საზოგადოება

რას წერს კობახიძე საგამოძიებო კომისიაზე მის სახელმძღვანელოში

19 აპრილი, 2023 • 1826
რას წერს კობახიძე საგამოძიებო კომისიაზე მის სახელმძღვანელოში

ირაკლი კობახიძე, რომლის მოწოდებითაც „მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის“ ნიშნად საპარლამენტო უმრავლესობა უკვე მეორე დღეა ოპოზიციას არ აძლევს საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობას, წარსულში მის მიერ დაწერილ სახელმძღვანელოში ოპოზიციის მიერ კომისიის შექმნის შესაძლებლობის მნიშვნელობაზე მიუთითებდა.

კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო, რომელიც ირაკლი კობახიძის ავტორობითაა მომზადებული, 2019 წელსაა გამოცემული და სამართლის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.

კობახიძე სახელმძღვანელოში წერს, რომ „დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია“.

„პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია დროებითი საგამოძიებო კომისია.

პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5-ის ინიციატივით, პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისიები. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველია ინფორმაცია, – ა) სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის იმგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების (მ.შ. კორუფციული სამართალდარღვევის) შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან სხვა ინტერესებს; ბ) სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.

დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტის წევრის კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საფუძველზეც შეიძლება შეიქმნას, აღნიშნულს არ ეწინააღმდეგება სადეპუტატო იმუნიტეტისა და ინდემნიტეტის პრინციპები, რომლებიც პარლამენტის წევრს მხოლოდ გარე ჩარევისგან იცავს“, — წერია კობახიძის სახელმძღვანელოში.

წიგნში ავტორი აღნიშნავს, რომ  დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა შესაძლებელია როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ოპოზიციის გადაწყვეტილებით, პარლამენტის სრული შემადგენლობის 1/3-ის მხარდაჭერით.

ირაკლი კობახიძე სახელმძღვანელოში წერს, რომ „დემოკრატიულ სისტემებში დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნა, როგორც წესი, ოპოზიციის განსაკუთრებულ პრივილეგიად განიხილება“.

მისი თქმით, სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის ახალი ნორმა, რომელიც კომისიის შექმნის უფლებას არანაკლებ 50 დეპუტატს ანიჭებს:

„დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ამასთან, კომისიაში ყველა ფრაქცია თითო წევრით მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი. დროებით კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. კომისიის წევრთაგან კომისია ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.

დროებითი საგამოძიებო კომისია კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით აღჭურვილია მნიშვნელოვანი უფლებებით. კომისიის მოთხოვნით, მის სხდომაზე გამოცხადება, აგრეთვე საკითხების გამოკვლევისთვის აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოა.

აღსანიშნავია, რომ კერძო პირისგან ჩვენების მიღებისას დროებითი საგამოძიებო კომისია ადამიანის ძირითადი უფლებებით არის შეზღუდული. რადგან დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტის სტრუქტურული ერთეულია, არ შეიძლება მისი უფლებამოსილება პარლამენტის უფლებამოსილების ფარგლებს გასცდეს. კომისიის ამოცანაა, ჩვენების მიღების გზით დაადგინოს გარემოებები, რომლებიც პოლიტიკური შეფასების შემუშავებისა და ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისთვის რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობას იძლევა.

ხელისუფლების დანაწილების პრინციპის გათვალისწინებით, დროებითი საგამოძიებო კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რა ზომები უნდა მიიღოს ამა თუ იმ ადმინისტრაციულმა ორგანომ ან სასამართლომ საქმესთან დაკავშირებით, (მაგალითად, კომისია ვერ მიუთითებს სასამართლოს, კონკრეტული პირის მიმართ უნდა დადგეს გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენი). კომისიას მხოლოდ საქმის პოლიტიკური თვალსაზრისით შეფასება და შედარებით ზოგადი სახის რეკომენდაციების გაცემა შეუძლია“, — ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.

დღეს, 19 აპრილს,  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვორუმის არარსებობის გამო სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა ისევ ვერ შედგა.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი ოპოზიციაა, შესაბამისად, პლენარულ სხდომაზე მობილიზებული იყვნენ ოპოზიციონერი დეპუტატები, რათა კომისიის შექმნისთვის საჭირო 50 ხმა ჰქონოდათ.

თუმცა, ვინაიდან უმრავლესობის წევრები საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ეთანხმებიან, იმისვის, რომ კომისიის შექმნისთვის ხელი შეეშალათ, კენჭისყრამდე რეგისტრაცია, 18 აპრილის მსგავსად, ისევ არ გაიარეს და კენჭისყრის გასამართად საჭირო ქვორუმი – 76 დეპუტატი ვერ მოგროვდა. შესაბამისად, კენჭისყრაც აღარ შედგა.

18 აპრილის სხდომაზე კენჭისყრების დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელებს „ქართველი მოსამართლეების სოლიდარობის“ ნიშნად მოუწოდა, რეგისტრაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ:

„სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე მინდა შემოგთავაზოთ კონკრეტული აქტი. ესაა სასამართლოს მხარდამჭერი აქტი, ჩვენი კონსტიტუციური პრინციპი, რაც უნდა იყოს დაცული და ეს არის ჩენი სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეიტლება, საპარლამენტო უმრავლესობაში არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე, ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სხდომის დასრულების შემდეგ კი ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას არ განიხილავს და ეს მათი პრინციპული პოლიტიკური პოზიციაა — „ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევამქნევინებთ“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ:

„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ. ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია“, — თქვა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი