ფინეთი ოფიციალურად ნატო-ს წევრი გახდა.
ფინეთის ალიანსში გაწევრიანების ცერემონია ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, ალიანსის 74-ე იუბილეზე გაიმართა.
”ჩვენ მივესალმებით ფინეთს ალიანსში!” — განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, როდესაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ ფინეთის გაწევრიანების დოკუმენტი გადასცა შეერთებული შტატების მთავრობას, რომელსაც სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი წარმოადგენდა.
ამის შემდეგ ნატო-ს შტაბ-ბინის წინ ფინეთის დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო, საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო, თავდაცვის მინისტრი ანტი კაიკონენი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მონაწილეობდნენ. გაჟღერდა ფინეთის და ნატოს ჰიმნები.
„ეს ისტორიული დღეა. ჩვენ მივესალმებით ფინეთს, როგორც ჩვენი ალიანსის უახლეს წევრს. ფინეთის დროშას პირველად აქ, ნატოს შტაბ-ბინაში ავწევთ. ოცდათერთმეტი დროშა ერთად ფრიალებს ჩვენი ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდ. ამ დღეს, 1949 წლის 4 აპრილს, ხელი მოეწერა ვაშინგტონის ხელშეკრულებას აგრესიისგან დამცავი ფარის შესაქმნელად. თითქმის 75 წლის განმავლობაში, ეს დიდი ალიანსი იცავდა ჩვენს ერებს. და დღესაც ასე აგრძელებს. მაგრამ ომი დაბრუნდა ევროპაში. და ფინეთმა გადაწყვიტა გაწევრიანდეს ნატოში და იყოს მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ალიანსის ნაწილი. ეს იყო ყველაზე სწრაფი გაწევრიანების პროცესი ნატოს თანამედროვე ისტორიაში“, — განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მაისში შეიტანეს. ივნისში, მადრიდის სამიტზე ყველა მოკავშირემ მიიწვია ისინი გასაწევრიანებლად. იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ შვედეთსაც რაც შეიძლება მალე იხილავს ალიანსში. ფინეთისგან განსხვავებით, შვედეთის ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილების რატიფიკაცია თურქეთს ჯერ არ მოუხდენია.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატოს კარი ღია რჩება და ვერავინ დახურავს მას ძალით.
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის ნატოში გაწევრიანება არჩიეს. ფინეთის ალიანსში გაწევრიანების შემდეგ, უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას. ფინეთის ალიანსში გაწევრიანების შემდეგ, რუსეთის საზღვარი ნატოსთან 1300 კმ-ით გაიზარდა.
რის სანაცვლოდ დათანხმდა თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღებას