ახალი ამბები

„საქართველოსთვის“ პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება „ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებით

16 იანვარი, 2024 • 1087
„საქართველოსთვის“ პროკურატურას მიმართავს, დაიწყოს გამოძიება „ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებით

პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართავს, რომ დაიწყოს გამოძიება „ჯორჯიან მანგანეზთან“ დაკავშირებით, რომელიც თითქმის 7 წელია სპეციალური მართვის რეჟიმში ოპერირებს.

ამის შესახებ პარტიის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა, დღეს, 16 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დაუშვილი ამბობს, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი სპეციალური მმართველის არაეფექტიან მართვაზე, რითაც, მისი თქმით, ილახება სახელმწიფოს და ასევე მოქალაქეების კანონიერი ინტერესები, რადგან შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებებს და დიდი ოდენობით თანხების მითვისებასა და გაფლანგვას.

„კომპანიის თავდაპირველი მმართველი 2009-2016 წლებში უხეშად არღვევდა კანონმდებლობას და გარემოს დაცვის მოთხოვნებს, რითაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ზესტაფონის და ჭიათურის მოსახლეობას. ამასთანავე, უკიდურესად დააბინძურა გარემო. საბოლოო ჯამში, გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 426 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

2012-2016 წლებში სახელმწიფოს მიერ გამოყენებული სანქციები საკმარისი ვერ აღმოჩნდა და კომპანიის თავდაპირველი მმართველები აგრძელებდნენ გარემოს დაბინძურებას, კანონმდებლობის დარღვევას, რითაც აზიანებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს. ამასთანავე, სახელმწიფოს მიერ ლიცენზიის შეჩერება ან გაუქმება გამოიწვევდა მნიშვნელოვან ზიანს კომპანიაში დასაქმებული პირებისთვის. ამიტომ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2017 წელს კომპანიაში დაინიშნა სპეციალური მმართველი, რომლის დავალება იყო, გამოესწორებინა კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი და დაცული ყოფილიყო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისი თქმით, სპეციალურმა მმართველმა ვერ შეძლო ვერც გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ვერც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა.

თუმცა, როგორც დაუშვილი ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2020 წელს სპეციალური მმართველის უფლებამოსილების ვადა გახანგრძლივდა 3 წლით, შარშან კი – დამატებით 2 წლით.

„სახელმწიფოს დანიშნული პირი რეალურად კომპანიას მართავს თითქმის 7 წელი და სპეციალურმა მმართველმა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ და არ უზრუნველყო კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. შესაბამისად, ჩნდება დასაბუთებული ეჭვი, რომ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველის მიერ კომპანიის მართვა ხდება განზრახ არაეფექტიანად, არა საწარმოში დასაქმებულების, ადგილობრივი მოსახლეობის, გარემოს დაცვის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ რამდენიმე კერძო პირების მიერ პირადი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. ასევე ,იკვეთება მნიშვნელოვანი კორუფციული რისკები“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი