იმერეთში, ვანში სკოლის მძღოლის მიერ არასრულწლოვანების მიმართ განხორცილებული შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს.
სამინისტროს ცნობით, გამოძიება 1 მაისს დაიწყო.
საქმე ეხება 6 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ასახულია კაცის მიერ არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლის მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის ქმედება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვანები, საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილ ქმედებას, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ.
მომხდართან დაკავშირებით სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ. ამის შესახებ განცხადება მან დღეს, 7 მაისს გაავრცელა:
“აუცილებელია, ყველა იმ პირის იდენტიფიცირება ვისი მხრიდანაც განხორციელდა არასრულწლოვანის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტები. აღნიშნულის პარალელურად, მნიშვნელოვანია, იმ ბავშვის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი ფსიქო- სოციალური სერვისების მიწოდება ვის მიმართაც, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა აღნიშნულ ქმედებებს”, — ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი, მანდატის ფარგლებში აღნიშნულ საქმეს შეისწავლის.
ვიდეოკადრები თავდაპირველად გამოცემა „ქრონიკა +”-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, კაცი იმ სკოლის დირექტორის ქმარია, სადაც ბავშვები სწავლობდნენ. “მთავარი არხის” ცნობით, დირექტორმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ტელეკომპანიას ინფორმაცია დაუდასტურა დირექტორის დედამ. “ნეტგაზეთი” დამატებითი დეტალების გარკვევას განათლების სამინისტროსთან ცდილობს.
