საზოგადოება

რას ნიშნავს ბელგიის გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებელთათვის და უვიზო მიმოსვლისთვის

18 ივლისი, 2023 • 7440
რას ნიშნავს ბელგიის გადაწყვეტილება თავშესაფრის მაძიებელთათვის და უვიზო მიმოსვლისთვის

ბელგიამ ამოიღო საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიიდან, სადაც 2016 წელს შეიყვანა. რას ნიშნავს ეს ქართველი მიგრანტებისა და უვიზო მიმოსვლისთვის?

რა ხდება?

ბელგიამ დაამტკიცა უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების ახალი სია, რომელშიც შედიან ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო, მონტენეგრო, სერბეთი და ინდოეთი. საქართველო, რომელსაც 2016 წლიდან ჰქონდა უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსი, ახალ სიაში არ ფიგურირებს.

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად 17 ივლისს „ლელოს“ წევრმა, საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირში, სალომე სამადაშვილმა გაავრცელა და აღნიშნული საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყანაში კანონის უზენაესობის დაცვის ვერ უზრუნველყოფას დაუკავშირა. დეპუტატის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებში.

„იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ითვლებოდეს უსაფრთხო ქვეყნად. როდესაც ბელგია იღებს მსგავს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ საქართველო არ არის მისი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო ქვეყანა, საფრთხე არსებობს ძალიან სერიოზული, რომ ბელგიას თან მიჰყვეს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებაც და არც ის არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანმა დღის წესრიგში დააყენოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამუშავების საკითხი“, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს ელჩი ევროკავშირსა და ბელგიის სამეფოში ვახტანგ მახარობლიშვილი ბელგიის გადაწყვეტილებას ტექნიკური ან სტატისტიკური მიზეზებით ხსნის.

„ევროკავშირის 16 სახელმწიფოს 20-დან საქართველო აღიარებული ჰყავს, როგორც უსაფრთხო ქვეყანა. ევროკავშირის ყველა ქვეყანას ზოგადად არ აქვს მსგავსი მიდგომა და პრინციპი [უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის ცნება]. ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომელსაც პოზიტიური დამოკიდებულება და რეკომენდაცია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დარჩენილიყო უსაფრთხო ქვეყნების სიაში. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ხანდახან გარკვეული ტიპის ტექნიკური ან რაღაც სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე მიიღება. გასულ წელს, პანდემიის შემდგომ პერიოდში გარკვეული მატება გვქონდა მოქალაქეების მობილობასთან დაკავშირებით. მაგრამ მიმდინარე წელს გვაქვს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ვარდნა“, — განაცხადა მახარობლიშვილმა.

ბელგიური მხარის თანახმად, საქართველოსთან დაკავშირებით დევნილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის აზრი იქნა გათვალისწინებული და არა — საგარეო საქმეთა სამინისტროსი.

ვახტანგ მახარობლიშვილი ამბობს, რომ ბელგიელები „უახლოეს მომავალში დაგვიზუსტებენ [სიიდან ამოღების] ტექნიკურ ან სტატისტიკურ მიზეზებს“.

„ღია საზოგადოების ფონდის“ საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ ბელგიის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება არა ტექნიკურ მიზეზებს, არამედ საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გაუარესებულ მდგომარეობას უკავშირდება. უსაფრთხო ქვეყნის სიიდან ამოღება გაზრდის საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების ალბათობას.

„თეორიულად, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, რომ საქართველოს ბევრმა მოქალაქემ გადაწყვიტოს, რომ თავშესაფრის მოსათხოვნად მიმართოს არა საფრანგეთსა და გერმანიას, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობის საქართველოს მოქალაქე მიდიოდა, არამედ — ბელგიას“, — ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

რას ნიშნავს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყანა?

უსაფრთხო წარმოშობისაა ქვეყანა, სადაც ზოგადად და მუდმივად არ აქვს ადგილი საკუთარი მოქალაქეების დევნას ან სერიოზული ზიანის მიყენების რისკს. იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელიც ფიგურირებს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში, ვრცელდება პრეზუმფცია, რომ საერთაშორისო დაცვა საჭირო არ არის. შესაბამისად, უსაფრთხოდ მიჩნეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის რთულია საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღება.

თავშესაფრის მაძიებლებმა ნათლად უნდა დაადასტურონ, რომ მათ შემთხვევაში მათი ქვეყანა არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ.

უსაფრთხოდ მიჩნეული ქვეყნის მოქალაქეების თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები დაჩქარებული პროცედურით განიხილება და ძალიან დაბალია ალბათობა იმისა, რომ თავშესაფარი მიიღონ.

რა კავშირია უსაფრთხო ქვეყნის სტატუსსა და ვიზალიბერალიზაციას შორის?

უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების განაცხადი ბელგიაში თავშესაფრის მიღების თაობაზე დაჩქარებული წესით იქნება განხილული და ძალიან დაბალია ალბათობა იმისა, რომ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეები თავშესაფარს მიიღებენ.

თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობა შეიძლება გახდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველი. უსაფრთხო ქვეყნად მიჩნევა ამცირებს იმ ქვეყნების მოქალაქეთათვის თავშესაფრის მიღების ალბათობას. შესაბამისად, თბილისი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარებაზე მუშაობდა სწორედ ვიზალიბერალიზაციის შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით.

საქართველოს ელჩი ევროკავშირში ირწმუნება, რომ ბელგიის გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე გავლენას არ იქონიებს.

„ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ უვიზო რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა. უფრო მეტიც, დღეს მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა და რამე საფრთხე რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, ეს თემა აუცილებლად გაჟღერდებოდა“, — თქვა მან.

ამ ეტაპზე უვიზო რეჟიმისთვის საფრთხეს ვერც ვანო ჩხიკვაძე ხედავს. ის ხაზს უსვამს, რომ უსაფრთხო ქვეყნების სიებს სახელმწიფოები ინდივიდუალურად ადგენენ და ერთიანი მიდგომა არ არსებობს ევროკავშირში, შესაბამისად, არ შეიძლება ითქვას, მიბაძავენ თუ არა სხვა ქვეყნები ბელგიის მაგალითს.

„ინდივიდუალურად ამ კონკრეტულმა გადაწყვეტილებამ არა მგონია, ვიზალიბერალიზაციაზე გავლენა იქონიოს, მაგრამ თუ უფრო ტენდენციური ხასიათი მიეცა და სხვა ქვეყნებმაც მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილებები, შესაძლებელია, რომ გარკვეული გამაფრთხილებელი სიგნალები გაისმას ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან. მაგრამ დღეს ან ხვალ უვიზო რეჟიმის შეჩერების მოლოდინი არ მაქვს“, — დასძენს ვანო ჩხიკვაძე.

საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 28 797 შეადგინა. ბელგია მეხუთე ადგილს იკავებს ევროკავშირის/შენგენის ზონის იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც ქართველები ყველაზე ხშირად მიმართავენ თავშესაფრის მოთხოვნით. 2022 წელს თავშესაფრის თხოვნით ბელგიას საქართველოს 1 026-მა მოქალაქემ მიმართა.

კობახიძე ქვეყნიდან მოსახლეობის გადინებას EU-ში უვიზო მიმოსვლას უკავშირებს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი