საზოგადოება

ინ ვიტრო განაყოფიერება — უშვილო წყვილები მხარდაჭერის გარეშე

28 ივნისი, 2023 • 1881
ინ ვიტრო განაყოფიერება — უშვილო წყვილები მხარდაჭერის გარეშე

ინ ვიტრო განაყოფიერების 11 მცდელობა და 120 ათასი ლარი 5 წლის განმავლობაში — ინგა ბერძენიშვილმა და მისმა მეუღლემ ეს ფასი გადაიხადეს იმისათვის, რომ შვილი გაეჩინათ.

ამ ფინანსურად, ფიზიკურად და ემოციურად რთულ პროცესში მათ არ უგრძნიათ რაიმე სახის მხარდაჭერა ან ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. შეღავათი არ ჰქონიათ არც კერძო სადაზღვევო კომპანიებიდანაც.

დაახლოებით იგივე გზის გავლა უწევს არაერთ ადამიანს საქართველოში, ვისთვისაც შვილის გაჩენის ერთადერთ გზად ინ ვიტრო განაყოფიერება რჩება. სერვისის სიძვირის გამო ბევრი ამასაც ვერ ახერხებს.

ამის ფონზე საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ამიერიდან დემოგრაფიის ხელშეწყობაა. „დემოგრაფიაზე ზრუნვის“ შესაბამისი დავალება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  მთავრობას უკვე მისცა და სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილებაც გაასაჯაროვა.

ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის საჭირო წინასწარი კვლევები და მოსამზადებელი პროცედურები შესაძლოა, 10 ათას ლარს აღწევდეს. თავად პროცედურა 5 ათასი ლარის ფარგლებში ღირს. უშვილობის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა ამ დროისათვის მხოლოდ აჭარაში მოქმედებს და ისიც შეზღუდული სახით. პროგრამის ფარგლებში ინ ვიტრო განაყოფიერებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში აფინანსებენ.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით მკურნალობას, გამონაკლისების გარდა, არც სადაზღვევო კომპანიები აფინანსებენ.

რა არის ინ ვიტრო განაყოფიერება?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) თანახმად, მსოფლიოში ყოველ მეექვსე ადამიანს რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით, ჯანმო ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, გაიზარდოს უნაყოფობის მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის, საუბრობს ინ ვიტრო განაყოფიერებაზე.

ჯანმო დასძენს, რომ აღნიშნული პროცედურა „კვლავ რჩება დაუფინანსებელ და ხელმიუწვდომელ მეთოდად, რაც განპირობებულია მაღალი ფასით, სოციალური სტიგმითა და შეზღუდული ხელმისაწვდომობით.“

ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) ხელოვნური განაყოფიერების ფართოდ გავრცელებული მეთოდია. სხვადასხვა მონაცემით, 1978 წლიდან დღემდე, ამ მეთოდით დაახლოებით 8 მილიონი ბავშვია დაბადებული. ადამიანთა რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოების 2014 წლის მოკვლევის თანახმად, ყოველწლიურად ინ ვიტრო განაყოფიერების 2 მილიონი პროცედურა მაინც ტარდება.

ინ ვიტრო განაყოფიერების დროს  ქალისა და კაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ორგანიზმის გარეთ, ლაბორატორიულად ხდება, ხოლო მიღებული ემბრიონი ქალის საშვილოსნოში გადააქვთ. შესაძლოა, ყოველი მცდელობა ორსულობით ან/და ბავშვის დაბადებით არ დასრულდეს. ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, ქალის ჯანმრთელობასა და ასაკზე. მიჩნეულია, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა ქალი, მით მეტია ბავშვის დაბადების ალბათობაც. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანახმად, 35 წლამდე ასაკის ქალებში IVF-ით ბავშვის გაჩენის შანსი დაახლოებით 32%-ია.

IVF ყველგან ძვირია და მართალია, ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო მოსახლეობას სთავაზობს თანადაფინანსებას, ღირებულების გადახდა ძირითადად მომავალ მშობლებს უწევთ. საქართველოში IVF-ს დაახლოებით ფასი, წინასწარ კვლევებთან ერთად, 15 ათას ლარს აღწევს.

11 მცდელობაში დახარჯული 120 ათასი ლარი

ინგა ბერძენიშვილი და მისი მეუღლე რეპროდუქციულ კლინიკაში პირველად 2011 წელს მივიდნენ. როგორც ის ნეტგაზეთს უყვება, თავიდან სცადეს მკურნალობა, თუმცა მალევე გამოირიცხა, რომ ორსულობა ბუნებრივი გზით იქნებოდა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურა ურჩიეს.

ინგა 2013 წლიდან ინ ვიტრო განაყოფიერებას წელიწადში რამდენჯერმე იტარებდა მანამ, სანამ 2018 წელს მე-11 მცდელობა წარმატებით არ დასრულდა. მას ახლა 3.5 წლის შვილი ჰყავს.

„მხოლოდ კლინიკებში დაახლოებით 120 ათასი ლარი გვაქვს დატოვებული. იმდროინდელი კურსით დაახლოებით 70 ათასი დოლარი გამოდიოდა. აქედან აბსოლუტურად არაფერი არ დაფარა არც კერძო და არც სახელმწიფო დაზღვევამ. სახელმწიფო ამაში არ მონაწილეობას და არც სადაზღვევო კომპანიებთან ცდილობს რაიმე მოლაპარაკების წარმოებას თუნდაც ერთობლივი პროგრამის შემუშავების მიზნით.

მეტიც, ვთქვათ, გინეკოლოგიური პრობლემა გაქვს და პარალელურად მკურნალობ უშვილობას — სადაზღვევო კომპანია აღარც იმ გინეკოლოგიური პრობლემის მკურნალობას გიფინანსებს. ყველაფერს უშვილობის მკურნალობასთან აიგივებენ და აკავშირებენ. შესაბამისად, უშვილო წყვილები ორმაგად დაზარალებულები გამოდიან“, — უთხრა ნეტგაზეთს ინგა ბერძენიშვილმა.

როგორც ის ამბობს, სანამ უშვილო წყვილები ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურას დაიწყებენ, ჩასატარებელია არაერთი კვლევა, იქნება ეს ენდოკრინოლოგიური, ჰორმონალური, უროლოგიური თუ სხვა. ქალი იხსენებს, რომ პროცედურები ფიზიკურად განსაკუთრებულად მტკივნეული არ იყო, თუმცა IVF-ის მცდელობებისას „ემოციური ფონი, რა თქმა უნდა, უფრო სჭარბობდა, ვიდრე ფიზიკური ტკივილი.”

ინგა ბათუმში ცხოვრობს. ამჟამად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უშვილობის მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამა აქვს. ამ პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია, თუ:  

  • წყვილთაგან ორივე რეგისტრირებულია აჭარის ტერიტორიაზე მომართვის პერიოდისთვის და უწყვეტად – უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში;
  • გარდა ამისა, წყვილთაგან რომელიმე უნდა იყოს 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე.

ქვეპროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურება წინასწარი ანგარიშფაქტურის მიხედვით, შემდეგი პროპორციების დაცვით ფინანსდება:

  • 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარებისთვის და 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის – 100%ით, არაუმეტეს 10 000 ლარისა;
  • 100 000-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის – 80%-ით, არაუმეტეს 8 000 ლარისა.

„ჩემ ირგვლივ ბევრი ქალია, ვისაც ვიცნობ და ვისაც თანხის დაგროვება უწევს, ზოგს კრედიტის გამოტანა. მეც და მეუღლემაც ბინები, რომლებიც მემკვიდრეობით გვერგო, გავყიდეთ და ეს თანხა გამოვიყენეთ. ასე გავუმკლავდით გადასახადს. ახლა, მაგალითად, კრედიტით ნაყიდ ბინაში ვცხოვრობთ. ეს იყო ჩვენი არჩევანი და მე ამ არჩევანით ძალიან ბედნიერი ვარ. უბრალოდ, აქ საუბარია დიდ ფინანსურ წნეხზე.

მეტიც, შეიძლება ერთ მცდელობაზე ააგროვო, მაგრამ ის უშედეგო აღმოჩნდეს. მომდევნო მცდელობისთვის კი შეიძლება დიდი დრო დაგჭირდეს თანხების თავმოყრისთვის. ამ დროს გადის დრო, ასაკს კი მნიშვნელობა აქვს“, — უთხრა ინგა ბერძენიშვილმა ნეტგაზეთს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს ის სახელმწიფოს ჩართულობას, ინგა ამბობს, რომ განცხადების დონეზე ბევრი რამე ვრცელდება, თუმცა პრაქტიკაში ყველაფერი პირიქითაა, „უშვილო წყვილებისთვის ხელშეწყობის ნაცვლად ბარიერებს აშენებენ. ქვეყანაში უშვილო წყვილების სტატისტიკაც კი არ გვაქვს“.

„2011 წელს, როდესაც დავიწყეთ ამაზე ფიქრი, ზრუნვა და ინფორმაციის მოძიება, მაშინ არაფერი იყო ცნობილი. ვერც მივდიოდით ხალხთან, რომ გვეკითხა. ბევრი მალავდა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერება გამოიყენა. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია ჩვენი შეცდომებით გზის გაკვალვა და საბოლოოდ, სწორ გზაზე გასვლა. მე პირადად ამიტომაც დაგთანხმდით ინტერვიუზე, იქნებ რაღაც წვლილი შევიტანო ინფორმირებაში და ვაგრძნობინო სხვებს, რომ ამაზე საუბარი სამარცხვინო და დასამალი არ არის.

აქვე ვიტყვი, რომ ამ სტიგმის შექმნაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ეკლესიაც და საკითხზე სასულიერო პირების დაბალი ინფორმირებულობა. ამის მიუხედავად, ისინი ხშირად გასცემენ არასწორ რეკომენდაციებსა და რჩევებს.

სახელმწიფოს შეუძლია თუნდაც ამ კუთხით მონაწილეობა. მაგალითად, როგორც კი აჭარაში პროგრამა ამუშავდა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ წუთშივე დაიწყეს ამაზე საუბარი — ამ პროგრამის სიკეთეებზე ხმამაღლა ლაპარაკი. როგორც კი სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღოს, დაიწყებს საინფორმაციო კამპანიებს – გინდა არ გინდა, ცნობადობა ამაღლდება. ამიტომაა სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანი“, — ამბობს ინგა ბერძენიშვილი

მზადება ინ ვიტროსთვის და უკვე დახარჯული 10 ათას ლარამდე

29 წლის ნანა  [სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნით] ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, ვინც ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურის ჩატარებას გეგმავს, თუმცა მანამდე აუცილებელ შემოწმებებს გადის.

„როდესაც გარკვეული ეტაპის შემდეგ ორსულობა არ დგება და წყვილი მიდის შემოწმებაზე, უპირველესად, კაცს უტარებენ სპერმოგრამას, ქალს კი უმოწმებენ ფოლიკულის მარაგს. ორივე ტერმინი პირდაპირ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება და პირველივე ანალიზებიდანვე არის აუნაზღაურებელი. პირდაპირ გეუბნება ყველა სადაზღვევო, რომ რეპროდუქცია „დევს გამონაკლისში“. ეს ეხება ყველაფერს, რაც საერთოდ ეხება რეპროდუქციულ ჯანმრთელობას.

მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ვირუსები, ბაქტერიები და ა.შ. ის ანალიზიც რომ გაიკეთო და შენ შვილოსნობას არ გეგმავდე, შენ შენთვის გინდოდეს, რომ რაიმე ვირუსი არ გქონდეს – მაინც დაბლოკილია. პირდაპირ გეუბნება სახელმწიფო და კერძო დაზღვევა, რომ შენ მე არაფერს არ აგინაზღაურებ“, — ამბობს ნანა.

მისივე თქმით, თუ კაცის სპერმა ჯანსაღია, ის ითვლება რეპროდუქციულად ჯანმრთელად, ქალს კი გაცილებით მეტი კვლევა სჭირდება: „შენ ვერ ხვდები, ეს კვლევები მართლა გჭირდება თუ არა, მაგრამ იმდენად სენსიტიური თემაა, რომ ყველაფერს იკეთებ, რასაც გინიშნავენ, შესაბამისად, არ ხარ დაზღვეული – ეს ხარჯები მართლა რელევანტურია თუ არა“.

კვლევების ფასს ემატება ექიმის კონსულტაციის ფასიც, რომელიც თითო ვიზიტზე 80 ლარსაც კი აღწევს. ნანა ამბობს, რომ მისი ექიმი, კეთილი ნების გამო, პაციენტებს ყველა კონსულტაციაზე საფასურს არ სთხოვს, თუმცა ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი.

არ ანაზღაურდება არც წამლები — იქნება ეს გარეგანი მოხმარების, მაგალითად, ვაგინალური მალამო ან სანთელი, თუ აბები. ნანა გვიყვება, რომ ასეთ დროს წამლები სადაზღვევოებში „იბლოკება“ არა რეპროდუქციის კვოტით, არამედ გინეკოლოგიის.

„გინეკოლოგიაც ძალიან საორჭოფო და სათუო თემაა სადაზღვავეო ხელშეკრულებაში და ფაქტობრივად იქაც არაფერია ანაზღაურებადი. მაგრამ სამაგიეროდ, ისეთ პრეპარატებს ანაზღაურებენ, რომელსაც შენითაც გაწვდებოდი.

ძალიან ბევრი ისეთი პროცედურაა, რომელიც ასოცირებულია ტკივილთან იმიტომ, რომ მაგალითად, როდესაც ინ ვიტროსთვის ემზადები, ამისთვის აუცილებლად უნდა შემოწმდეს, საშვილოსნოს მილები გამტარიანია თუ არ არის გამტარიანი. გარდა იმისა, რომ პროცედურა ძალიან ძვირია, არის ძალიან მტკივნეული. შესაბამისად, ამას მარტო ფინანსური წნეხი კი არ ემატება, ემატება მორალური წნეხი. ამ წნეხის ზიდვაშიც ასევე მარტონი ვართ ქალები“, — უთხრა ნანამ ნეტგაზეთს.

სანამ ის თავად გადაწყვეტდა ინ ვიტრო განაყოფიერებას, ბევრი იკვლია და შეისწავლა ფასები. ის განმარტავს, რომ საქართველოში მცხოვრები საშუალო ფინანსური შემოსავლის მქონე ადამიანისთვის ინ ვიტრო პროცედურის ჩატარება კრედიტის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, რადგან გარანტია არ არსებობს, რომ ორსულობა ნამდვილად დადგება, შესაბამისად, წყვილს ზოგჯერ 3-4 მცდელობა სჭირდება.

ფინანსებზე საუბრისას ის დასძენს, რომ IVF ყველგან ძვირია, „უბრალოდ სხვაობა ისაა, რომ უცხოეთში შენ გაქვს ამის შესაძლებლობა და საშუალება. საქართველოში კი, სადაც შენ გვერდით ფინანსური თვალსაზრისით არავინ და არაფერი არ დგას, სრულიად შენს ხარჯზე ხარ. ფაქტობრივად, გამოდის, რომ თუ შენ არ შეგიძლია ეს ხარჯი გაწიო, უნდა შეეგუო, რომ შვილი ვერ გეყოლება“.

ნანა გვიყვება, რომ კვლევების თვალსაზრისით ახლა თითქმის ბოლოშია გასული. ამასთანავე, ამბობს, რომ ფასებს ემატება ის, რომ მისი პარტნიორის სპერმატოზოიდები გაყინულია და შენახულია სპეციალურ ბანკში, რომელიც ასევე ფასიანია. წყვილის კვლევისთვის, ჯამში, დაახლოებით 10 ათასი ლარი დაიხარჯა.

„თუ სახელმწიფო ფიქრობს, რომ დემოგრაფიას ხელი უნდა შეუწყოს, მაშინ სადაზღვევოებთან ერთად უნდა დასხდნენ და გაეცეს კითხვას პასუხი – რატომ არის რეპროდუქცია გამონაკლისი და რატომ არ არის ის პრიორიტეტი? ისინი მართლა რომ ზრუნავდნენ დემოგრაფიაზე, მაშინ სახელმწიფომ უნდა იმუშაოს კომპლექსურად, მაგალითად, თუნდაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს დეკრეტული შვებულება ორივე მშობლისთვის.

თუ მათ მართლა სურთ დემოგრაფიის გაზრდა, საკითხს კომპლექსურად უნდა შეხედონ, რატომ არის, მაგალითად, ენდოკრინოლოგიიდან, რომელიც პირდაპირ გადაჯაჭვულია რეპროდუქტოლოგიასთან – ამდენი სერვისი აუნაზღაურებელი? რატომ არის უგულებელყოფილი მენტალური ჯანმრთელობა, რომელიც ხშირად პირდაპირ ებმის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას? თუ სახელმწიფოს მართლა სურს დემოგრაფიის ხელშეწყობა, უნდა გადაიხედოს სადაზღვევო ხელშეკრულებები და სახელმწიფო დაფინანსების მოდელი“, — ამბობს ნანა.

ინტერვიუს ბოლოს ქალს ვკითხეთ საზოგადოებრივ სტიგმასა და სტერეოტიპზე. მანაც ერთ-ერთი საკვანძო საკითხად ეკლესია დაასახელა:

„იყო პერიოდი, როდესაც საპატრიარქო პირდაპირ ამბობდა, რომ არ მონათლავდა ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილ ბავშვებს. ბევრი კი ამბობს, შვილი თუ არ გყავს, ე.ი. ასეთია უფლის ნებაო. ეს არგუმენტი აბსურდულია, იმავე ლოგიკით რომ შევხედოთ, ინ ვიტრო განაყოფიერება რომ არსებობს, ესეც ხომ უფლის ნება გამოდის. პირადად ჩემთვის ორივე ეს არგუმენტი და კონტრარგუმენტიც სასაცილოა, მაგრამ საბოლოოდ, საზოგადოებაში მყარდება ეს სტერეოტიპი. ამას კი მხარს უბამს სახელმწიფო და, შესაბამისად, წნეხის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ რეპროდუქციული პრობლემების მქონე ქალებს, არამედ ბავშვებსაც“.

„ვმუშაობთ ამაზე“

ინ ვიტრო განაყოფიერების დაფინანსების საკითხზე ნეტგაზეთთან ისაუბრა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლადო კახაძემ.

მან გვითხრა, რომ კომიტეტი აქტიურად ლობირებს, რომ ქვეყანაში ინ ვიტრო განაყოფიერების პროგრამა დაინერგოს.

„ჩვენ არა მხოლოდ ვგეგმავთ, არამედ საპილოტე ვერსიაც დაწყებული გვაქვს აჭარაში და შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. ამიტომ, რასაკვირველია, წარმატებული პილოტის შემთხვევაში, ჩვენ, ხელისუფლებას, გვაქვს განზრახვა, ბიუჯეტში გავაჩინოთ გრაფა ამ კუთხით საქართველოში მცხოვრები ოჯახების დახმარებისთვის.

ჩვენ გვყავს პროფესიონალური სამედიცინო სექტორი და, მეორე მხრივ, გვყავს მოსახლეობა, რომელსაც ეს საკითხი აწუხებს, აქვს ფინანსური წნეხი. ამ წნეხის თავის თავზე აღებას დიდ წილით აპირებს სახელმწიფო და ეტაპობრივად, მაგრამ საბოლოოდ, ეს გახდება ისე, როგორც ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში მოხდა — სახელმწიფომ დაფინანსება სრულად აიღო საკუთარ თავზე“, — ამბობს კახაძე ნეტგაზეთთან სატელეფონო კომენტარში.

პარლამენტარის თქმით, რაკი ამჟამად მიმდინარეობს გეგმაზე მუშაობა, დეტალებზე საუბარი რთულია, თუმცა „მომდევნო ბიუჯეტების ფორმირებების ჟამს ამ საკითხის შეთავაზება იქნება ხელისუფლებისადმი“.

სადაზღვევო კომპანიების პოლიტიკა

სტატიის მომზადების ფარგლებში ნეტგაზეთი დაუკავშირდა ოთხს მსხვილ სადაზღვევო კომპანიას —„ჯიპიაის“; „თიბისი დაზღვევასა“, „პსპ დაზღვევასა“ და „არდის“.

„ჯიპიაიმ“ ნეტგაზეთთან კომენტარში განაცხადა, რომ მათი სადაზღვევო პაკეტი ფარავს ჯანმრთელობის გაუარესებით გამოწვეულ მდგომარეობებს, ხოლო ინ ვიტრო განაყოფიერება ასეთი არ არის. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, უნაყოფობის დიაგნოზის გარკვეულ დიაგნოსტიკას პოლისები ფარავს, „მაგრამ უშუალოდ ინ ვიტრო მომსახურება არ არის ჯანმრთელობის გაუარესებიდან გამომდინარე ხარჯი“.

„ჯიპიაიში“ ამბობენ, რომ რაკი ეს პროცედურა სადაზღვევო პოლისებში ე.წ. გამონაკლისად მიიჩნევა, კომპანიას რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მომუშავე პროვაიდერ კლინიკებთან მომხმარებლებისთვის 30-40%-იანი შეღავათები აქვს.

ფასდაკლებას პროვაიდერ კლინიკასთან მომხმარებელს სთავაზობს „არდიც“. ჩვენთან კომენტარში „არდის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი დაზღვეულები ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურაზე ერთ-ერთ კლინიკაში 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. კომპანიის თქმითვე, დაზღვეულები ფასდაკლებით სარგებლობენ ასევე საჭირო ანალიზების შემთხვევაში.

„პსპ დაზღვევაში“ ნეტგაზეთს უთხრეს, რომ, როგორც წესი, სადაზღვევო კომპანიები თავიანთ პაკეტებში არ ფარავენ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებს. შესაბამისად, ინ ვიტრო განაყოფიერების პროცედურას არც მათი კომპანია ფარავს.

კომენტარისგან თავი შეიკავა „თიბისი დაზღვევამ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი