ახალი ამბები

„უცნობის“ აქციის მოთხოვნებს პარლამენტში „ევროპელი სოციალისტები“ დააინიცირებენ

2 მაისი, 2023 • 910
„უცნობის“ აქციის მოთხოვნებს პარლამენტში „ევროპელი სოციალისტები“ დააინიცირებენ

„ევროპელი სოციალისტები“ მხარს უჭერენ „უცნობის“ აქციაზე გახმოვანებულ მოთხოვნებს და მზად არიან, მათი ინიცირება პარლამენტში მოახდინონ კანონპროექტების პაკეტის სახით.

ამის შესახებ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

30 მაისის აქციაზე მსახიობმა და ყოფილმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ზაზა პაპუაშვილმა წაიკითხა ორგანიზატორების შემდეგი მოთხოვნები ხელისუფლებისადმი:

  • პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში ქართველ ხალხს პლებისციტით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს;
  • პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორულ რეჟიმს;
  • ხელისუფლებამ იზრუნოს სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე;
  • სკოლებში დაინერგოს ფუნდამენტური განათლება;
  • დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდეს;
  • დაიხვეწოს ნარკოტიკებთან დაკავშირებით მთელი რიგი საკითხები;
  • ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს.

ფრიდონ ინჯიამ დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ ენმ-ის მმართველობის სამართლებრივი შეფასების მოთხოვნა თანხვედრაშია 2008 წლის ომის გამოძიების ინიციატივასთან, რომელიც „ევროპელ სოციალისტებს“ აქვთ. ინჯიას თქმით, ის თავადაც ესწრებოდა აქციას , რომელზეც წარმოდგენილი იყო „ნაღები ხალხი“ და უერთდება ყველა მოთხოვნას, რომელიც აქციაზე გახმიანდა.

„ამ დღეებში ჩვენ წარმოვადგენთ კანონების პაკეტს, რომელიც იკვეთება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახით წარმოდგენილი საზოგადოების შეკრებიდან, რომელი მოთხოვნებიც მონატრებულ კრებაზე გააჟღერა პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწე ზაზა პაპუაშვილმა“, — განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

„ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნა „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით პარლამენტში შესულმა ოთხმა დეპუტატმა (ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე) მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერებმა მანდატებზე უარი თქვეს. მოგვიანებით ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა. „ევროპელი სოციალისტები“ საპარლამენტო ოპოზიციაში შედიან, თუმცა, როგორც წესი, უმრავლესობის პოზიციებს იზიარებენ.

რისთვის და ვისი მხარდაჭერით „მოდის“ უცნობი

მასალების გადაბეჭდვის წესი