საზოგადოება

მოსკოვი-თბილისის რეისს პრო-რუსი ქართველი პოლიტიკოსებიც მოყვებიან

19 მაისი, 2023 • 1265
მოსკოვი-თბილისის რეისს პრო-რუსი ქართველი პოლიტიკოსებიც მოყვებიან

მოსკოვიდან აზიმუტის პირველი პირდაპირი რეისით თბილისში მოფრინავენ პრო-რუსული საგარეო ორიენტაციის მქონე ქართველი პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომლებიც, როგორც თავად ამბობენ, რუსეთთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ავიამიმოსვლის აღდგენაზე.

რუსული სამთავრობო მედიის, „რიას“ ცნობით, რეისზე იქნება „ქართული დელეგაცია“, რომელსაც უხელმძღვანელებს მერაბ ჭიქაშვილი, ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ხელმძღვანელი. იგი საკმაო ხანია, რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების საჭიროებაზე საუბრობს.

„საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის მადლობა მინდა გადავუხადო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ ხელი მოაწერა ამ ბრძანებას და დააკმაყოფილა ჩვენი თხოვნა. რაც ყველაზე მთავარია, ეს იყო [ქართველი] ხალხის თხოვნა“, – უთხრა ჭიქაშვილმა „რიას“.

ამავე რეისით მოფრინავს ვალერი კვარაცხელიაც, რომელიც მას „ისტორიულს“ უწოდებს. სწორედ კვარაცხელიას შვილის კომპანია მოემსახურება რუსულ ავიაკომპანიებს თბილისის აეროპორტში.

„ჩვენს ძვირფას თანამემამულეებთან ერთად ამ პირველი რეისით ჩამოვფრინდებით დელეგაციის წევრებიც, ვისმა დაძაბულმა დიპლომატიურმა შრომამ ნაყოფი გამოიღო“, – წერს იგი.

რეისზე აგრეთვე იქნება დიმიტრი ლორთქიფანიძე, რუსეთის შექმნილი „გორჩაკოვის ფონდის“ დაარსებული „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი.

რეისი თბილისის დროით 10 საათსა და 7 წუთზე, დაგეგმილზე ადრე გამოფრინდა. თვითმფრინავის ჩამოსვლას დაახლოებით სამი საათი სჭირდება.

პირდაპირი ფრენების გასაპროტესტებლად აეროპორტში მისვლას გეგმავენ აქტივისტებიც – ელენე ხოშტარიას ცნობით, ისინი თბილისის აეროპორტისკენ 12 საათზე წავლენ.

რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო ორმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“ და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი