ახალი ამბები

ომბუდსმენმა შალვა რამიშვილს რეკომენდაციით მიმართა, ადამიანები სექსუალურად არ შეავიწროოს — საია

30 იანვარი, 2024 •
ომბუდსმენმა შალვა რამიშვილს რეკომენდაციით მიმართა, ადამიანები სექსუალურად არ შეავიწროოს — საია

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ POSTV-ს ხელმძღვანელმა, შალვა რამიშვილმა “აიისას” დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძე სექსუალურად შეავიწროვა. ამ ინფორმაციას გაჩეჩილაძის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, ომბუდსმენმა შევიწროება მხოლოდ განმცხადებლის წარდგენილ მტკიცებულებეზე დაყრდნობით დაადგინა, რადგან შალვა რამიშვილმა მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

“გადაწყვეტილების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შალვა რამიშვილს, რათა მან, მომავალში, პროფესიულ და სხვა ურთიერთობებში არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან/და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, დარღვევა გამოიხატა არასასურველ სექსუალური ხასიათის ფიზიკურ ქცევაში, რომელმაც განმცხადებელს შეუქმნა შეურაცხმყოფელი/დამამცირებელი გარემო.

საიაში ამბობენ, რომ რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სხეულისა და გარეგნობის თაობაზე გამოხატული შეფასებები სახალხო დამცველმა განიხილა სექსიზმის კონტექსტში, რაც, თავის მხრივ, სქესისა თუ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების სახედ მიიჩნევა. საიას ინფორმაციით, სახალხო დამცველმა სექსიზმი მსგავსი ტიპის საქმეში პირველად დაადგინა.

ჩანაწერი, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულამ“ 2023 წლის მარტში გაავრცელა, მათივე ცნობით, შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის შევიწროების ფაქტს ადასტურებს. იგი 2018 წელს შალვა რამიშვილის კაბინეტშია გაკეთებული. როგორც ანანია გაჩეჩილაძე ჰყვება, რამიშვილთან მისივე მიწვევით, სამომავლოდ ინტერვიუს ჩაწერასთან დაკავშირებით დეტალების განსახილველად მივიდა.

“შეხვედრის განმავლობაში, ნაცვლად ინტერვიუსთან დაკავშირებული დეტალების განხილვისა, შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს უსვამდა პირადი ხასიათის შეკითხვებს, უარყოფით ან/და სექსუალურ კონტექსტში აფასებდა მის გარეგნობას, აგრეთვე, ადგილი ჰქონდა არასასურველ სექსუალური ხასიათის ფიზიკურ შეხებას”, — ვკითხულობთ საიას განცხადებაში.

სწორედ საია იცავდა ანანია გაჩეჩილაძის სამართლებრივ ინტერესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი