ახალი ამბები

რუსეთში “უცხოეთის აგენტად” გამოცხადებული იურისტი ამბობს, რომ საქართველოში აღარ შემოუშვეს

21 თებერვალი, 2023 • 754
რუსეთში “უცხოეთის აგენტად” გამოცხადებული იურისტი ამბობს, რომ საქართველოში აღარ შემოუშვეს

რუსი იურისტი მაქსიმ ოლენიჩევი, რომელიც სამშობლოში თავისი საქმიანობის გამო “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადეს, რუსეთის დატოვების შემდეგ საქართველოში ცხოვრობდა. როგორც ყვება, სამუშაო ვიზიტით საქართველოდან გასვლის შემდეგ, უკან აღარ შემოუშვეს.

“[ეს მოხდა] 1 კვირის წინ, 13 თებერვალს, ბერლინში ვიყავი სამუშაო ვიზიტით და იქიდან ვბრუნდებოდი”, — უყვება იგი “ნეტგაზეთს”.

ოლენიჩევი წლების მანძილზე საქმიანობდა ადამიანის უფლებათა არაფორმალურ ასოციაციაში “გუნდი 29”, რომლის წევრი ადვოკატები და ჟურნალისტები ჩართულნი იყვნენ სისხლის სამართლის მრავალ საქმეში, მათ შორის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ორგანიზაციისა და ჟურნალისტ ივან საფრონოვის დასაცავად.

კრემლისათვის არასასურველ პირთა დაცვის ფონზე, “გუნდ 29”-ზე ზეწოლა ძლიერდებოდა. შედეგად, 2021 წელს, ასოციაციამ საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, აღნიშნა რა მუშაობის გაგრძელებასთან დაკავშირებული რისკები.

იმავე წელს ხელისუფლებამ ასოციაციის ყოფილი წევრები, მათ შორის მაქსიმ ოლენიჩევი, “უცხოეთის აგენტების” სიაში შეიყვანა.

როგორც ოლენიჩევი ყვება, მომდევნო წელს, როცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კრემლის კრიტიკოსებზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა, საქართველოში გამოემგზავრა და აქედან განაგრძო იურიდიული საქმიანობა. თუმცა, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა:

10 თვეში, როცა საზღვარი გადაკვეთა და სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა, უკან აღარ შემოუშვეს. მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლში გააბრუნეს — ქალაქში, რომლის გავლითაც ბერლინიდან თბილისში ბრუნდებოდა.

“პასპორტი ჩამომართვეს და გადასცეს ავიაკომპანიას, რომელმაც სტამბოლში დაჯდომამდე არ დამიბრუნა [დოკუმენტი]. ავიაკომპანიამ ის თურქეთის პოლიციას გადასცა, შემოწმების შემდეგ კი, პოლიციამ დამიბრუნა პასპორტი”, — დასძენს ოლენიჩევი.

იურისტის თანახმად, ქართველ მესაზღვრეებს მისთვის არ გადაუციათ ოფიციალური დოკუმენტი ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ და მხოლოდ ზეპირად უთხრეს, რომ “სხვა მიზეზების” გამო არ უშვებდნენ უკან.

შესაბამისი კანონის ის მუხლი, რომელიც აერთიანებს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს, მართლაც მოიცავს პუნქტს, რომელშიც წერია:

“არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. შესაბამისად, ბუნდოვანია, კონკრეტულად რის გამო არ შემოუშვეს ქვეყანაში იურისტი მაქსიმ ოლენიჩევი. “ნეტგაზეთი” შსს-სგან ელის პასუხს.

რუსი დისიდენტების დიდი ნაწილი, რომლებიც გასულ პერიოდში — განსაკუთრებით, ომის დაწყების შემდეგ — საქართველოში არ შემოუშვეს, ამბობდა, რომ სწორედ ამ პუნქტს უსახელებდნენ საზღვრიდან გაბრუნების საფუძვლად.

ოლენიჩევს სჯერა, რომ საქართველოს აქვს სპეციალური სია, რომელიც აერთიანებს რუსეთის მიერ “უცხოეთის აგენტებად” გამოცხადებულ მოქალაქეებს. მისი თქმით, როცა ასეთი ადამიანი ქვეყანაში შემოდის, პოლიცია მათ პასპორტებს ფოტოს უღებს და სადღაც გზავნის, შემდეგ კი ნებართვას ელის, შემოუშვას თუ არა საქართველოში.

იურისტის თქმით, 2022 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე საქართველოში არ შემოუშვეს, მინიმუმ, მისი 3 კოლეგა. იგი ფიქრობს, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ახლა იმაზე ნაკლები რაოდენობით უშვებენ, ვიდრე უწინ, თუმცა ქვეყანაში შემომსვლელი ყველა რუსისთვის, “უცხოეთის აგენტებისგან” განსხვავებით, ცალკე ბაზა არ არსებობს.

კითხვის საპასუხოდ, რით ხსნის იმ გარემოებას, რომ 2022 წელს, როცა რუსეთში უკვე იყო გამოცხადებული “უცხოეთის აგენტად”, საქართველოში შემოსვლის საშუალება უპრობლემოდ მისცეს, ახლა კი უკან გააბრუნეს, ოლენიჩევი დასძენს:

“ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა აგროვებდა ინფორმაციას, 2022 წლის ზაფხულიდან კი “უცხოეთის აგენტები” საქართველოში შემოსვლისას დამატებით შემოწმებას ექვემდებარებოდნენ”.

იურისტს ასევე ვკითხეთ, კონკრეტულად რას უკავშირებს მისი და კრემლის სხვა კრიტიკოსების საზღვრიდან გაძევებას, რის საპასუხოდაც ამბობს:

“ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფალნი რუსეთის ხელისუფლების მაგალითს მიჰყვებიან ამ შემთხვევაში, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი