ახალი ამბები

„მოსამართლეების მიმართ სოლიდარობა“ — „ოცნებამ“ საგამოძიებო კომისიაზე ქვორუმი ჩააგდო

18 აპრილი, 2023 • 1143
„მოსამართლეების მიმართ სოლიდარობა“ — „ოცნებამ“ საგამოძიებო კომისიაზე ქვორუმი ჩააგდო

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე კენჭი ვერ უყარა სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გახდა, რომლის ფარგლებშიც დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვის შემდეგ, კენჭისყრამდე უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს და, შესაბამისად, ვერ შედგა ქვორუმი.

როგორც რეგისტრაციის პროცედურის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ქართველი მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის აქტია:

„პარლამენტი განეკუთვნება ხელისუფლების პოლიიტკურ შემადგენელს, ისევე როგორც მთავრობა. ხელისუფლებაში არის მესამე შტო, სასამართლო ხელისუფლება, რომელიც არის დამოუკიდებელი. ჩვენ პოლიტიკურ ხელისუფლებას სასამართლოსთან მიმართებით შეგვიძლია გავაკეთოთ მხოლოდ ორი რამ: ერთი, ეს არის კანონების მიღება და მეორე, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე მინდა შემოგთავაზოთ კონკრეტული აქტი. ესაა სასამართლოს მხარდამჭერი აქტი, ჩვენი კონსტიტუციური პრინციპი, რაც უნდა იყოს დაცული და ეს არის ჩენი სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეიტლება, საპარლამენტო უმრავლესობაში არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე, ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რა არის დროებითი საგამოძიებო კომისია?

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევის მიზნით. კომისიის შექმნის საფუძველია:

  • ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;
  • ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო მოწინააღმდეგეთა ხმები გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება. კომისიის შემადგენლობაშიც ოპოზიციის წარმომადგენლობა არ შეიძლება იყოს ნახევარზე ნაკლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი