საზოგადოება

“როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული სია” — საზღვრიდან კიდევ ერთი რუსი უფლებადამცველი გააძევეს

29 მარტი, 2023 • 1929
“როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული სია” — საზღვრიდან კიდევ ერთი რუსი უფლებადამცველი გააძევეს

უფლებადამცველმა დარიანა გრიაზნოვამ და მისმა პარტნიორმა რუსეთი 2021 წელს, კრემლის მიერ უფლებადამცველთა დევნა-შევიწროების ფონზე დატოვეს და საქართველოს მოაშურეს.

წელიწად-ნახევრის შემდეგ, მიმდინარე კვირაში, საქართველოდან დროებით გასული გრიაზნოვა მესაზღვრეებმა უკან აღარ შემოუშვეს. საზღვრიდან გაძევებული სხვა არაერთი რუსი უფლებადამცველისა თუ ჟურნალისტის მსგავსად, არც მისთვის აუხსნიათ — რატომ.

რუსეთიდან საქართველომდე

თითქმის 10 წელია, დარიანა გრიაზნოვა უფლებადაცვით საქმიანობას ეწევა, უკანასკნელ პერიოდში კი განსაკუთრებით ფოკუსირდება ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, შშმ პირების უფლებებზე.

ამჟამად გრიაზნოვა იურიდიულ კონსულტანტად მუშაობს “ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრში”; ასევე საქმიანობს იურიდიულ მრჩევლად საერთაშორისო ორგანიზაციაში Equality Now, რომელიც ქალებისა და გოგოების უფლებებს იცავს.

დარიანას პარტნიორი, ადვოკატი ევგენი სმირნოვიც უფლებადამცველია. ის წლების განმავლობაში საქმიანობდა რუსეთში დაფუძნებულ ადამიანის უფლებათა ასოციაციაში “გუნდი 29”, რომლის წევრი ადვოკატები და ჟურნალისტები  სისხლის სამართლის არაერთ გახმაურებულ საქმეში იყვნენ ჩართულნი.

სხვა პირებთან ერთად, სმირნოვი, როგორც ადვოკატი, პირადად მონაწილეობდა ჟურნალისტ ივან საფრონოვის საქმეში, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება სახელმწიფო ღალატს ედავებოდა.

კრემლისათვის არასასურველ პირთა დაცვის ფონზე, “გუნდ 29-ზე” ზეწოლა ძლიერდებოდა. შედეგად, 2021 წელს, ასოციაციამ საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, აღნიშნა რა, მუშაობის გაგრძელებასთან დაკავშირებული რისკები.

“რუსეთი 2021 წლის სექტემბერში დავტოვეთ, რადგან ჩემს პარტნიორსა და მის კოლეგებს დევნიდნენ და ვეღარ ვგრძნობდით თავს უსაფრთხოდ. ამიტომაც ჩამოვედით საქართველოში”, — უყვება გრიაზნოვა “ნეტგაზეთს”.

უკანასკნელ წელიწად-ნახევარში წყვილი თბილისში დამკვიდრდა და უძრავი ქონებაც შეიძინა.

პრობლემები საზღვარზე

უკანასკნელ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში წამოსული არაერთი რუსი დისიდენტი — ჟურნალისტი, აქტივისტი თუ უფლებადამცველი — საუბრობს განსაკუთრებულ ყურადღებაზე, რომელსაც გრძნობენ როგორც საქართველოდან დროებით გასვლისას, ისე ქვეყანაში უკან დაბრუნებისას.

აღნიშნული ყურადღება და საზღვარზე ლოდინი უცხო არც დარიანა გრიაზნოვასთვის არის, რომელიც საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ არაერთხელ გაემგზავრა საზღვარგარეთ.

“[გუშინდელ] ინციდენტამდე, ომამდეც, [მე და ჩემს პარტნიორს] გვქონდა პრობლემები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. გვიწევდა ლოდინი, ზოგჯერ რამდენიმე წუთით, ზოგჯერ — ნახევარი ან ერთი საათითაც”, — დასძენს ის და იქვე საუბრობს პროცედურაზეც, რომელიც თითქმის არ იცვლება:

“საპასპორტო კონტროლისას ოფიცერი ასკანერებს შენს პასპორტს, რის შემდეგაც ის ხედავს რაღაცას, სპეციალურ ნიშანს ან რაიმე მსგავსს [კომპიუტერის ეკრანზე].

ამის შემდეგ ის ფოტოს უღებს პასპორტს და “ვოთსაფის” მეშვეობით უგზავნის ვიღაცას. ვის — არ ვიცი. შემდეგ გთხოვენ, რომ დაჯდე და დაიცადო. ამის შემდეგ ან გიშვებენ ქვეყნაში, ან —  გადეპორტებენ”.

ლოდინის შემდეგ, ახლო წარსულში საზღვრიდან გააძევეს, მაგალითად, რუსული ანტიპუტინისტური ჯგუფის, “ფუსი რაიოთის” ერთ-ერთი წევრი, კრიტიკული მედიასაშუალების, “პროექტ მედიის” ჟურნალისტი და რუსეთში “უცხოეთის აგენტად” გამოცხადებული ადვოკატი.

მათგან განსხვავებით, ზემოხსენებული ბიუროკრატიის გავლის შემდეგ გრიაზნოვას საზღვარზე უშვებდნენ. თუმცა მიმდინარე 28 მარტს უფლებადამცველს აღარ გაუმართლა.

“მკითხეს, რას ვაკეთებდი საქართველოში”

28 მარტს დარიანა გრიაზნოვა თურქეთის ქალაქ სტამბოლიდან საქართველოში ბრუნდებოდა, როცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან გააბრუნეს.

გვიყვება, რომ წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, თან ჰქონდა უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის, მერი ლოულორის წერილი, რომელშიც ეს უკანასკნელი გრიაზნოვას საქმიანობას აღწერდა. ის საქართველოს ხელისუფლებას შესაბამის საერთაშორისო ვალდებულებებს ახსენებდა და მოუწოდებდა, შეუფერხებლად შემოეშვა უფლებადამცველი ქვეყნის ტერიტორიაზე.

როგორც დარიანა ყვება, მესაზღვრეებმა პასპორტსაც გადაუღეს ფოტო და, მისი მოთხოვნის შემდეგ, მერი ლოულორის წერილსაც, რის შემდეგაც ფოტოები სადღაც გაგზავნეს — სავარაუდოდ, “ვოთსაფით”.

უფლებადამცველის თქმით, შენიშნა, რომ ხსენებული წერილი მესაზღვრეებისთვის მოულოდნელი იყო.

“დამისვეს კითხვები, რას ვაკეთებდი საქართველოში, რომელ ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობ… [საბოლოოდ], გადაწყვეტილება ჩემ სასარგებლოდ არ დადგა და დამადეპორტეს. არაერთგზის ვკითხე მიზეზი, თუ რატომ არ შემომიშვეს ქვეყანაში”, — დასძენს გრიაზნოვა.

მისი თქმით, დაჰპირდნენ, რომ მიზეზებს უკან, სტამბოლში გაფრენის შემდეგ გაიგებდნენ, თუმცა არც ფრენის შემდეგ აუხსნია ვინმეს რამე. უფლებამდაცველისთვის ის დოკუმენტიც არ მიუციათ, რომელსაც ხშირად გადასცემენ საზღვრიდან გაბრუნებულ რუს დისიდენტებს, ზედ ბუნდოვანი ახსნა-განმარტებით: “არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”.

დარიანა გრიაზნოვა ახლა სტამბოლშია, მისი პარტნიორი კი — თბილისში, წყვილის მიერ აყვანილ კატებთან და ძაღლებთან ერთად.

დარიანა გვეუბნება, რომ თავისი ლეპტოპით ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია, აკეთოს საქმე, რომელსაც წლებია, ემსახურება. თუმცა არ აპირებს, დანებდეს და ქართული სასამართლოსთვის მიმართვასაც გეგმავს.

“ესაა თვითნებური გადაწყვეტილება”, — გვეუბნება ის, ხაზს უსვამს რა, რომ საქართველოში ლეგალურად ყოფნის წესები არ დაურღვევია.

უფლებადამცველს უჭირს, გადაჭრით თქვას, რის გამო არ შემოუშვეს ქვეყანაში, თუმცა მსგავსი შემთხვევების სიმრავლე და ფორმა აფიქრებინებს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება, რუს უფლებადამცველებს ქვეყანაში ყოფნის საშუალება მისცეს.

“ისინი ასკანერებენ პასპორტს, რაღაცას ხედავენ ეკრანზე, შემდეგ ფოტოს უღებენ პასპორტს და სადღაც გზავნიან. როგორც ჩანს, არსებობს რუსი უფლებადამცველების გარკვეული სია.

არ ვიცი, ვინს შექმნა ეს სია, [კონკრეტულად] ვინ არიან ამ სიაში და რატომ არსებობს ის. ბევრი კითხვაა, რომლებზეც პასუხები არ გვაქვს და ალბათ ქართველი ჟურნალისტები და უფლებადამცველები [უნდა დაინტერესდნენ ამით]” ,— აღნიშნავს ის.

“ნეტგაზეთმა” შსს-ს პრესსამსახურს ჰკითხა, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში რუსი უფლებადამცველი. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

ნეტგაზეთმა ბოლო თვეების განმავლობაში უამრავჯერ მიმართა შსს-ს სხვა მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი არცერთ შემთხვევაში არ მიგვიღია.

“თითქოს ქვეყანა დაინგრა”

“ატყდა ამბავი, როგორ შეიძლება ეს ადამიანი არ შემოუშვათ, ესაა გადამრჩენელი და მე მგონი, პუტინის დამმარცხებელიო, ანუ ეს ებრძვის მარტო რუსეთის პრეზიდენტს”, – ეს რეპლიკა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ეკუთვნის.

ამ ფორმით გომელაური რუსი მწერლისა და ჟურნალისტის, ფილიპ ძიადკოს საქართველოში არშემოშვებას გამოეხმაურა რამდენიმე კვირის წინ, თებერვალში. მას პარლამენტში ყოფნისას ჰკითხეს, რატომ არ უშვებენ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პუტინს ეწინააღმდეგებიან.

პასუხად გომელაურმა ქართული ოპოზიცია გააკრიტიკა და თქვა, რომ არავინ ხმას არ იღებს მაშინ, როცა სხვა ქვეყნების საზღვრებზე საქართველოს მოქალაქეებს აჩერებენ და არ უშვებენ.

მთავარ ფოტოზე: დარიანა გრიაზნოვა. ფოტო პირადი “ფეისბუკიდან”

მასალების გადაბეჭდვის წესი