ახალი ამბები

უხვი ნალექის შედეგად გაზრდილი რისკების გამო “ჯორჯიან მანგანეზი” 4 მაღაროს დროებით ხურავს

9 თებერვალი, 2024 •
უხვი ნალექის შედეგად გაზრდილი რისკების გამო “ჯორჯიან მანგანეზი” 4 მაღაროს დროებით ხურავს

ჭიათურაში ოთხი მაღარო დროებით დაიხურება. “ჯორჯიან მანგანეზი” მიზეზად უხვ ნალექს ასახელებს, რომელმაც მაღაროში დასაქმებულთა უსაფრთხოების რისკები გაზარდა. კომპანიის ინფორმაციით, ამ არსებულ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ.

“ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთომოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა, რის გამოც კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა” მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დახუროს ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო. კერძოდ, უხვმა ნალექმა ე.წ. ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა.

თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა. პროცესების შესწავლისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღებამდე სამუშაო პროცესი შეჩერდება”, – ვკითხულობთ “ჯორჯიან მანგანეზის” განცხადებაში, რომელიც კომპანიამ 8 თებერვალს, საღამოს გაავრცელა.

ბოლო დღეებში  უხვი ნალექის შედეგად განვითარებულ სტიქიურ მოვლენებს არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილ მეწყერს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის, არასრულწლოვანები.

მეწყრულმა პროცესებმა მსხვერპლი გამოიწვია აჭარაშიც. გარდაიცვალა შსს-ს თანამშრომელი, თემურ ბარამიძე, რომლის სახლი მეწყერმა წაიღო. 

7 თებერვალს მეწყრის საშიშროების გამო 40-მდე ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს სურამიდანაც.

ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა ინფრასტრუქტურა დააზიანა სამეგრელოშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი