მადრიდის სამიტზე ნატო-მ ოფიციალურად მიიწვია ფინეთი და შვედეთი ალიანსში გასაწევრიანებლად.
„ჩვენ ვადასტურებთ ერთგულებას ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი, გახდნენ ნატოს წევრები და შევთანხმდით გაწევრიანების პროტოკოლების ხელმოწერაზე. ალიანსში ნებისმიერი გაწევრიანებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ლეგიტიმური საზრუნავი სათანადოდ იყოს განხილული. ჩვენ მივესალმებით სამმხრივ მემორანდუმს, რომელიც გაფორმდა თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება მათ უფრო უსაფრთხოს გახდის, ნატოს — უფრო ძლიერს, ევროატლანტიკურ ზონას კი — უფრო უსაფრთხოს. ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებას პირდაპირი მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის, მათ შორის, გაწევრიანების პროცესში“, — ნათქვამია მადრიდის სამიტის დეკლარაციაში.
მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა გადაწყვეტენ, მიიწვიონ ქვეყანა ნატოს წევრად, ოფიციალურად იწვევენ ქვეყანას ალიანსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად. მას შემდეგ, რაც მოკავშირეები იწვევენ ქვეყანას გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, პროტოკოლის ხელმოწერა არის მესამე ნაბიჯი გაწევრიანების ფორმალურ გზაზე, მოლაპარაკებებისა და მიწვეული ქვეყნების მიერ გენერალური მდივნისადმი გაგზავნილი განზრახვის წერილების შემდეგ. გაწევრიანების ოქმების ხელმოწერის შემდეგი ეტაპია მათი რატიფიცირება ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიერ. რატიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ, გენერალური მდივნის მოწვევის საფუძველზე, ფინეთი და შვედეთი შუერთდებიან ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულებას.
ფინეთის და შვედეთის სწრაფი ინტეგრაციის პროცესში საუბარი არ ყოფილა მათთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) შეთავაზებაზე, რაც არის ალიანსის ინსტრუმენტი 1999 წლიდან და წარმოადგენს ალიანსის რჩევების, დახმარებისა და პრაქტიკული მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც მორგებულია ალიანსში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების მომზადებაზე. MAP-ის დანერგვა დიდწილად ეყრდნობოდა ჩეხეთის, უნგრეთისა და პოლონეთის გაწევრიანების პროცესში მიღებულ გამოცდილებას, რომლებიც გახდნენ ალიანსის წევრები პოსტცივი ომის შემდგომი გაფართოების პირველი რაუნდისას, 1999 წელს. MAP-ის გავლით გახდნენ ალიანსის წევრები ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია 2004 წელს, ასევე, ალბანეთი და ხორვატია 2009 წელს. მონტენეგრო, რომელმაც MAP 2009 წლის დეკემბერში მიიღო, ალიანსის წევრი კი 2017 წელს გახდა. ბოლო ქვეყანა, რომელიც ნატოს 2020 წელს შეუერთდა, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა MAP-ში 1999 წლიდან მონაწილეობს.
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის ნატოში გაწევრიანება არჩიეს.
თურქეთმა, რომელიც ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღებას ეწინააღმდეგებოდა, საბოლოოდ შეიცვალა პოზიცია და ამ ქვეყნების მიღებას მწვანე შუქი აუნთო.
თუმცა პოზიციის ცვლილებას წინ უძღოდა სამ ქვეყანას შორის მემორანდუმის გაფორმება, რომლის თანახმადაც, ფინეთმა და შვედეთმა აღიარეს თურქეთის ის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებასაც ანკარა მანამდე ითხოვდა, მათ შორის:
- ქურთებისა და გიულენისტების ორგანიზაციების მხარდაჭერის შეწყვეტა, ზოგ შემთხვევაში კი, მათ წინააღმდეგ ბრძოლა;
- თურქეთისადმი დაწესებული სამხედრო ემბარგოს მოხსნა;
- ფინეთი და შვედეთი განიხილავენ თურქეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ექსტრადიციისა და დეპორტაციის საკითხს.
ფინეთი უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას. ჰელსინკის ნატოში გაწევრიანების შემდეგ, ნატო-რუსეთის საზღვარი ორჯერ გაიზრდება.
