თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება. ამის შესახებ მიუთითებს ყველა წინასწარი შედეგი.
თბილისის დროით 01:40 საათის მონაცემებით, როგორც სახელისუფლებო, ისე კერძო სააგენტოები, აჩვენებენ, რომ ხმების 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ 01:40 საათის მონაცემებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიღო ხმების 49.59%, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი 44.67%.
რაც შეეხება კერძო სააგენტო „ანქას“ მონაცემებს, ერდოღანს ხმების 49.24% აქვს მიღებული, ქილიჩდაროღლუს კი — 45.05%.
თბილისის დროით 01:40 საათისთვის, პარალელური დათვლის მიხედვით, გახსნილია საარჩევნო ყუთების 90%-ზე მეტი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სააგენტოების მიერ პარალელური დათვლით შეგროვებული მონაცემები.
პარალელური დათვლები ჯერაც მიმდინარეობს და არც ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნებულა.
სტამბოლისა და ანკარის ოპოზიციონერმა მერებმა — ქერემ იმამოღლუმ და მანსურ იავაშმა — რომლებიც ქილიჩდაროღლუს პარტიას წარმოადგენენ, ამომრჩეველს მიმართეს და უნდობლობა გამოუცხადეს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს. მერების თქმით, Anadolu შედეგებით მანიპულირებს და გაიხსენეს წინა წლების არჩევნები, როცა, მათი თქმით, სააგენტო ამავეს აკეთებდა.
ერდოღანმა და ქილიჩდაროღლუმაც სოციალური ქსელებით განცხადებები გაავრცელეს. ორივე კანდიდატი საარჩევნო კომისიებში თავიანთ წარმომადგენლებს მოუწოდებს, დარჩნენ ადგილებზე ხმების საბოლოო დათვლამდე.
მთავარ ფოტოზე: ერდოღანის მომხრეები ზეიმობენ არჩევნების შედეგებს. EPA-EFE/TOLGA BOZOGLU
ამავე თემაზე გირჩევთ:
- ერდოღანის უმრავლესობა პარლამენტში და მეორე ტური – რა ვიცით
- არჩევნები თურქეთში: ვინ ვინ არის
- როგორ შეიცვლება თურქეთის საგარეო პოლიტიკა, თუ ოპოზიცია მოიგებს
- არჩევნები თურქეთში, რუსული პროპაგანდა და მთავარი აქცენტები – ინტერვიუ თურქოლოგთან
- თურქეთი: რა სტრატეგიით ცდილობს ოპოზიცია ერდოღანის დამარცხებას
- ჰომოფობია, ოჯახის სიწმინდე, დასავლეთის შეთქმულება და სხვ. — ერდოღანის გზავნილები წინასაარჩევნოდ
- თურქეთში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბრძოლას ეთიშება: რას ნიშნავს ეს
- ახალი კვლევა: ოპოზიციის კანდიდატი ერდოღანს უსწრებს
- როგორ შეიცვლება თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები, თუ ერდოღანი დამარცხდა