„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ლგბტ(ქ)ი ადამიანების ღირსების აღიარებისთვის ბრძოლის ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად, საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევაა ლგბტ(ქ)ი ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების რეალური დაცვა და სოციალური ჰომოფობია, რომელიც ლგბტ(ქ)ი ადამიანების ყოველდღიურობაზე, საჯარო და პირად ცხოვრებაზე მძიმე გავლენას ახდენს.
განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პოლიტიკური უფლებების აღიარებასთან და დაცვასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენები სახელმწიფოს დემონსტრაციულ გულგრილობას, პოლიტიკურ ჰომოფობიას და ძალადობის შეწყნარების უმძიმეს გამოცდილებას აჩვენებს.
„ცხადია, რომ ეს პოლიტიკა მკვეთრად აზიანებდა და აზიანებს დემოკრატიული, მშვიდობიანი და პლურალისტური საზოგადოების განვითარების შესაძლებლობებს და არაერთ სოციალურ კრიზისს ქმნიდა. უკვე წლებია ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები, ეკლესია და სხვა აქტორები ქვიარ ადამიანების და ქვიარ საკითხების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას ცდილობენ და ხშირად ეს დომინანტური პოლიტიკა ლგბტ(ქ)ი ადამიანების სიცოცხლის, ღირსების და მომავლის ჩამორთმევის მიზეზიც გამხდარა“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში ჩანდა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული პოზიტიური ცვლილებები, რაც მეტწილად ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და თანასწორობის მექანიზმების გაუმჯობესებას, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის პოლიტიკის გამართვას და სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში დისკრიმინაციის აღმოფხვრის სამუშაოებს უკავშირდებოდა, თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები მაინც ფრაგმენტული რჩება და ხელისუფლების მხრიდან ლგბტ(ქ)ი უფლებების პოლიტიკური აღიარების სირთულე და უფრო მეტიც, პოლიტიკური ჰომოფობია, ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას შეუძლებელს ხდის.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჰომოფობიის დაძლევის პოლიტიკის ხელშეწყობის ნაცვლად, მმართველი გუნდი ბოლო პერიოდში აქტიურად მიმართავს ჰომოფობიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას. კერძოდ, განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ თუ წინა წლებში მათი მხრიდან აშკარა იყო ანტი-ლგბტ(ქ)ი მოძრაობების, რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების მიმართ გამოვლენილი ლოიალობა, მიმდინარე წელს, ხელისუფლების მკაფიო კონსერვატიული შემობრუნების კვალდაკვალ, შესამჩნევია მმართველი პოლიტიკური კლასის მხრიდან ჰომოფობიური რიტორიკის ღიად გამოყენება:
„ამ მხრივ აღსანიშნია ამა წლის მარტის მოვლენები, როდესაც საპროტესტო აქციის დისკრედიტაციის მიზნით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთი ჰომოფობიური განცხადება გაჟღერდა. ქვეყნის მაღალჩინოსნების მხრიდან დემონსტრაციის მონაწილე ახალგაზრდების დემონიზების ფონზე, აქციის ერთ-ერთი მონაწილის – ლაზარე გროგორიადისის დაკავების შემდეგ, მის წინააღმდეგ სახელისუფლებო პროპაგანდა ღიად ამუშავდა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ კი გრიგორიადისის არასტანდარტული გარეგნობის გამო “არეული ორიენტაციის” ადამიანი უწოდა.
ხოლო მმართველი პარტიის ლიდერმა ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას ბრალი დასდო ‘ლგბტ პროპაგანდასა’ და ეკლესიის რეპუტაციის შელახვაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამა წლის მაისში პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კონსერვატიულ ჰომოფობიურ კონფერენციაში, სადაც მან სხვა პოპულისტ ლიდერებთან ერთად ანტიდემოკრატიული, ჰომოფობიური შინაარსით გაჟღენთილი სიტყვა წარმოთქვა“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ხაზს უსვამს, რომ 2023 წლის მარტში მთავრობის მიერ დაგვიანებით მიღებული 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია არ მოიცავს სექსუალური უმცირესობების საკითხებს, დოკუმენტში ლგბტ(ქ)ი ადამიანების უფლებები საერთოდ არ არის ნახსენები, ხოლო გენდერთან დაკავშირებულ საკითხებად, მხოლოდ ქალთა უფლებები მოიაზრება.
ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური ჰომოფობიის ეს მძლავრი ტალღა ერთი მხრივ მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ხოლო მეორე მხრივ, ლგბტ(ქ)ი ადამიანებისთვის, მათი ფიზიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით რეალურ რისკებს წარმოქმნის:
„მით უფრო, რომ მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოსთვის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შორისაა, რომელიც ევროკომისიის დასკვნით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ უნდა შეასრულოს.
საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ლგბტ(ქ)ი ადამიანების მიმართ გამოვლენილი ბრუტალური ძალადობის ჯაჭვის კონტექსტში, ჩვენს საზოგადოებაში ჩანს ჰომოფობიის შემცირების პოზიტიური ტენდენცია, განსაკუთრებით ახალგაზრდების და ქალების ჯგუფებში.
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფის უახლესი კვლევის შესაბამისად, 25 %-ით არის შემცირებული იმ ადამიანების წილი, ვინც სრულად ან მეტ-ნაკლებად მხარს უჭერს ლგბტ(ქ)ი ადამიანებისთვის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას. პოზიტიური დინამიკა ჩანს ლგბტ(ქ)ი თემის მიმართ ზოგად განწყობებსა და დამოკიდებულებებში. ამის მიუხედავად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ლგბტ(ქ)ი ადამიანების მიმართ მკვეთრად კონსერვატიულ მიდგომებს ინარჩუნებს და გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ ცოდნის პრობლემას აჩვენებს. იმის ფონზე, რომ ხელისუფლება ჰომოფობიის დაძლევის კუთხით აუცილებელ ნაბიჯებს არ დგამს, მოსალოდნელია, რომ აღნიშნულმა დადებითმა ტენდენციამ მომდევნო წლებში რეგრესი განიცადოს,“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ აღნიშნავენ, რომ ლგბტ(ქ)ი ადამიანებისთვის დღემდე მთავარი გამოწვევა ძალადობაა. განცხადების ავტორების თქმით, შსს-ს და პროკურატურის სისტემაში 2018 წლიდან დაწყებული ზემოთ ნახსენები პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, სახელმწიფოს კვლავ არ აქვს შემუშავებული სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირების ერთიანი სტრატეგია, რაც სამართალდამცავი, სოციალური, განათლების და პენიტენციარული სფეროებისა და უწყებების კოორდინირებულ მუშაობას უნდა გულისხმობდეს და სისტემურად უზრუნველყოფდეს ლგბტ(ქ)ი ადამიანების უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვას.
ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, ძალადობის მსხვერპლებისთვის კრიტიკულად მწვავეა სათანადო ფსიქო-სოციალური და ჯანდაცვის სერვისების მიღება, რომელიც ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში, ხშირად სახლისა და ოჯახების მხარდაჭერის მიღმა აღმოჩენილი ადამიანების რეალურ საჭიროებებს უპასუხებდა. მაგალითად, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, სახელმწიფოს კვლავ არ აქვს ძალადობის მსხვერპლების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პოლიტიკა. კრიზისული ცენტრების ხანმოკლე სერვისი კი ორგანიზაციის შეფასებით, ვერ უზრუნველყოფს ლგბტ(ქ)ი ადამიანების გრძელვადიან უსაფრთხოებას და მხარდაჭერას.
ამასთან, „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“ ხაზს უსვამენ, რომ უსაფრთხოების მზარდ რისკებს უკავშირდება ლგბტ(ქ)ი ადამიანებისთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა. კერძოდ, 2012 წლის შემდეგ საქართველოში ლგბტ(ქ)ი ადამიანებს შეკრების თავისუფლებით უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში სარგებლობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ 2013 წლის 17 მაისს IDAHOT აღნიშვნის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე განვითარებულ მოვლენების მსხვერპლებს ჯერ კიდევ არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი:
„აშკარაა, რომ სახელმწიფო დემონსტრაციულ გულგრილობას იჩენს ლგბტ(ქ)ი ადამიანების შეკრების უფლების რეალური დაცვის მიმართულებით და არ იღებს ადეკვატურ პრევენციულ ზომებს კლერიკალური, ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხეებისა და ძალადობის აღკვეთის მიზნით. უფრო მეტიც, აშკარაა ხოლმე მათი მხრიდან გამოვლენილი ლოიალობა ანტი-ლგბტ(ქ)ი მოძრაობებისა და რიტორიკის მიმართ“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
ამ კუთხით, ორგანიზაციის შეფასებით, განსაკუთრებით კრიტიკული იყო 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები, როცა ექსტრემისტული ულტრამემარჯვენე ჯგუფების კონტრაქციამ თბილისში „ღირსების მარშის“ ჩატარება შეუძლებელი გახადა და ადგილზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აღნიშნავს, რომ იმის მიუხედავად, რომ პოლიცია ინფორმირებული იყო ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორებისა და მონაწილეებისგან მომდინარე ძალადობის რისკების შესახებ, მან არ მიიღო ეფექტიანი პრევენციული ზომები ძალადობის შეკავებისა და მით უფრო, ლგბტ(ქ)ი აქტივისტებისთვის შეკრების თავისუფლების რეალიზებისთვის:
„უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრის ანტიკონსტიტუციურმა განცხადებამ უმრავლესობის უფლებების შესახებ, წაახალისა ჰომოფობიური შინაარსის მასობრივი ძალადობა. ამ ფონზე, კიდევ უფრო მძიმე სურათს ქმნის ის ფაქტი, რომ ძალადობის ორგანიზატორების სამართლებრივი პასუხისმგებლობა დღემდე არ დამდგარა, რაც ერთი მხრივ აღრმავებს უნდობლობას სახელმწიფოს მიმართ და მეორე მხრივ კი, საშიშ ტენდენციას ქმნის ჰომოფობიური განწყობების გაღრმავებისა და ძალადობის წახალისების კუთხით.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ 5-6 ივლისის მოვლენებთან კავშირში მყოფი მხოლოდ რამდენიმე პირის დასჯა უზრუნველყო სახელმწიფომ, თუმცა სასჯელის ზომა მსჯავრდადებულების მიერ ჩადენილი ქმედების ადეკვატური არ აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სახელმწიფომ არ აამუშავა არც ძალადობრივი ექსტრემიზმის გამკლავების პოლიტიკა, რაც სამართლებრივი რეაგირების მიღმა, ფართომასშტაბიან პრევენციულ და სოციალურ სამუშაოებს გულისხმობს“ — ვკითხულობთ განცხადებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს სახელმწიფოს:
- უარი თქვას ჰომოფობიის ნორმალიზებისა და ლგბტ(ქ)ი უფლებების საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე გაუარესების ტენდენციაზე და გააცნობიეროს დისკურსული ძალადობის პირდაპირი გავლენა ლგბტ(ქ)ი ადამიანების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე;
- შეიმუშაოს ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან გამკლავების სისტემური პოლიტიკა, რომელიც საგანმანათლებლო და საინფორმაციო პოლიტიკის გატარებას გულისხმობს სკოლებში, უნივერსიტეტებში, საჯარო სამსახურში და უფრო ფართოდ საზოგადოებაში;
- გააძლიეროს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის პოლიტიკა და ამ მიმართულებით გაზარდოს პრევენციასა და მსხვერპლის დაცვაზე ორიენტირებული მიდგომები;
- პატივი სცეს ლგბტ(ქ)ი ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და მიიღოს ყველა ზომა მათთვის უსაფრთხო და ღირსეული საჯარო სივრცის შესაქმნელად;
- შეიმუშაოს ექსტრემისტულ ძალადობრივ ჯგუფებთან გამკლავების ეფექტიანი პოლიტიკა;
- შეიმუშაოს ლგბტ(ქ)ი ადამიანების სოციალურ ექსკლუზიასთან გამკლავების სისტემური პოლიტიკა და ის ადამიანის უფლებათა პოლიტიკის დოკუმენტებში ასახოს.