ახალი ამბები

„ვინც არ უნდა იყოს ის გვარად, სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი…“ — წულუკიანის რეაქცია სამხარაძის საქმეზე

27 მარტი, 2023 • 3502
„ვინც არ უნდა იყოს ის გვარად, სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი…“ — წულუკიანის რეაქცია სამხარაძის საქმეზე

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დღეს საქართველოში ქალი კანონით „კბილებამდე შეიარაღებულია“, რომ თავისი უფლებები დაიცვას.

ასე უპასუხა მან თათია სამხარაძესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. წულუკიანი ირწმუნება, რომ არ იცის, ვინ არის თათია სამხარაძე და არც ის ამბები, რაც მის ირგვლივ მიმდინარეობს.

თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და მას ორი ინსტანციის სასამართლოც მოუგო.

„მე ვარ ის ქალი მინისტრი, ვინც 2014 წლის 19 ივნისს სტრასბურგში ხელი მოვაწერე ისეთ ფუძემდებლურ დოკუმენტს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელსაც ჰქვია სტამბულის კონვენცია და შემდეგ იუსტიციის მინისტრობისას ფუნდამენტურ რეფორმას ჩავუდექი სათავეში და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რატიფიკაცია გააკეთა გოგონების და ქალთა უფლებებისთვის ამ კონვენციის პარლამენტში.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ სიტუაციას, არ შეიძლება მე მქონდეს განსხვავებული პოზიცია, გარდა იმისა, რომ ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული. ამისთვის, ვინც არ უნდა იყოს ის გვარად, სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი, ჩვენ ისეთი რეფორმები გავატარეთ, რომ კანონით დღეს, ქალი ჩვენს ქვეყანაში არის ბოლომდე კი არა, კბილებამდე შეიარაღებული, რომ თავისი უფლებები დაიცვას. იმედი მაქვს, თუკი მისი უფლებები დაირღვა, ის ამას შეძლებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანს ასევე ჰკითხეს იმ კამპანიის შესახებაც, რომელიც რამდენიმე დღეა შალვა რამიშვილის ტელეარხ POSTV-ის გაჩაღებული აქვს თათია სამხარაძის წინააღმდეგ.

24 მარტს POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ენმ-ის წევრმა დიმიტრი ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. რის შემდეგაც პოლიცია ჩიქოვანის სახლში მივიდა.

თავად თათია სამხარაძე აღნიშნულს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში და თქვა, რომ „პოლიტ-ტექნოლოგიური სპეცოპერაციით პოსტივი ცდილობს პოლიტიკური აჯაფსანდლის მოწყობას და კონსპირაციებით ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“. თათია სამხარაძის თქმით, გრძნობს და შიშობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტისა, საქართველოში საფრთხეშია.

26 მარტს რამიშვილის ტელევიზია აცხადებდა, რომ სამხარაძე კვლავ ჩიქოვანის ბინაში იმალებოდა. თუმცა ქალმა, რომელმაც შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე დავა სასამართლოში მოუგო, ფეისბუკზე დადო ვიდეო საკუთარი სახლიდან. ვიდეოზე ის მამასთან ერთად არის აღბეჭდილი.

თათია სამხარაძემ 27 მარტს განაცხადა, რომ მისი შემვიწროებლის ტელევიზიის წარმომადგენლები ამ დრომდე მის საცხოვრებელ ბინასთან იმყოფებიან.

სწორედ ამ ამბებთან დაკავშირებით „ფორმულას“ ჟურნალისტმა წულუკიანს ჰკითხა, რას ფიქრობდა თათია სამხარაძის სახლში მივარდნასა და მისი პირადი ცხოვრების უფლების დარღვევაზე.

წულუკიანმა კითხვის დამსმელი ჟურნალისტი პირიქით დაადანაშაულა:

„ფორმულა“ და სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული არხები, სანამ შეიშმუშნებით, შეწუხდებით და ქალწულებრივ შეშფოთებას გამოთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ვიღაცას სახლში ვიღაცა მიუვარდა, სამჯერ დაფიქრდით, იმიტომ, რომ ჩვენს სახლებში მოვარდნით ხართ დაკავებული. თუ ღმერთი არ გწამთ, სამჯერ არ დაფიქრდეთ, ხუთჯერ დაფიქრდით“, – განაცხადა წულუკიანმა.

სანამ შალვა რამიშვილი თათია სამხარაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციულ კამპანიას წამოიწყებდა, ის სექსუალურ შევიწროებაში რამდენიმე ქალმა ამხილა, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კი საჯარო გამოსვლებში მისი დაცვა სცადეს. შალვა რამიშვილმა მმართველ პარტიას მადლობა მალევე გადაუხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი