საზოგადოება

სახელმწიფო თათია სამხარაძის წინააღმდეგ

27 მარტი, 2023 • 7946
სახელმწიფო თათია სამხარაძის წინააღმდეგ

უკვე რამდენიმე დღეა, რაც სახელისუფლებო ტელეკომპანია „პოსტ ტვ“ სათავეში უდგას კამპანიას თათია სამხარაძის წინააღმდეგ. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს არის მიზანმიმართული და კოორდინირებული დისკრედიტაცია, რომელიც შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებსაც.

სამხარაძემ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საქმე ჯერ კიდევ 2016-2018 წლებში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოუგო შალვა რამიშვილს — „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებელს, რომელიც ბოლო 1 თვეში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა სექსუალურ შევიწროებაში.

შალვა რამიშვილი ამჟამად 52 წლისაა. გოგოები კი, რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, მასზე, სულ მცირე, 20 წლით უმცროსები არიან. მათ ერთი რამ აერთიანებთ: ისინი ან შალვა რამიშვილთან მუშაობდნენ, ან ეძებდნენ სამსახურს. როგორც ისინი ამბობენ, შალვა რამიშვილი მათგან სამსახურის სანაცვლოდ სექსს ითხოვდა.

მაგალითად, ერთ-ერთი გოგო, რომელმაც რამიშვილთან საუბრის ჩაწერა მოახერხა, ანანია გაჩეჩილაძეა. აღნიშნული საუბარი 2018 წელს შედგა. მაშინ შალვა რამიშვილი 47 წლის იყო, გაჩეჩილაძე — 22-ის, შალვა რამშვილზე 25 წლით უმცროსი. ჩანაწერში ისმის, რომ რამიშვილი მას ირიბად სთავაზობს „მამაშვილურად მოფერებას“ და „რა*ამ დადგომას“.

მას შემდეგ, რაც სამხარაძემ ღიად გააკრიტიკა რამიშვილი ფეისბუკზე, მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელსა და ფიზიკურ სივრცეში აგრესიული, შეურაცხმყოფელი კამპანია დაიწყო. ქალს აგინებდნენ, მის შესახებ ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას და „პოსტ ტვ-ის“ ჟურნალისტებმა პოლიციაც კი გამოიძახეს.

სამხარაძესა და სხვა ქალებს, ვინც სექსუალური შევიწროების შესახებ საჯაროდ ისაუბრეს, მხარდაჭერა არ გამოუცხადა სახელმწიფოს არცერთმა შტომ, გარდა პრეზიდენტისა. მეტიც, შალვა რამიშვილის კრიტიკაზე საუბრისას გენდერული საბჭოს ხელმძღვანელმა, ნინო წილოსანმა დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს უთხრა, რომ იგი „ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის წინააღმდეგი“ არის. შალვა რამიშვილი 2005 წელს მართლაც არის გასამართლებული გამოძალვის ბრალდებით.

ნეტგაზეთი ამ სტატიაში მიმოიხილავს, თუ როგორ განუდგა სახელმწიფო თათია სამხარაძეს.

„იკვეთება დანაშაულის ნიშნები“

25 მარტს „პოსტ ტვ-ის“ ეთერში სიუჟეტი გავიდა, რომელშიც ტელეკომპანია ირწმუნებოდა, თითქოს მიაკვლიეს ბინას, სადაც ენმ-ის წევრი დიმიტრი ჩიქოვანი და თათია სამხარაძე იმყოფებოდნენ. „პოსტ ტვ-ის“ ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ განაცხადა, რომ თითქოს ჰყავდა წყარო, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, რომ ჩიქოვანმა სამხარაძეს თავისუფლება აღუკვეთა. ამის შემდეგ ბერიძემ პოლიცია გამოიძახა.

უკვე 26 მარტს „პოსტ ტვ-ის“ სხვა გადაცემაში მან ახსნა, თუ რატომ დარეკა 112-ში. მისი თქმით, თითქოს სადარბაზოში ყვირილის ხმა გაიგო. ადგილზე მივიდა პოლიცია, სხვა ჟურნალისტებიც, მათ შორის ერთ-ერთი პირველი ტელეკომპანია „იმედიც“ იყო.

„პოსტ ტვ-ის“  მიერ  გავრცელებული ცნობა უარყვეს როგორც ჩიქოვანმა, ისე სამხარაძემ. ჩიქოვანმა თქვა, რომ ბერიძე მის სახლთან რამდენიმე საათით ადრეც იყო მისული. მას შემდეგ, რაც კარი არ გაუღეს, როგორც ჩიქოვანი ამბობს, ბერიძემ  „პოლიციაში ცრუ დასმენა განახორციელა“. მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განცხადება გაავრცელა, რომლითაც უარყო შალვა რამიშვილის ტელევიზიის ბრალდებები, მათ შორის, მისი გატაცებისა და მასზე ძალადობის შესახებ ცნობა.

მომხდარში დანაშაულის ნიშნებს ხედავს ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი და ორგანიზაცია “კანონის უზენაესობის ცენტრის“ თავმჯდომარე ლონდა თოლორაია. იგი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ იშვიათად ახსენდება ასეთი მიზანმიმართული და კოორდინირებული დისკრედიტაცია – „რომელშიც ჩართულია მედია, სახელმწიფო უწყებები, პარლამენტის წევრები — ისინი, ვინც, წესით, მსხვერპლის უფლებების სადარაჯოზე უნდა იდგნენ“.

„ზოგადად, მოვლენები უნდა შევაფასოთ კომპლექსურად და მათ შორის, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც წინ უძღოდა ამ ყველაფერს. ზოგადად, ჟურნალისტების მხრიდან რესპონდენტების სახლთან დალოდება, ეს ჩვეულებრივი მოვლენა შეიძლება იყოს და ჟურნალისტური საქმიანობის ერთ-ერთი კომპონენტია.

თუმცა იმ პირობებში, როდესაც ამას წინ უსწრებდა თათია სამხარაძის წინააღმდეგ  წამოწყებული დისკრედიტაციის კამპანია, შემდეგ ეს ე.წ. შეტყობინება, რომელიც „პოსტ ტვ-ის“ თანამშრომელმა გააკეთა პოლიციაში — ეს ყველაფერი ერთად გამოიყურება ძალიან საეჭვოდ.

მინიმუმ ასეთ ეჭვებს უნდა მოჰყვეს ხოლმე ან გამოძიება, ან თუ გამოძიება არ იწყება, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან უნდა გაკეთდეს განმარტებები — რატომ ხდება ეს. ასეთი განმარტებები და კომენტარები შსს-სგან, როგორც ცრუ დასმენაზე რეაგირების ვალდებულების მქონე პასუხისმგებელი უწყებიდან, ჩვენ არ გვსმენია“, — განმარტავს თოლორაია ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ჩნდება კითხვა, თუ საიდან ჰქონდა ჟურნალისტს ეს ინფორმაცია, ახორციელებდა თუ არა რესპონდენტის თვალთვალს და ჰქონდა თუ არა ადგილი ადევნების ნიშნებს.

„მეორე, საიდანაც ჟურნალისტს შეიძლებოდა ჰქონოდა ინფორმაცია, ეს არის სახელმწიფო უწყებები. სახელმწიფო სხვადასხვა ბერკეტს ფლობს, რომ კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდეს ამა თუ იმ ადამიანზე. თუმცა, თუ ეს ინფორმაცია მოპოვებულია უკანონო მოსმენით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

თუ სხვა გზებითაა მოპოვებული, მაგალითად, ფიზიკური თვალთვალით სახელმწიფო უწყებების მხრიდან და შემდგომ ეს ინფორმაცია გადაეცა „პოსტ ტვ-ის“, ესეც, რა თქმა უნდა, იქნებოდა დანაშაული, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ამიტომ, რასთან გვქონდა საქმე და რომელი მათგანი არის სახეზე, ამაზე სახელმწიფო უწყებებმა უნდა გასცენ პასუხი. იმ უწყებებმა, რომელიც პასუხისმგებელნი არიან ამ კატეგორიის დანაშაულების გამოძიებაზე“, — მიიჩნევს ლონდა თოლორაია.

თოლორაია დასძენს, რომ იქნება ეს შსს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური თუ პროკურატურა, განცხადებები აუცილებლად უნდა გაკეთდეს „იმიტომ, რომ რაც გარედან ჩანს, ეს არათუ არაჯანსაღი და ამორალურია, არამედ კანონდარღვევის ნიშნები იკვეთება.“

ლონდა თოლორაია „ყველაზე სამწუხაროს“ უწოდებს ამ შემთხვევას, რადგან, მისივე შეფასებით, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად საქართველოს მართლაც კარგი კანონმდებლობა აქვს, თუმცა ეს საქმე აჩვენებს, რომ კანონის არსებობის პირობებშიც კი ძალადობის მსხვერპლი ქალი დღეს არის სრულიად დაუცველი.

ლონდა თოლორაია. ფოტო: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

„ეს არის ძალიან საშიში მესიჯი ქალებისთვის. უპირველეს ყოვლისა, ქალებს დღეს ისედაც უჭირთ პოლიციაში მისვლა და მოძალადის წინააღმდეგ ხმის ამოღება, მით უმეტეს, უფრო უჭირთ საჩივრის შეტანა, როდესაც ძალადობის განმახორციელებელი პირი არის გავლენების მქონე.

შალვა რამიშვილი სამთავრობო არხის წარმომადგენელია, რომლის დასაცავად ლამის მთელი სამთავრობო სტრუქტურა გამოვიდა. ამიტომ ეს არის ნიშანი იმის, რომ შენ თუ ხვალ განაცხადებ ძალადობის შესახებ, უარესი ტერორის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდე“, — ამბობს ლონდა თოლორაია.

ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა შსს-მ გამოძიება ან უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ცნობაზე, ან ცრუ დასმენისა თუ სხვა შესაძლო დანაშაულის შესწავლის მიზნით. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სიახლის შემთხვევაში გაგვაგებინებდნენ.

„ეს არის მძიმე დიაგნოზი, დიდი სირცხვილი“

„ძალიან მძიმედ შევაფასებდი, ზუსტი სიტყვის პოვნაც კი მიჭირს, იმდენად ამაზრზენი ისტორიაა“, — ამბობს ნეტგაზეთთან პარტიის „სამართლიანობისთვის“ ლიდერი და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია, რომლის მორალური განადგურება პირადი ცხოვრების შანტაჟის გზით სწორედ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სცადეს. ბესელიამ მას შემდეგ მმართველი გუნდი დატოვა და ყოფილ თანაგუნდელებსაც დაუპირისპირდა.

„ეს ისტორია აჩვენებს, ერთგვარი დიაგნოზია, თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანაში ადამიანის უფლებების სტანდარტი, როგორ ფეხქვეშ გათელილია ადამიანის პირადი სივრცე, რამდენად უზნეო მეთოდებზე წამსვლელია ადამიანების ჯგუფი და როგორ დაუცველია, უპირველეს ყოვლისა, ქალი, თუმცა, მთლიანობაში, ეს არ არის მხოლოდ ერთი პრობლემა.

ეს ააშკარავებს, მათ შორის, უკვე კერძო საკუთრებაში, ანუ შენს პირად სივრცეში შემოჭრა როგორ იოლად შეიძლება მოხდეს ისეთი საბჭოური მეთოდით, როგორიცაა „ანონიმური შეტყობინება“. ეს სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელია იმიტომ, რომ, სხვათა შორის, საპროცესო კოდექსი ამბობს, ანონიმური შეტყობინებები არ არის გამოძიების დაწყების საფუძველი“, — უთხრა ეკა ბესელიამ ნეტგაზეთს.

ის დასძენს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანმა, ვისზეც ძალადობენ, შინაგანი საყრდენი და ძალა იპოვოს საკუთარ თავში, ხოლო  „მოძალადემ იგრძნოს, რომ ყველა მის წინააღმდეგ არის და იარაღს — სისტემას, რომელსაც იყენებს, მას არანაირი შედეგი არ აქვს.“

ეკა ბესელია. ფოტო: პირადი ფეისბუკი

„მე მეგონა, რომ თავის დროზე, როდესაც ეს მეთოდი იყო გამოყენებული, გაიაზრეს, რომ საზოგადოება არ იღებს ასეთ იარაღს და აქვს ძალა წინააღმდეგობის გაწევის, მაგრამ, როგორც ჩანს, ამან ჭკუა ვერ ასწავლა მათ. უფრო მეტიც, საზოგადოების პროტესტს ალბათ ელოდებიან და გრძნობენ, რომ კიდევ უფრო ძლიერია სოლიდარობის მუხტი, მაგრამ, ალბათ, ერთმანეთის და იმ ხალხს, ვისაც იყენებენ იდეოლოგიის იარაღად, მათი დაცვის ვალდებულება იმდენად მაღალ ხარისხში აქვთ აყვანილი, რომ ყველაფერი დაავიწყდათ, კონსტიტუციაც, ევროკავშირის დღის წესრიგი. მათ ისიც დაავიწყდათ, რომ 12-პუნქტიან რეკომენდაციაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებაცაა ჩაწერილი.
დაავიწყდათ, რომ არსებობს კონსტიტუციური ნორმა, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება არავის პირად სივრცეში შეჭრა კანონიერი გადაწყვეტილების გარეშე.

ეს არის მძიმე სურათი, მძიმე დიაგნოზი, დიდი სირცხვილი. როდესაც ვაანალიზებ, თუ რა მეთოდებს იყენებდა წინა ხელისუფლება და ახლა როგორ აგრძელებს ახალი ტექნოლოგიებით ამ საშინელ, ძალადობრივ, პერსონალურ ტერორს, ზღვარი წაიშალა ჩემთვის. პრინციპში, აღარ მიკვირს არაფერი, მე მაშინ დავტოვე ეს გუნდი, როდესაც დავინახე, რომ წითელი ხაზებია გადაკვეთილი და თუ ამაზე თვალს დახუჭავ, უბრალოდ დაემსგავსები მათ“, — განუცხადა ბესელიამ ნეტგაზეთს.

„მადლობა ოცნებას“ და „სირცხვილი“ ხელისუფლებას — შეფასებები რამიშვილიდან პრეზიდენტამდე

„ოცნება“ თავიდანვე ღიად ამბობდა, რომ არ სჯეროდა რამიშვილის წინააღმდეგ გახმიანებული ბრალდებების. მაგალითად, მაკო ჯაბუას ისტორიაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მისთვის რამიშვილთან დაკავშირებით ბრალდებები დამაჯერებელი არ არის. ეს ყველაფერი მან „ფაშიზმის კამპანიას“ დაუკავშირა. „ფაშისტური კამპანია“ მმართველი გუნდის ახალი „მესიჯბოქსია“.

„ოცნების“ ამ დამოკიდებულებას მალევე გამოეხმაურა თავად შალვა რამიშვილი და პარტიას მადლობა გადაუხადა. მან თქვა, რომ „ცილისწამების კამპანიაა“.

რაც შეეხება უშუალოდ თათია სამხარაძეზე თავდასხმას, 27 მარტს, მთავრობის სხდომის შემდეგ კულტურის ამჟამინდელ და იუსტიციის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს ჰკითხეს, რას ფიქრობდა ის მომხდარზე. წულუკიანმა თქვა, რომ არ იცის, ვინაა თათია სამხარაძე, თუმცა დასძინა, რომ დღეს საქართველოში ქალი კანონით „კბილებამდე შეიარაღებულია“, თავისი უფლებები რომ დაიცვას.

„არ შეიძლება, მე მქონდეს განსხვავებული პოზიცია, გარდა იმისა, რომ ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული. ამისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის გვარად, სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი“, – თქვა მან.

დღის ბოლოს სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. მან გააკრიტიკა ხელისუფლების წარმომადგენლები და თქვა:

„მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით გამეორებით ეძალადება. ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება. გრცხვენოდეთ უნდა.“

ილუსტრაციაში გამოყენებულია ნინა ბაიდაურის ფოტო.


ამ თემაზე წაიკითხეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი