საზოგადოება

არჩევნები თურქეთში: რას ვიგებთ პარალელური დათვლებით

14 მაისი, 2023 • 9986
არჩევნები თურქეთში: რას ვიგებთ პარალელური დათვლებით

განახლება[00:05] — წინასწარი შედეგებით, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების II ტური იქნება 

თურქეთში 14 მაისის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ხმებს ითვლიან. ოფიციალური შედეგები ცნობილი ჯერ არ არის, თუმცა მიმდინარეობს პარალელური დათვლები, რომელთა მონაცემებიც ერთმანეთისაგან განსხვავებულია.

საარჩევნო უბნები ქვეყნის ტერიტორიაზე თბილისის დროით 18:00 საათზე დაიხურა, რის შემდეგაც ხმის დათვლა დაიწყო. სანამ თურქეთის საარჩევნო საბჭო შედეგებს გამოაცხადებს, ზოგიერთი მედიასაშუალება პირველად შედეგებს აქვეყნებს.

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, Anadolu-ს მონაცემებით, მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ხმათა 51.33% აქვს, მის მთავარ კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს — 42.85%, კიდევ ერთ კანდიდატს, სინან ოღანს — 5.32%. მუჰარემ ინჯეს, რომელმაც კანდიდატურა 3 დღით ადრე მოხსნა, 0.51% აქვს. სააგენტოს თანახმად, გახსნილია საარჩევნო ყუთების 65.84%. ესაა Anadolu-ს მონაცემები თბილისის დროით 22:10 საათისთვის. 

მკვეთრად განსხვავებული შედეგები აქვს კერძო საინფორმაციო სააგენტო ANKA-ს, რომლის თანახმადაც ერდოღანს ხმათა 48.01% აქვს, ქილიჩდაროღლუს — 46.22%, ოღანს — 5.32%, ინჯეს (რომელმაც კანდიდატურა 3 დღით ადრე მოხსნა) — 0.45%. სააგენტოს თანახმად, გახსნილია ყუთების 62.78%. ესაა ANKA-ს მონაცემები თბილისის დროით 22:10 საათისთვის. 

ორივე შემთხვევაში, ხმის დათვლის დასაწყისში ერდოღანს გაცილებით მაღალი შედეგი ჰქონდა, თუმცა მომდევნო პერიოდში მისმა მაჩვენებლმა დაიკლო.

ამჟამად, Anadolu-ს მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი აგროვებს ხმათა 50%-ზე მეტს, რომელიც პირველ ტურში გამარჯვებისთვისაა საჭირო, ANKA-ს მიხედვით კი ერდოღანი ამას ვერ ახერხებს და უნდა ჩატარდეს მეორე ტური.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პარალელური დათვლები ჯერაც მიმდინარეობს და არც ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნებულა, საბოლოო შედეგზე საუბარი ჯერაც ნაადრევია.

სტამბოლისა და ანკარის ოპოზიციონერმა მერებმა — ქერემ იმამოღლუმ და მანსურ იავაშმა — რომლებიც ქილიჩდაროღლუს პარტიას წარმოადგენენ, ამომრჩეველს მიმართეს და უნდობლობა გამოუცხადეს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს. მერების თქმით, Anadolu შედეგებით მანიპულირებს და გაიხსენეს წინა წლების არჩევნები, როცა, მათი თქმით, სააგენტო ამავეს აკეთებდა.

იავაში და იმამოღლუ ამბობენ, რომ ქემალ ქილიჩდაროღლუ ლიდერობს. ამავეს ამბობს თავად ქილიჩდაროღლუ, რომელმაც “ტვიტერზე” დაწერა: “ჩვენ წინ ვართ”.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიაში აღნიშნულს არ ეთანხმებიან. მმართველ პარტიაში ოპოზიცია სახელმწიფო სააგენტოსადმი გახმიანებული ბრალდების გამო გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ერდოღანია წინ.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი