურათი და მდ. ჭანჭახზე (მდ. რიონის შესართავთან) არსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემები. მცირე ზომის შეგუბებას ადგილი ჰქონდა მხოლოდ სტიქიის შემდგომ ბუბისწყლის და ჭანჭახის შესართავთან, რასაც მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგი არ მოჰყოლია;
  4. საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე არსებული მდინარე ბუბისწყლის ხეობა ერთ-ერთ იშვიათობას წარმოადგენდა 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამდე, სადაც ღვარცოფის მნიშვნელოვან გავლა უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა, თუ არ ჩავთვლით მდინარის კალაპოტში განვითარებულ ცალკეულ წყალმოვარდნებს;
  5. ზემოთ აღწერილი, 2023 წლის 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული და თანხვედრილი, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ჩასახვა-გააქტიურების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია;
  6. მდ. ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება, მდინარის ხეობის ჰიდრომორფოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით, რეკომენდებული არ არის;
  7. უკანასკნელ წლებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, არსებული საშიშროების ხარისხის შეფასების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები. მდ. ბუბისწყლის ხეობაში, სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა), დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება;
  8. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები;
  9. იმისთვის, რომ მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული მყინვარული ხეობებიდან მომდინარე საფრთხის შედეგად შესაძლო ადამიანთა მსხვერპლი და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ეკონომიკური ზარალი, საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარული ხეობების ქვემო წელში არსებული დასახლებული პუნქტების და ინფრასტრუქტურის საფრთხეების/რისკების შეფასება (რისკების ზონირება), რისკის ზონაში არსებული დასახლებული პუნქტების იდენტიფიცირება და შესაბამისი პირველადი რეკომენდაციების მომზადება;
  10. მსგავსი მასშტაბის კომპლექსური გენეზისის სტიქიის შესახებ განგაშის სისტემის მოწყობა სტიქიის სწრაფად განვითარებადობის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ პუნქტამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, ვერ იქნებოდა ეფექტური დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად;
  11. ზოგადად, მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტურ გზას, ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს.

2023 წლის აგვისტოში შოვში სტიქიამ 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ დრომდე არ არის ნაპოვნი ერთი არასრულწლოვანის ცხედარი, რომელიც მეწყერში ოჯახთან ერთად (ზაზა მესხი შვილებთან და ცოლთან ერთად) მოყვა. სტიქიისას ყველა დაიღუპა.

ამ თემაზე:

რამ გამოიწვია სტიქია შოვში — გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასება

რას [ვერ] ვიგებთ გარემოს სააგენტოს პირველადი შეფასებიდან შოვის სტიქიაზე – ინტერვიუ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი