ახალი ამბები

რის სანაცვლოდ დათანხმდა თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღებას

29 ივნისი, 2022 • 2004
რის სანაცვლოდ დათანხმდა თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღებას

თურქეთმა, რომელიც ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღებას ეწინააღმდეგებოდა, საბოლოოდ შეიცვალა პოზიცია და ამ ქვეყნების მიღებას მწვანე შუქი აუნთო.

თუმცა პოზიციის ცვლილებას წინ უძღოდა სამ ქვეყანას შორის მემორანდუმის გაფორმება, რომლის თანახმადაც, ფინეთმა და შვედეთმა აღიარეს თურქეთის ის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებასაც ანკარა მანამდე ითხოვდა, მათ შორის:

  • ქურთებისა და გიულენისტების ორგანიზაციების მხარდაჭერის შეწყვეტა, ზოგ შემთხვევაში კი, მათ წინააღმდეგ ბრძოლა;
  • თურქეთისადმი დაწესებული სამხედრო ემბარგოს მოხსნა;
  • ფინეთი და შვედეთი განიხილავენ თურქეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ექსტრადიციისა და დეპორტაციის საკითხს.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ ნატოს ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ტერორიზმის ყველა ფორმის და გამოხატულების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც საფრთხეს უქმნის მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოებასა და საერთაშორისო მშვიდობას.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ფინეთი და შვედეთი მხარს დაუჭერენ თურქეთს მისი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არსებული საფრთხეების წინაშე ბრძოლაში. ფინეთი და შვედეთი მხარს არ დაუჭერენ სირიაში თურქეთის წინააღმდეგ მებრძოლ ქურთულ ჯგუფებს, მათ შორის YPG-სა და PYD-ს, ასევე სულიერი ლიდერის, ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაცია FETO-ს, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.

ტექსტის მიხედვით, ფინეთი და შვედეთი ცალსახად გმობენ ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას, რომლებიც ახორციელებენ თავდასხმებს თურქეთის წინააღმდეგ და გამოხატავენ ღრმა სოლიდარობას თურქეთისადმი და ტერორიზმის მსხვერპლთა ოჯახებისადმი.

ფინეთი და შვედეთი ადასტურებენ, რომ ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK) არის ტერორისტული ორგანიზაცია და  იღებენ ვალდებულებას, აღკვეთონ PKK-ის და ყველა სხვა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობა და მათი გაფართოება, ასევე, ამ ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფი ან მსგავსი იდეებით შთაგონებული პირების მოქმედება.

აღნიშნული დებულებების შესასრულებლად ფინეთმა და შვედეთმა საკუთარ კანონმდებლობებში ცვლილებებიც უნდა შეიტანონ.

მემორანდუმის თანახმად, ასევე იხსნება ფინეთისა და შვედეთის მიერ დაწესებული სამხედრო ემბარგოც თურქეთის სირიაში შეჭრის გამო. ქვეყნები განიხილავენ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების თურქეთში ექსტრადიციისა და დეპორტაციის საკითხსაც ევროპული კონვენციის ნორმებთან შესაბამისობის ფარგლებში. თურქეთში სწორედ ტერორიზმის მუხლით ასამართლებენ იმ პირთა ნაწილს, რომლებიც მონაწილეობდნენ 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში.

დადებული პირობების შესასრულებლად მხარეები გეგმავენ საპარლამენტო და სამთავრობო კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნასაც.

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანება რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტეს, თუმცა მათ წევრობას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა და ამ ქვეყნებს ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებდა.

ფინეთი უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას. ჰელსინკის ნატოში გაწევრიანების შემდეგ, ნატო-რუსეთის საზღვარი გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი