ახალი ამბები

ომბუდსმენის განცხადება შალვა რამიშვილის მხრიდან ქალების შევიწროებაზე

27 მარტი, 2023 • 1792
ომბუდსმენის განცხადება შალვა რამიშვილის მხრიდან ქალების შევიწროებაზე

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საჯარო განცხადებებს რამდენიმე ქალის მხრიდან, რომლებიც პროპაგანდისტული POSTV-ის ხელმძღვანელს, შალვა რამიშვილს, სექსუალურ შევიწროებას ედავებიან. ომბუდსმენი ასევე აფასებს ხსენებული განცხადებების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

“სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები”, — ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი აგრესიას სავარაუდო მსხვერპლებისადმი მიმართავს – მათ მონათხრობს უაპელაციოდ ეჭვქვეშ აყენებენ, მიუთითებენ, რომ მათ სექსუალურ შევიწროებაზე საუბარი მხოლოდ წლების შემდეგ დაიწყეს.

სახალხო დამცველის თქმით, მსგავსი რიტორიკის გამხმიანებელნი მხარდაჭერას უცხადებენ სავარაუდო შემავიწროებელს და მიუთითებენ, რომ სავარაუდო მსხვერპლთა მიზანი სავარაუდო შემავიწროებლის რეპუტაციის შელახვაა.

“საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საზოგადოების წევრების და განსაკუთრებით, პოლიტიკოსების მსგავსი გამონათქვამები კიდევ მეტად აძლიერებს ძალადობის მსხვერპლების მიმართ ისედაც არსებულ სტერეოტიპებს, ახალისებს მათ მიმართ დისკრიმინაციას და დამატებით სოციალურ ბარიერს უქმნის, რომ მომავალში საკუთარ მძიმე გამოცდილებებზე ისაუბრონ და მიმართონ შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს”, — ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს მედიის მიერ მოვლენების გაშუქებაზეც და მოუწოდებს მედიასაშუალებებს, პატივი სცენ პირადი ცხოვრების, სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს.

“ამასთანავე, სახალხო დამცველი დაინტერესდება სისხლის სამართლის გამოძიების მსვლელობით, რომელიც, კერძო პირის განცხადებით, ცრუ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.

სახალხო დამცველი ასევე შეახსენებს საზოგადოებას, რომ დაუშვებელია და მიუღებელია ჟურნალისტთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა”, — წერია განცხადებაში.

რა ხდებოდა მანამდე

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოთხმა ქალმა საჯაროდ განაცხადა, რომ სხვადასხვა დროს პროსამთავრობო და „ხალხის ძალის“ მხარდამჭერი „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების სამიზნეები გახდნენ.

პირველი ისტორია ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ გაავრცელა ფეისბუკზე. მას შემდეგ საჯარო განცხადებები გამოაქვეყნეს გვანცა ბუდაღაშვილმა და ანანო იაშვილმაც.

სამივე ქალი წერს, რომ ისინი POSTV-ში გასაუბრებაზე მივიდნენ, რა დროსაც რამიშვილმა ისინი შეავიწროვა. ბრალდებებს, რომლებსაც რამიშვილი უარყოფს, მან და POSTV-მ არაერთი გადაცემა მიუძღვნეს. მათი მთავარი არგუმენტია, რომ ესაა კამპანია ტელეარხის წინააღმდეგ.

მოგვიანებით, 25 მარტს, “ფორმულამ” გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, რამიშვილის მიერ კიდევ ერთი ქალის, ანანია გაჩეჩილაძის სექსუალურ შევიწროებას ასახავს. გაჩეჩნილაძემ მასალის ავთენტურობა დაადასტურა და თქვა, რომ ეს ჩანაწერი 5 წლის წინ თავად გააკეთა.

ამ სიუჟეტის შემდეგ, მეორე დღეს, შალვა რამიშვილმა “ფეისბუკზე” პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მიმართავს მათ, ვინც “ასეთი საუბრები გამოაქვეყნა”. რამიშვილის სიტყვებით, ამ ადამიანებმა “ჯინი ამოუშვეს ბოთლიდან” და მათი “წარსულის კარადაც” გაიხსნება.

შეტევა თათია სამხარაძეზე

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებას ედავებიან – 2018 წელს მას თათია სამხარაძის “სექსუალური შევიწროების ფაქტი” დაუდასტურდა. მაშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ რამიშვილს 2 ათას-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. სააპელაციომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ჯაბუას, ბუდაღაშვილის, იაშვილისა და გაჩეჩილაძის განცხადებებამდე, 20 მარტს, თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილთან დაკავშირებით კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა “ფეისბუკზე”, რომელშიც დასძენს, რომ ეს უკანასკნელი სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა ახალგაზრდა ქალებს ტელევიზიაში, შემდეგ კი თავისი “ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა”.

ამ პოსტიდან რამდენიმე დღეში, 24 მარტის ღამით — მცირე ხნით ადრე, სანამ “ფორმულა” აუდიოჩანაწერს გამოაქვეყნებდა — პროპაგანდისტული POSTV-ის წარმომადგენლები “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის სახლთან მივიდნენ.  ჩიქოვანი”ფორმულას” დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა.

ტელეკომპანია თავის მაყურებელს ეუბნებოდა, რომ ჩიქოვანსა და სამხარაძეს შორის “კონფლიქტი” მოხდა იმ “თანხის ოდენობის” გამო, “რომელსაც კეზერაშვილის ცოლის ძმა სამხარაძეს შალვა რამიშვილის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ორგანიზების სანაცვლოდ დაჰპირდა”.

POSTV-ის მტკიცებით, წყარომ მიაწოდა ცნობა, რომლის თანახმადაც. სამხარაძე, შესაძლოა, ჩიქოვანის მიერ “გატაცებული” ყოფილიყო ხსენებულ ბინაში. ტელეარხის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ, რომელიც ჩიქოვანის სახლთან იყო მისული, პოლიცია გამოიძახა.

POSTV-ის მიერ გავრცელებული ცნობა უარყვეს როგორც ჩიქოვანმა, ისე სამხარაძემ. ჩიქოვანი ამბობდა, რომ ბერიძე მის სახლთან რამდენიმე საათით ადრეც იყო მისული. მას შემდეგ, რაც კარი არ გაუღეს,  ბერიძემ, ჩიქოვანის სიტყვებით, პოლიციაში ცრუ დასმენა განახორციელა.

მომხდარზე თათია სამხარაძემ განცხადება გაავრცელა, რომლითაც უარყო POSTV-ის ბრალდებები, მათ შორის, მისი გატაცების შესახებ ცნობა.

“სამწუხაროდ, იმის მაგივრად, რომ საგამოძიებო უწყებები სერიოზულად ინტერესდებოდნენ ამ სერიული დანაშაულებით, რომელსაც წლებია სჩადის შალვა რამიშვილი ქალების წინააღმდეგ, პოსტივისთან ერთად ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო, სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი, ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამიანს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს.

მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არცერთ ეტაპზე ჩემი ცხოვრებისა მე არ ვყოფილვარ ქალების უფლებებით და ტრავმებით მოვაჭრე. ჩემი ასეთი ბინძური მეთოდებით დისკრედიტაცია არის ცილისწამების უმახინჯესი პრაქტიკა”, — დასძენდა ის და აღნიშნავდა, რომ კონსულტაციებს გადის ადვოკატებთან, რათა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს.

თათია სამხარაძის წინააღმდეგ POSTV-ის კამპანია 26 მარტსაც გაგრძელდა. ტელეარხის ეთერში, ერთ-ერთ გადაცემაში, ითქვა, თითქოს სამხარაძე კვლავ ჩიქოვანის ბინაში იმყოფებოდა. თათია სამხარაძემ ტელეარხის ეს ცნობა უარყო და გაავრცელა ვიდეო, რომელშიც თავისსავე სახლში, მამასთან ერთად იმყოფებოდა.

სამხარაძემ 27 მარტს განაცხადა, რომ მისი შემავიწროებლის ტელევიზიის წარმომადგენლები ამ დრომდე მის საცხოვრებელ ბინასთან იმყოფებიან.

“ქალბატონო პრეზიდენტო, დამეხმარეთ, რეალითი შოუდ აქციეს ჩემი განადგურება!” — მიმართა მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ამავე თემაზე:

„ვინც არ უნდა იყოს ის გვარად, სამხარაძე თუ ქიბროწაშვილი…“ — წულუკიანის რეაქცია სამხარაძის საქმეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი