ახალი ამბები

მოქალაქე სტიქიის ზონაში ოჯახის 9 წევრს ვერ უკავშირდება

4 აგვისტო, 2023 •
მოქალაქე სტიქიის ზონაში ოჯახის 9 წევრს ვერ უკავშირდება

მოქალაქე მარიტა გუტაშვილი აცხადებს, რომ ვერ უკავშირდება სტიქიის ზონაში დარჩენილ მის 9 ნათესავს და ხელისუფლებისგან საგანგებო განცხადების გაკეთებას ითხოვს, სადაც მისთვის და სხვა ადამიანებისთვის, ვინც ახლობლებს ასევე ვერ უკავშირდებიან, დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულასთან” ისაუბრა.

“ამ დრომდე დაკარგულია ჩემი და, ჩემი ძმა, დეიდაჩემი, მისი ორი შვილი და არის კიდევ ერთი გოგო, ჩვენი ბიძაშვილი სამი პატარა ბავშვით – 2-დან 7 წლამდე ბავშვებით. ამ დრომდე არავინ გამომხმაურებია, აქ მდგომები, რომლებიც არაფერს აკეთებენ და ვერანაირ ინფორმაციას ვერ გვაწვდიან. მათ არ იციან, რა ხდება ზემოთ, არ იციან სიტუაცია…

გასაგებია, რომ რთული სიტუაციაა, გასაგებია, რომ ბიჭები ცდილობენ, რომ გააკეთონ, მაგრამ დედაც ცალკე მიკვდება, აქეთ ვინც მორჩენილია. ახლა ისეთ დღეშია… ორი კაცი მყავს, ვისი ცოლ-შვილიც იქით არის და ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. ვიღაცებზე ამბობენ, რომ ვითომ კარვებში ჰყავთ. ძალიან გთხოვთ, საგანგებო განცხადება გააკეთეთ ვიღაცამ, ვიღაცამ მოიკითხეთ…

რომ დაღამდა ,მერე რატომ გაფრინდა ვერტმფრენი და რატომ თქვეს, რომ ვეღარ ვიმუშავებთ ვერტმფრენით და დილამდე უნდა დავიცადოთო. ღამე რომ მოხდეს სტიქია, ღამე საქართველოს არ გვყავს ვერტმფრენი…

ყველა მობილიზდით, დღეს საღამოს არ დაიძინოთ ტკბილად. აქ რაც ხდება, მე ვერ ავღწერ…. საგანგებო სიტუაციაა და ერთხელ მაინც გამოდით და რაღაც გააკეთეთ, რომ ხალხმა დაინახოს, რომ მთლად უმოქმედოები არ ხართ. ნუ მიმაგდეთ აქ ტომარასვით. სასწრაფო მჭირდებოდა და ვერავინ მიშველა. გული წამივიდა და ვერავინ მიშველა, სასწრაფო წავიდა ისევ ონში”, — თქვა გუტაშვილმა.

შოვში, სტიქიის ზონიდან ადამიანების ევაკუაცია ვერტმფრენმა დაღამების შემდეგ, დილამდე შეაჩერა.

ადგილზე მუშაობას განაგრძობს ცოცხალი ძალა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, მანამდე, სანამ ვერტმფრენი მუშაობას შეაჩერებდა, სტიქიის ზონაში მაშველები გადაიყვანეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა.

მისი თქმით, მანამდე სტიქიის ზონიდან ადამიანების ევაკუაცია მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებით ხერხდებოდა, რადგან დაახლოებით 500 მეტრის სიგრძის სავალი გზა მეწყრის შედეგად განადგურდა, ასევე წაღებულია ორი ხიდი.

ამ დროის ინფორმაციით, შოვში ,სტიქიის ზონაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ბოლო ინფორმაციით, რომელიც შსს-მ  გაავრცელა, ევაკუირებული იყო 70-მდე ადამიანი.

ამ დრომდე [00:09] განცხადება არ გაუკეთებია საქართველოს პრემიერ-მინსიტრ ირაკლი ღარიბაშვილს ან მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონში ჩავიდა ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი