საზოგადოება

“აღარ შემომიშვეს” — საქართველოდან “სხვა მოთხოვნებით” გაბრუნებული რუსი დისიდენტები

9 დეკემბერი, 2022 • 1898
“აღარ შემომიშვეს” — საქართველოდან “სხვა მოთხოვნებით” გაბრუნებული რუსი დისიდენტები

რუსეთში მორიგი პატიმრობიდან გათავისუფლებულმა “ფუსი რაიოთის” წევრმა ნიკა [ვერონიკა] ნიკულშინამ უსაფრთხო სივრცე ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე საქართველოში იპოვა, თუმცა ერთი წლის შემდეგ შეიტყო, რომ აღარც აქ დაედგომებოდა.

“ფუსი რაიოთის” წევრი ერთ-ერთია რუსი დისიდენტებიდან, რომლებიც საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში არ შემოუშვა. მათი ნაწილისთვის, ნიკულშინას მსგავსად, ეს არ ყოფილა პირველი ვიზიტი საქართველოში:

ისინი გარკვეული ხნის მანძილზე აქ ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ, სხვადასხვა მიზნით ქვეყნიდან გასულებს კი უკან დაბრუნების საშუალება აღარ მისცეს.

მიზეზი არავის აუხსნია.

“მთელი ჩემი ცხოვრება ახლა საქართველოშია”

მოსკოვის სტადიონზე 2018 წლის მსოფლიო თასის ფინალური მატჩი მიმდინარეობდა, როცა მინდორზე პოლიციელის ფორმაში გადაცმული ოთხი ადამიანი შეიჭრა. როგორც შემდგომ გაირკვა, ეს საპროტესტო პერფორნამსი იყო.

ასე დაადგა აქტივიზმის გზას ნიკა ნიკულშინა: რუსული ანტისამთავრობო ფემინისტური ჯგუფის, Pussy Riot-ის წევრი, რომელიც თანამებრძოლებთან ერთად შევარდა სტადიონზე.

“აქცია-პერფორმანსი იყო უსამართლობაზე რუსეთში, მის პოლიტიკურ სისტემაში. ჩვენ მოვითხოვეთ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება”, — იხსენებს ის 4 წლის წინანდელ პროტესტს.

ნიკა მაშინ 2 კვირით დააპატიმრეს, თუმცა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ყველაფერი წინ იყო: მომდევნო წლებში კიდევ არაერთხელ აღმოჩნდა ციხის კედლებში. როგორც ჰყვება, 2021 წლის ზაფხულში რამდენჯერმე დააკავეს უმიზეზოდ.

უკანასკნელი ასეთი შემთხვევის დროს ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში ვეღარ გაჩერდებოდა.

ნიკა ნიკულშინა სტადიონზე მოწყობილი პერფორმანსის დროს. ფოტო: Reuters

“ბოლო [დაკავების] შემდეგ იძულებული გავხდი, რუსეთი დამეტოვებინა. ეს იყო კონტექსტი: ან დატოვებ რუსეთს, ან წახვალ ციხეში”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

გასული წლის ივლისში, იზოლატორის დატოვების შემდეგ, პირდაპირ აეროპორტისკენ აიღო გეზი. მეგობრებს ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდათ — რეისისთვის საქართველოსკენ.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს იყო საქართველო. შემიყვარდა ეს ქვეყანა”, — ამბობს ნიკულშინა.

როგორც ჰყვება, სამშობლოდან იძულებით წამოსულს რთული პერიოდი ჰქონდა, რაც გააუარესა მისი ქვეყნის თავდასხმამ უკრაინაზე რამდენიმე თვის შემდეგ. მიუხედავად ამისა, პროფესიით რეჟისორი განაგრძობდა საქმიანობას და ომის დაწყების შემდეგ ახალ ფილმზე მუშაობა დაიწყო, რომელიც აღწერს “რუსულ სირცხვილს” ომის გამო.

აგვისტოში თანამოაზრეებთან ერთად თბილისში  საქველმოქმედო ღონისძიებაც ჩაატარა, სადაც ფული შეაგროვეს უკრაინელი ლტოლვილებისთვის და აფხაზეთიდან დევნილებისთვის.

“ბედნიერები ვიყავით ამის გამო, რომ არავინ შეგვიშალა ხელი, ეს გაგვეკეთებინა: რუსეთში რომ ფული ამეგროვებინა უკრაინისთვის, ციხე ან რაიმე მსგავსი მოხდებოდა”, — აღნიშნავს ის.

ნიკა ნიკულშინა რუსულ სასამართლოში, ერთ-ერთი საქმის განხილვის დაწყებამდე. ფოტო: Twitter/Пётр Верзилов 

მაშინ არ იცოდა, რომ სულ რამდენიმე თვეში დაირღვეოდა შედარებითი სტაბილურობა, რომელსაც საქართველოში გრძნობდა: ნოემბერში, მეგობრის ქორწილის გამო სხვა ქვეყანაში რამდენიმე დღით წასულმა, უკან შემოსვლა ვეღარ შეძლო.

რატომ — არავის აუხსნია. როგორც ჰყვება, თბილისის აეროპორტში საპასპორტო კონტროლისას მის პასპორტს ფოტო გადაუღეს, სთხოვეს, დაეცადა, შემდეგ კი უარის დოკუმენტი გადასცეს.

ნიკულშინას თქმით, საქართველოში ცხოვრების 1.3 წლის მანძილზე ქვეყნიდან 5-ჯერ გავიდა და შემოვიდა. ბოლოს საქართველოს საზღვარი შემოსვლაზე უარის მიღებამდე 1 კვირით ადრე, სომხეთიდან გადმოკვეთა.

“საინტერესო ისაა, რომ ყოველ ჯერზე, როცა საქართველოში ვბრუნდებოდი, ისინი ფოტოს უღებდნენ ჩემს პასპორტს და გზავნიდნენ სადღაც — არ ვიცი, სად.

ამ ჯერზეც იგივე მოხდა: გადაიღეს ჩემი პასპორტი, შემდეგ კი მთხოვეს, დამეცადა რიგს მიღმა. 1-1.5 საათის შემდეგ დაბრუნდა კაცი დოკუმენტებით, რომელმაც მაუწყა, რომ ვერ შემოვიდოდი [ქვეყანაში]”, — გვიყვება ის.

1 თვეზე მეტია, იცდის, როდის შეძლებს საქართველოში დაბრუნებას. გაურკვევლობაში მყოფი დარდობს იმაზე, რაც აქ დატოვა:

“იქაა ჩემი ბინა [რომელიც ვიქირავე], ჩემი კატა, შეყვარებული, ფილმი… მთელი ჩემი ცხოვრება ახლა საქართველოშია”.

“მითხრა, რომ ჩემთვის საქართველოში შესვლა აკრძალულია”

ნიკა ნიკულშინამდე მცირე ხნით ადრე საქართველოში ეკატერინა არენინა ჩამოვიდა: რუსული საგამოძიებო მედია პლატფორმის “proekt.media” ჟურნალისტი. ქვეყნის დატოვების  გადაწყვეტილება 2021 წლის ივლისში, მას შემდეგ მიიღო, რაც მისი პლატფორმა რუსეთის ხელისუფლებამ “არასასურველ ორგანიზაციად” გამოაცხადა.

“ასეთ ორგანიზაციაში მუშაობისთვის, შესაძლოა, ციხეში ამოყო თავი”, — გვითხრა მან.

არენინამ საქართველოში 1 წელი გაატარა. ასე მოვიდა 2022 წლის ზაფხული. ამ დროს რუსეთი უკვე აწარმოებდა ომს უკრაინაში, საქართველოში კი მრავლად იყვნენ შემოსულნი რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის, ოპოზიციონერი აქტივისტები და ჟურნალისტები.

მეორე მხრივ, მედიაში უკვე საკმაოდ მოიპოვებოდა ცნობები საქართველოდან ახსნა-განმარტების გარეშე გაბრუნებული არაერთი რუსი ოპოზიციონერის შესახებ. როგორც ეკატერინა ჰყვება, ხსენებული ცნობები უჩენდა განცდას, რომ დისიდენტებისთვის საქართველო აღარ იყო უსაფრთხო ადგილი, რის გამოც ქვეყანა დატოვა და ლიეტუვაში გადავიდა.

ეკატერინა არენინა 

რამდენიმე თვის შემდეგ, ნოემბერში არენინამ გადაწყვიტა, ისევ ჩამოსულიყო საქართველოში, რათა აქ მყოფი მეგობრები ენახა და დარჩენილი პირადი ნივთები წაეღო. პრობლემაც აქედან დაიწყო.

“გამოვფრინდი საქართველოში, [თუმცა] მესაზღვრეებმა არ შემომიშვეს. თქვეს, რომ ჩემთვის აკრძალული იყო საქართველოში შესვლა, მაგრამ არ აუხსნიათ, რატომ”, — იხსენებს არენინა ქუთაისის აეროპორტიდან უკან გაბრუნების დღეს.

აეროპორტში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით მისი მონაყოლი ნიკულშინას ისტორიას ჰგავს. როგორც ამბობს:

“არანაირი შეკითხვა არ ყოფილა. გოგონამ, რომელსაც პასპორტი მივეცი, რაღაც დაინახა თავის მონიტორზე, შემდეგ კი დაიწყო ვიღაცასთან მიმოწერა თავისი ტელეფონით. მთხოვა, დამეცადა.

ვიცადე 40-50 წუთი, რის შემდეგაც მოვიდა კაცი და მითხრა, რომ ჩემთვის საქართველოში შესვლა აკრძალულია”.

კითხვები “სხვა მოთხოვნების” მიღმა

როგორც ნიკულშინას, ისე არენინას, აეროპორტში გადასცეს დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესაძლო საფუძვლები. ორივე შემთხვევაში დოკუმენტში მონიშნულია პუნქტი:

“არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”.

აღნიშნულ პუნქტს ახსენებდა იმ რუსი დისიდენტების დიდი ნაწილი, რომლებიც გასულ პერიოდში — განსაკუთრებით, ომის დაწყების შემდეგ — საქართველოში არ შემოუშვეს:

ასე მოხდა “მედიაზონას” ჟურნალისტის, “დოჟდის” წამყვანის, The Insider-ის ფოტოჟურნალისტისა და სხვათა შემთხვევაში. ომამდე მცირე ხნით ადრე ასევე “სხვა შემთხვევებს” მიაწერა შსს-მ რუსი ოპოზიციონერის, დმიტრი გუდკოვის გაბრუნება აეროპორტიდან.

არადა, მსგავსი ფორმულირება ართულებს იმის გარკვევას, კონკრეტულად რის გამო არ უშვებენ ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

“ნეტგაზეთი” შსს-სგან ელის პასუხს ნიკა ნიკულშინასა და ეკატერინა არენინას შემთხვევებზე. ორივე მათგანს ახლა საერთო კითხვები აწუხებს და შესაბამისი ეჭვებიც აქვს.

“…ვხედავთ, რომ ბევრ ადამიანს, რომლებიც ებრძვიან პუტინს, უარი უთხრეს საქართველოში შემოსვლაზე. მინდა, მივხვდე, რატომ მოხდა ასე, ისევე როგორც მინდა, დავბრუნდე.

მაგრამ ჩანს, რომ ამას მართლაც აქვს რაღაც საერთო საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობასთან, ოღონდ არა პოზიტიური გაგებით”, — აღნიშნავს ნიკულშინა, რომელსაც, როგორც ჰყვება, საშუალოდ 20-40 წუთით ყოველთვის აყოვნებდნენ საზღვარზე ქვეყანაში შემოსვლისას და უფრო მცირე ხნით, მაგრამ მაინც — ქვეყნიდან გასვლისას.

“შეგუებული ვიყავი ამას, რადგან პოლიტიკური აქტივისტი ვარ. ყველამ იცის ეს, ყველა ითვლის პოლიტიკურ აქტივისტებს საქართველოში, მესაზღვრეები და სხვები. მაგრამ ბოლო ჯერზე  საერთოდ აღარ შემომიშვეს”, — დასძენს ის.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 

როგორც ეკატერინა არენინა აღნიშნავს, მისი და გარშემომყოფთა მოსაზრებით,  “ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოს ეშინია გარკვეული სახის პრობლემების რუსეთთან”, მაგრამ არ ესმით ლოგიკა, კონკრეტულად რა უნდა იყოს ეს.

“ეშინიათ, რომ რუსეთი სთხოვს  ჩვენს გადაცემას და ამას საერთაშორისო კონფლიქტი [მოჰყვება]? არ ვიცი”, — კითხულობს ის.

საქართველოში მოქმედი ფონდის “თავისუფალი რუსეთი” ხელმძღვანელი ეგორ კუროპტევი, რომელიც ხსენებულ საქმეებს იცნობს, აღნიშნავს, რომ ნოემბრიდან დისიდენტებისთვის შემოსვლაზე უარის შემთხვევები გახშირდა. მისი თქმით, გასულ თვეში არ შემოუშვეს 10 ადამიანი, საიდანაც 5 საქართველოს არამხოლოდ სტუმრობდა, არამედ — მანამდე აქ ცხოვრობდა.

“არ არსებობს გამჭვირვალე სისტემა, გარანტიები, რათა ეს აკრძალვები თავიდან იქნას აცილებული. ადამიანებს ეშინიათ საქართველოდან სადმე გასვლის, რადგან შიშობენ, რომ სახლში ვეღარ დაბრუნდებიან”, — დასძენს ის.

“პასპორტის ფოტოს გადაღება [და გაგზავნა] ნიშნავს, რომ საქართველოს [შესაბამისმა უწყებამ] გააკეთა გარკვეული მონიშვნა ადამიანზე… ეს ნიშნავს, რომ მონიტორინგის ქვეშ ხარ… აქ არაფერია უჩვეულო. უჩვეულოა, როცა ვერ ვხედავ, ვინმეს ადარდებდეს ის, რაც [დისიდენტების გარშემო ახლა] ხდება”, — ამატებს კუროპტევი.

კუროპტევის აზრით, “საქმე არ გვაქვს რუსეთთან დაკავშირებულ პოლიტიკასთან”, რადგან “ასობით დისიდენტი” ისევ ბრუნდება საქართველოში, “მაგრამ ვერ ბრუნდება ეს 10 ადამიანი” — მისი სიტყვებით, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ჟურნალისტები, იურისტები და სხვები, რომლებიც საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ.

ეგორ კუროპტევი 

კუროპტევის ცნობით, იცის “ბევრი შემთხვევა” ნოემბრამდე, როცა ხალხი, რომლებსაც თავდაპირველად საზღვარზე არ უშვებდნენ, დამატებითი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ შემოუშვეს, თუმცა ახლა, მისი სიტყვებით, აღარც ეს ჭრის:

“მე ვნახე, რომ ზოგიერთმა ადამიანმა სცადა, ხელახლა შემოსულიყო, სხვა დოკუმენტებიც წარმოადგინეს, მაგრამ მათ ეს ვერ დაეხმარათ”.

“სტატისტიკურად გასაგები მიზეზები არ არსებობს. უბრალოდ, აღარავის ადარდებს რუსეთიდან მომავალი დისიდენტები”.

პირველი უარის შემდეგ საქართველოში მეორედ შემოსვლის ამაო მცდელობა ჯერ კიდევ სექტემბერში ჰქონდა რუს ფოტოგრაფს, ვასილი კრესტიანინოვსაც, რომელიც 2021 წლის ნოემბრიდან აქ ცხოვრობდა. იმ ფონზე, რომ არაფერი განუმარტეს, უარი მანაც თავის ჟურნალისტურ საქმიანობას და პოლიტიკურ აქტივობას დაუკავშირა.

“მე არ ვურჩევდი სხვა აქტივისტებს საქართველოში გადასვლას… შესაძლოა, აგიკრძალონ იმ ქვეყანაში შესვლა, სადაც ბინა და ყველა შენი ნივთი გაქვს”, — ეუბნებოდა კრესტიანინოვი The Moscow Times-ს.


ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი, სხვადასხვა მიზეზით, ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა. მრავალი მათგანი საქართველოში ჩამოვიდა, რადგან აქ შემოსასვლელად მათ ვიზა არ სჭირდებათ:

რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, 1 წლით ვიზის გარეშე იცხოვრონ საქართველოში, შემდეგ 1 დღით დატოვონ ქვეყანა და დაბრუნების შემდეგ კვლავ 1 წელი გაატარონ აქ.

NDI-ის მიერ 2022 წლის აპრილში ჩატარებული კვლევით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას უჭერს მხარს. მმართველ გუნდში ინიციატივას არ ეთანხმებიან.

შსს-ს ცნობით, 3 ოქტომბრის მდგომარეობით, წელს შემოსულთაგან რუსეთის 112 733 მოქალაქე კვლავ საქართველოში რჩება. ეს საქართველოს მოსახლეობის 3,05%-ია.

საქართველოში შემოსულთა რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა 21 სექტემბრის შემდეგ, როცა  პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის მოქალაქეები რამდენიმე დღის მანძილზე უწყვეტად კვეთდნენ სახმელეთო საზღვარს.

TI-ის ნოემბრის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 17 000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული. ნახევარზე მეტი ომის შემდეგ დარეგისტრირდა.

გარეკანის ფოტოზე: ნიკა ნიკულშინა რუსეთის პოლიციის გარემოცვაში. ფოტო: AFP

მასალების გადაბეჭდვის წესი