ახალი ამბები

დემოგრაფიის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის მთავრობა სამუშაო ჯგუფს ქმნის

20 ივნისი, 2023 • 666
დემოგრაფიის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის მთავრობა სამუშაო ჯგუფს ქმნის

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი ღონისძიებების გასატარებლად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც მინისტრთა მოადგილეები დააკომპლექტებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 20 ივნისს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამუშაო ჯგუფი უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

„ჩამოყალიბდება მინისტრების მოადგილეებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში მოამზადებს კონკრეტულ პაკეტს, რაც იქნება ყველაზე მეტად მისაღები საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, იქნება ოჯახის გაძლიერების პოლიტიკაზე ორიენტირებული და ჩამოაყალიბებს იმ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რაც შემდეგ აისახება პროგრამებში იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სხვადასხვა მიმართულებით დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას”, — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

ამასთან, მთავრობის ინფორმაციით, ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, იმსჯელეს ჯანდაცვის, სოციალური სფეროს, დასაქმების ხელშეწყობის, განსახლებისა და მიგრაციის მიმართულებებით არსებულ ინიციატივებზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი