„ატყდა ამბავი, როგორ შეიძლება ეს ადამიანი არ შემოუშვათ, ესაა გადამრჩენელი და მე მგონი, პუტინის დამმარცხებელიო, ანუ ეს ებრძვის მარტო რუსეთის პრეზიდენტს“, – ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტან გომელაური რუსი მწერლისა და ჟურნალისტის ფილიპ ძიადკოს საქართველოში არშემოშვებას.
ვახტან გომელაურს პარლამენტში ყოფნისას „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ჰკითხა, რატომ არ უშვებენ საქართველოში რუსეთის ანტიპუტინისტ მოქალაქეებს.
პასუხად გომელაურმა ქართული ოპოზიცია გააკრიტიკა და თქვა, რომ არავინ ხმას არ იღებს მაშინ, როცა სხვა ქვეყნების საზღვრებზე საქართველოს მოქალაქეებს აჩერებენ და არ უშვებენ.
„მითხრეს, რომ ვიღაც რუსეთის მოქალაქე არ შემოუშვეს და თითქოს ქვეყანა დაინგრა. გუშინ რუსეთის 9 მოქალაქე არ შემოვუშვით საზღვარზე. ქალბატონი [ელენე] ხოშტარია მობრძანდა აეროპორტში თავის ორ თანმხლებ ადამიანთან ერთად და ატეხეს მთელი ამბავი, როგორ შეიძლება, რომ არ შემოვუშვით… 8 ადამიანზე რატომ არ იკითხა, მე მიკვირს.
ხშირად მწყდება ხოლმე გული, როცა ჩვენი ქართველები სხედან ამა თუ იმ საზღვართან და არ უშვებენ. მე არასდროს მინახავს, ოპოზიციიდან ვინმე გამოსულიყოს და ეთქვას, რა ხდებაო, ან ელჩისთვის მიემართოს, რომ ჩვენს მოქალაქეს იქნებ მიხედოთ, რომელიც აეროპორტში ზის… ჩვენს მოქალაქეებზე კაციშვილი არ იღებს ხმას.
ერთი მხრივ, იძახიან ,რუსებს დაუკეტეთ [საზღვარი], ნუ უშვებთ რუსებს, არავინ აღარ შემოუშვათო და ნუ, არ ვიცი ვინ იყო, გუშინ ატყდა ამბავი, როგორ შეიძლება ეს ადამიანი არ შემოუშვათ, ესაა გადამრჩენელი და მე მგონი, პუტინის დამმარცხებელიო, ანუ ეს ებრძვის მარტო რუსეთის პრეზიდენტს. ეს უნდა შემოვუშვათ. არ ვიცი, ასეთი მიდგომა არასწორია, ჩემი აზრით“, – განაცხადა გომეაურმა.
ბოლო თვეების განმავლოვაში საქართველოში შემოსვლაზე უარი რამდენიმე რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ჟურნალისტსსა და აქტივისტსს ეთქვა.
გუშინ, 20 თებერვალს რუსულმა ოპოზიციური არხმა „დოჟდმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი მწერალი და ჟურნალისტი ფილიპ ძიადკო საქართველოში არ შემოუშვეს. აღნიშნულის გასაპროტესტებლად თბილისის აეროპორტში აქტივისტებთან ერთად მივიდა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და მისი ქვეყანაში შემოშვება მოითხოვა.
