ახალი ამბები

ბრიუსელში პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელი მოკლა

17 ოქტომბერი, 2023 • 1297
ბრიუსელში პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელი მოკლა

ბრიუსელში პოლიციამ მოკლა სავარაუდო ეჭვმიტანილი, რომელსაც შვედეთის ორი მოქალაქის მკვლელობა ედება ბრალად.

როგორც ბიბისი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, თავდამსხმელი ბრიუსელის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის კაფეში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

პროკურატურამ მომხდარი დაადასტურა, თუმცა მათი განცხადებით, ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული, იყო თუ არა მოკლული მამაკაცი ნამდვილად თავდამსხმელი.

ორშაბათის ტერაქტის შემდეგ ბრიუსელი განგაშის მდგომარეობაშია.

ბიბისი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრ ანელის ვერლინდენის განცხადებით, მოკლული მამაკაცი სავარაუდო ეჭვმიტანილია. მინისტრმა ადგილობრივ ტელევიზიას უთხრა, რომ მოკლულს თან ჰქონდა იგივე იარაღი, რომელიც ორშაბათის ტერაქტისას იყო გამოყენებული.

გარდიანის ცნობით, პროკურატურამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია მოკლული სავარაუდო ეჭვმიტანილის შესახებ. ის 45 წლის წარმოშობით ტუნისელი მამაკაცი იყო, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა.

გარდიანისვე ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მამაკაცი თავს თავდამსხმელად აცხადებს და ამბობს, რომ “მისი შთაგონების წყარო ისლამური სახელმწიფოა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი