ახალი ამბები

კობახიძე ქვეყნიდან მოსახლეობის გადინებას EU-ში უვიზო მიმოსვლას უკავშირებს

20 თებერვალი, 2023 • 2300
კობახიძე ქვეყნიდან მოსახლეობის გადინებას EU-ში უვიზო მიმოსვლას უკავშირებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბოლო წლებში მოსახლეობის გადინებას უკავშირებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.

ამის შესახებ განცხადება კობახიძემ დღეს, 20 თებერვალს, ფეისბუკზე დაწერა.

მისი თქმით, როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, ეს ფაქტი მოსახლეობის გადინებას უწყობს ხელს.

„მაგალითისათვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ლიეტუვაში მოსახლეობა 600 ათასით – 3.4 მილიონიდან 2.8 მილიონამდე, ხოლო ლატვიაში 400 ათასით – 2.3 მილიონიდან 1.9 მილიონამდე შემცირდა. ამასთან, ქვეყნიდან გასული ლიეტუველებისა და ლატვიელების უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ.

ამ ფონზე, საქართველოს მაქსიმალურად ოპტიმალური მონაცემები აქვს. კერძოდ, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-2021 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ 4 წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა (შედარებისათვის, წინა ხელისუფლების დროს, 2004-2012 წლებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ვერ სარგებლობდნენ, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 221 ათასი შეადგინა)“, — აცხადებს კობახიძე.

კობახიძის მტკიცებით, რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018-2021 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა.

ამასთან, კობახიძე საუბრობს აშშ-ის სავიზო პოლიტიკაზეც და ამბობს, რომ მათი პოლიტიკა ქართველების ნაწილს აიძულებს, რისკზე წასვიდეს და აშშ-ში მექსიკის გავლით გადავიდეს.

„აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს. მაგალითად, 2021 წელს აშშ-მ რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37 პროცენტი დააკმაყოფილა. რა თქმა უნდა, ეს გარემოება საქართველოს მოქალაქეებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მათ შორის, ადამიანების ნაწილს რისკზე წასვლას და აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს. თუმცა, მეორე მხრივ, მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოდან აშშ-ში ქართველების იმიგრაციას არსებითად აფერხებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს. აშშ-ის მიერ სავიზო რეჟიმის შერბილების პირობებში, ბუნებრივია, მიგრაციის სალდო გაუარესდებოდა“, — აცხადებს კობახიძე.

როგორც კობახიძე ამბობს, საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს, „თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს“.

მისი თქმით, ვინც ქვეყნის დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებაზე რეალურად ზრუნავს, „არა სპეკულაციებით, არამედ შესაბამისი საქმიანი წინადადებების წარდგენით უნდა იყოს დაკავებული“.

მასალების გადაბეჭდვის წესი