ახალი ამბები

სოლიდარობის ნიშნად ქალი დეპუტატები თათია სამხარაძესთან სახლში მივიდნენ

27 მარტი, 2023 • 2447
სოლიდარობის ნიშნად ქალი დეპუტატები თათია სამხარაძესთან სახლში მივიდნენ

ქალმა დეპუტატებმა თათია სამხარაძე მოინახულეს. სოლიდარობის ნიშნად სამხარაძესთან სახლში იმყოფებოდნენ: „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი,  თეონა აქუბარდია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე.

„ჩემი ფიზიკურად აქ მოსვლით მინდა, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო მხარდაჭერა თათიას და ყველა იმ ქალის მიმართ, ვინც განიცადა სექსუალური შევიწროება, სხვა ტიპის ძალადობა და ჩაგვრა

„მოვედი თათიას მხარდასაჭერად! მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პროპაგანდის სამიზნეა. გამძლეობა ამ ბრძოლაში თათიას!“- დაწერა სოციალურ ქსელში ანა ნაცვლიშვილმა.

თეონა აქუბარდიას განცხადებით, თათია სამხარაძეზე სისტემური ზეწოლა მიმდინარეობს.

„აქ საუბარი არის არა მხოლოდ ძალადობის მსხვერპლ ქალებზე და იმ სავარაუდო დანაშაულზე, რომელზეც გამოძიება არ დაწყებულა, არამედ აქ საუბარი არის სისტემურ ზეწოლაზე ერთი ქალის მიმართ, რის გამოც ჩვენ ვნახეთ, სუსი, შსს და პროპაგანდისტული მედია ჩადგა ერთად, იმისთვის, რომ დაიცვას „ქართული ოცნების“ ძალაუფლება“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.


ბოლო დღეებში რამდენიმე ქალმა საჯაროდ დაწერა, რომ სხვადასხვა დროს პროსამთავრობო და „ხალხის ძალის“ მხარდამჭერი „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებლის, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური ძალადობის სამიზნეები გახდნენ.

პირველი ისტორია მაკო ჯაბუამ გაავრცელა ფეისბუკზე. მას შემდეგ, ასევე, საჯარო განცხადებები გამოაქვეყნეს გვანცა ბუდაღაშვილმა და ანანო იაშვილმა.

მაკო ჯაბუაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მისთვის დამაჯერებელი არ არის რამიშვილთან დაკავშირებით ბრალდებები.

„7 წელი ადამიანი რაღაცას არ აცხადებდა და ახლა გაახსენდა ამ ფაშისტური კამპანიის ფონზე. ასეთი დამთხვევების მე არ მჯერა… ეს, დიდი ალბათობით, არის ფაშისტური კამპანიის ნაწილი.

ამას გამოძიება სჭირდება, მაგრამ როდესაც ფაშიზმის კამპანიას ემთხვევა ეს ყველაფერი, მინიმუმ ძალიან საეჭვოა. ეს არის კრიტიკული ტელეკომპანიის და ჟურნალისტების, წამყვანების მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი“, – განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება თათია სამხარაძეს, ის ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა და მას ორი ინსტანციის სასამართლოც მოუგო.

რამდენიმე დღეა შალვა რამიშვილის ტელეარხ POSTV-ის გაჩაღებული აქვს თათია სამხარაძის წინააღმდეგ.

24 მარტს POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ენმ-ის წევრმა დიმიტრი ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. რის შემდეგაც პოლიცია ჩიქოვანის სახლში მივიდა.

თავად თათია სამხარაძე აღნიშნულს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში და თქვა, რომ „პოლიტ-ტექნოლოგიური სპეცოპერაციით „პოსტივი“ ცდილობს პოლიტიკური აჯაფსანდლის მოწყობას და კონსპირაციებით ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“. თათია სამხარაძის თქმით, გრძნობს და შიშობს, რომ მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველი აქტივისტისა, საქართველოში საფრთხეშია.

26 მარტს რამიშვილის ტელევიზია აცხადებდა, რომ სამხარაძე კვლავ ჩიქოვანის ბინაში იმალებოდა. თუმცა ქალმა, რომელმაც შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე დავა სასამართლოში მოუგო, ფეისბუკზე დადო ვიდეო საკუთარი სახლიდან. ვიდეოზე ის მამასთან ერთად არის აღბეჭდილი.

თათია სამხარაძემ 27 მარტს განაცხადა, რომ მისი შემავიწროებლის ტელევიზიის წარმომადგენლები ამ დრომდე მის საცხოვრებელ ბინასთან იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი