საზოგადოება

მადლობა სწორი პოზიციისთვის და მხარდაჭერისთვის – რამიშვილი „ოცნებას“

21 მარტი, 2023 • 4443
მადლობა სწორი პოზიციისთვის და მხარდაჭერისთვის – რამიშვილი „ოცნებას“

„პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებელი, შალვა რამიშვილი, რომელსაც ქალები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, „ქართული ოცნების“ წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

როგორც რამიშვილმა „პოსტ ტვ-ის“ ეთერთში განაცხადა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მასთან დაკავშირებით სწორი პოზიცია დაიკავეს.

„მინდა შევეხო გუშინ და დღეს დატრიალებულ მოვლენებს, პირადად ჩემზე თავდასხმას და ცილისწამების კამპანიას, რომელსაც NGO სექტორი და ნაცმიდრეკილი ადამიანები აგორებენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პარლამენტში დადიან რუსეთუმე ხოშტარიას და ვიღაცების გამოგზავნილი ადამიანები და ეკითხებიან „ოცნებას“, შალვა რამიშვილთან ტელევიზიაში მიხვალთ თუ არაო. დიდი მადლობა, რომ სწორი პოზიცია და მართალი პოზიცია დაიკავეს და მხარი დამიჭირეს ამ აბსურდში ადამიანებმა, რომლებსაც ზოგს პირადად ვიცნობ და ზოგს არა“, – განაცხადა რამიშვილმა.

რამიშვილი „მის წინააღმდეგ კამპანიას“ „პოსტ ტვ-ის“ მზარდი რეიტინგით ხსნის. მისი თქმით, რადგან „პოსტ ტვ-ის“ „გავლენა და წონა იზრდება, საჭირო გახდა მისი დაბულინგება“.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ეს ბულინგი და „შეიმინგი“ ჩემზე და „პოსტ ტვ-ზე“ არ მოქმედებს, ჩვენ ზუსტად ვიცით, რატომ ხდება ეს“, – განაცხადა შალვა რამიშვილმა.


ბოლო 24 საათში რამდენიმე ქალმა საჯაროდ დაწერა, რომ სხვადასხვა დროს პროსამთავრობო და „ხალხის ძალის“ მხარდამჭერი „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური ძალადობის სამიზნეები გახდნენ.

პირველი ისტორია მაკო ჯაბუამ გუშინ გვიან ღამით გაავრცელა ფეისბუკზე. მას შემდეგ, ასევე, საჯარო განცხადებები გამოაქვეყნეს გვანცა ბუდაღაშვილმა და ანანო იაშვილმა.

მაკო ჯაბუაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მისთვის რამიშვილთან დაკავშირებით ბრალდებები დამაჯერებელი არ არის.

„7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე. ასეთი დამთხვევების მე არ მჯერა… ეს, დიდი ალბათობით, არის ფაშისტური კამპანიის ნაწილი.

ამას გამოძიება სჭირდება, მაგრამ როდესაც ფაშიზმის კამპანიას ემთხვევა ეს ყველაფერი, მინიმუმ ძალიან საეჭვოა. ეს არის კრიტიკული ტელეკომპანიის და ჟურნალისტების, წამყვანების მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი