საზოგადოება

„თურქეთის ტრაგედიის შემდეგ ყოველდღე მეშინია“ — ავარიული სახლებით სავსე ქალაქი

14 თებერვალი, 2023 • 1607
„თურქეთის ტრაგედიის შემდეგ ყოველდღე მეშინია“ — ავარიული სახლებით სავსე ქალაქი

„თურქეთის ტრაგედიის შემდეგ ყოველდღე მეშინია. ეგ კი არა, ქარი რომ ქრის, სულ იმის შიში მაქვს, ჭერი თავზე ჩამომენგრევა“ — ამბობს ნანა კვანტალიანი. ის თბილისში, ნიკო ფიროსმანის ქუჩაზე, სხვა მეზობლებთან ერთად, „იტალიური ეზოს“ ავარიულ სახლში ცხოვრობს.

ავარიულ სახლში ცხოვრების ყოველდღიური შიში მათთვის კიდევ უფრო გამძაფრდა 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ. ტრაგედიას თურქეთსა და სირიაში, 14 თებერვლის მონაცემებით, 37 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 32 ათასამდე მხოლოდ თურქეთში. მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა ათასობით შენობა.

ნანას მსგავსად, დანგრეულ, ნაპრალებიან, გადახრილ სახლებში დღეს თბილისში მცხოვრები ათიათასობით მოქალაქე იძინებს და იღვიძებს. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან ავარიული სახლებისა და მისამართების სრულფასოვანი მონაცემთა ბაზა არ არსებობს. თუმცა ცნობილია, რომ თბილისის მერიის გათვლით,  დედაქალაქში ავარიული სახლების რაოდენობა 10 ათასს აღწევს. ამავდროულად, მერიას არ აქვს კვლევა, ავარიული სახლები რა სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლებენ.

2021 წელს ნეტგაზეთმა მერიისგან გამოითხოვა გამგეობების მიხედვით აღრიცხული ავარიული სახლების რაოდენობა . გამგეობების პასუხებიც არასრულად ასახავს რეალობას, რადგან ნაწილმა მოგვაწოდა მხოლოდ დაფინანსებული გამაგრებების ნუსხა, ან მოგვწერა ისეთი მისამართების რაოდენობა, რომელიც ექვემდებარებოდა გამაგრებას.

თუმცა ამ სტატისტიკური მონაცემიდანაც ჩანს, რომ დიდუბეში, სულ მცირე, 2600 ადამიანია რეგისტრირებული მესაკუთრედ ისეთ სახლში, რომელსაც ან გამაგრება ესაჭიროება, ან დემონტაჟი.

სახლი ნიკო ფიროსმანის ქუჩაზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

პრობლემის შესახებ კარგად იციან თბილისის საკრებულოშიც. უწყების წარმომადგენლები აცხდებენ, რომ ამ თემაზე აქტიურად მუშაობენ და ერთ-ერთ გამოსავალს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში ხედავენ.

პარალელურად, ექსპერტები მიუთითებენ ქალაქმგეგმარებისა და სახლების სეისმური მდგრადობის თვალსაზრისით კანონმდებლობაში არსებულ დიდ ხარვეზებზე.

ნახევრად დანგრეული სახლი ფიროსმანის 18-ში

ჩუღურეთში, ნიკო ფიროსმანის ქუჩა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ავარიულია ქალაქში.

ამ ქუჩაზე, რომლის კეთილმოწყობის დაპირება მერიამ ჯერ კიდევ 2019 წელს გასცა, მაგრამ არ შეასრულა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს კედელმონგრეული, ზოგან ავარიულობისგან გადახრილი სახლებიც. რამდენიმე „იტალიურ ეზოში“ კი საცხოვრებელი სახლების ნახევარი, უბრალოდ, ჩამონგრეულია.

ასეთია ფიროსმანის 18-ში მდებარე ეზო, სადაც ნანა კვანტალიანი ცხოვრობს. მისი ბინა სახლის ჩამონგრეულ ნაწილს ესაზღვრება.

ავარიული სახლი ფიროსმანის N18-ში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ქალი იხსენებს, რომ შენობა პირველად 2002 წელს დაზიანდა. მაშინ 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი კი დედაქალაქთან ძალიან ახლოს, 20 კილომეტრით იყო დაშორებული.

ამ დღეს დაიღუპა 6 ადამიანი, 4 უშუალოდ ნგრევამ შეიწირა, 2 კი — მიწისძვრის დროს სტენოკარდიულმა შეტევამ. მაშინ თბილისის საკრებულო ამბობდა, რომ 5000-მდე სახლი საცხოვრებლად უვარგისი გახდა, ავარიული სახლების რიცხვი კი გაორმაგდა.

„ამ სახლს ავარიულობის მე-4 დონე [ყველაზე მაღალი] აქვს. მიწისძვრა რომ მოხდა, მაშინ დაზიანდა… ახლა ეზოდან ნახევარზე მეტი ადამიანი ქირითაა გადასული, ზოგი კი უკვე გარდაიცვალა.

არ გვეშველა არასდროს, მივმართეთ ყველგან და ყველას —  მერიას, გამგეობას, ვწერთ განცხადებას განცხადებაზე. მოდიან, გვეუბნებიან, გეშველებათო, მაგრამ, როგორც ხედავთ, კი ვართ ასე მონგრეული“, — გვიყვება ნანა კვანტალიანი.

ამ სახლში საცხოვრებლად 2002 წელს გადმოვიდა. ამბობს, რომ პრობლემები ჰქონდა და არ დაეძებდა დაზიანებას, თუმცა მას შემდეგ ვითარება გაუარესდა — „მეშინია, რომ პირდაპირ ზედ დამეცემა“.

„თურქეთის ტრაგედიის შემდეგ, ყოველდღე მეშინია. ეგ კი არა, ქარი რომ ქრის, სულ იმის შიში მაქვს, რომ თავზე ჩამომენგრევა. დიდთოვლობა რომ მოვიდეს, ვერც ამას გაუძლებს. კი მამშვიდებენ მეზობლები, შენკენ არ წამოვაო, მაგრამ რა იციან, ეს დანგრეული ჩემკენ წამოვა თუ იქით გადავარდება“, — ამბობს ნანა კვანტალიანი.

ხედი ნანას შემოსასვლელიდან დანგრეულ სახლზე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ნანას გარდა აქ კიდევ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის არიან ბავშვებიც. ერთიანი საცხოვრებელი კომპლექსის ჩამოშლილი ნაწილი ყველას პრობლემაა, რადგან მას ყველა სხვა ოთახზე აქვს გავლენა — ავარიული შენობის ბინადრები გვიყვებიან, რომ ზოგან კედლებია გადახსნილი, ზოგან იატაკია ჩამოწეული.

სხვა მეზობლებმა ინტერვიუზე უარი გვითხრეს, ჩვენი სიტყვები რა საჭიროა, როდესაც ფაქტი სახეზეაო. ერთ-ერთ მათგანს  მეორე სართულზე, ჩამონგრეული აივნის სიახლოვეს მისვლა ვთხოვეთ.

ჩამონგრეული სახლი ფიროსმანის 18-ში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ბინაში, რომელიც სახლის ჩამონგრეულ ნაწილში მოყვა, ახლა არავინ ცხოვრობს. გასაღები მეზობლებს აქვთ და ზოგჯერ აქ შემოდიან კიდეც სხვადასხვა ნივთების შესანახად. ოთახებში სიარული მაინც სახიფათოა, ამიტომ ფოტოების ნაწილი ნაპრალებიდან გადავიღეთ.

ჩამონგრეული სახლი ფიროსმანის 18-ში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ჩამონგრეული სახლი ფიროსმანის 18-ში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

2021 წელს ნეტგაზეთმა თბილისის მერიიდან გამოითხოვა ინფორმაცია ქალაქში არსებულ ავარიულ საცხოვრებელ სახლებზე. ეს ინფორმაცია გამგეობებმა ცალ-ცალკე მოგვაწოდეს, ის არასრულია, რადგან ნაწილში მითითებულია უკვე გამაგრებული ავარიული სახლების მისამართები, ნაწილში კი მხოლოდ ისინი, რომელზეც მცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტს მიმართეს.

თუმცა ამ მწირი ინფორმაციითაც ჩანს, რომ მხოლოდ დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონში ავარიული სახლების რაოდენობა ასეულობითაა.

ამ ინფორმაციით თანახმად, დიდუბის რაიონში 202 მისამართია, რომელსაც ან გამაგრება ესაჭიროება, ან დემონტაჟი. მათი ნაწილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ჯამში, ასეთ სახლებში 2600-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული მესაკუთრედ.

რაც შეეხება ჩუღურეთსა და იმ ინფორმაციას, რომელიც გამგეობამ მოგვაწოდა, 2014 წლიდან 2021 წელს დაფინანსებული იყო 295 მისამართის კაპიტალური გამაგრება.

ნიკო ფიროსმანის N18. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის თანახმად, წელს  მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლებაში თითქმის 19 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.

სეისმური რისკების შეფასების მოძველებული დოკუმენტი კანონმდებლობაში

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ერვონული ცენტრის ვებგვერდი პირველია, სადაც მოქალაქეები შედიან ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრის შესახებ დეტალების გასაგებად.

ლაშა სუხიშვილი ამ ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსია.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში სუხიშვილი განმარტავს, რომ ბოლო მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრიც თბილისი იყო, 2002 წელს მოხდა, თუმცა, თუ თბილისიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ხდება მისიწძვრა, მათ შორის ჯავახეთში, თბილისშიც ხშირად იგრძნობა მისი ეფექტი.

„ოღონდ აქ არის ერთი საკითხი: ადრე, ათეულობით წლის წინ მიიჩნეოდა, რომ თუ რეგიონში მიწისძვრა არ იყო დაფიქსირებული, იმ რეგიონში სეისმური საფრთხე არ არსებობდა, დღეს ეს მიდგომა შეცვლილია. გამომდინარე იქიდან, რომ თუ ერთი კონკრეტული დასახლებული ადგილი არ ყოფილა მიწიძვრის ეპიცენტრი დიდი ხანი, ეს შეიძლება საფრთხის შემცველიც იყოს, რადგან იგულისხმება, რომ აქ გროვდება ეს ენერგია [დედამიწის ქანებში] და უბრალოდ, ჯერ ვერ გათავისუფლებულა. რაც უფრო გვიან გათავისუფლდება, მით უფრო სავარაუდოა, რომ ძლიერი ეფექტი ჰქონდეს.

იგივე შეიძლება ითქვას თბილისის შემთხვევაში — სეისმოლოგიური თუ სხვა კვლევით, მაგალითად, გეოლოგიური, გეოდეზიური კვლევებით,  ჩვენ ვიცით, რომ თბილისში არის მიწისძვრის პოტენციალი და არცთუ ისე სუსტი მიწისძვრის. თუმცა ეს მიწისძვრა არ ხდება და არც 2002 წელს მომხდარა, რადგან ამ წელს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 4.5 მაგნიტუდა იყო, რაც საშუალოზე სუსტ მიწისძვრად მიიჩნევა. ეს იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ თბილისს აქვს პოტენციალი, უბრალოდ, ეს პოტენციალი ჯერჯერობით ვერ რეალიზდება, რაც თან კარგია და თან ცუდია“, — უთხრა სუხიშვილმა ნეტგაზეთს.

იგი ინტერვიუში მიუთითებს საკანონმდებლო დონეზე არსებულ ხარვეზებსა, ასევე, არსებული სამშენებლო რეგულაციების შესრულების თვალსაზრისით. ერთ-ერთი ასეთი ხარვეზი არის სეისმური საფრთხის რუკები, რომელიც რიგ სამშენებლო რეგულაციებს საფუძვლად უდევს.

ამ რუკის შედგენა 2009 წელს დაიწყო, 2010 წელს კი რუკები „გააქტიურდა“. თუმცა, სუხიშვილის თქმით, უკვე ამ პერიოდისთვის რუკების მონაცემები მოძველებული იყო. დღეს კი მეცნიერებს გაცილებით მეტი მონაცემი და ტექნიკური შესაძლებლობა აქვთ რისკის უკეთ გამოსათვლელად.  არადა, წარმატებული ქვეყნები, როგორც წესი, 5-10 წელიწადში ანახლებენ ამ მონაცემებს — „დღეს ჩვენ გვაქვს სურათი, რომ საქართველოში აშენებული ნაგებობის უმეტესობა გათვლილია და დაპროექტებულია მოძველებული მონაცემებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს“.

„ამიტომ არის ეს განახლებები საჭირო. განვითარებული ქვეყნები სწორედ ამ გზით მიდიან იმიტომ, რომ ისინი მიიჩნევენ, არასაკმარისად მდიდრები არიან იმისთვის, რომ არ შეაფასონ რისკები, მიიღონ ეკონომიკური ზიანი და ადამიანური მსხვერპლი. განუვითარებელი და განვითარებადი ქვეყნები ჩვენნაირად მიდიან ხოლმე, ძალიან ოპტიმისტურად, უსაფუძვლო ოპტიმიზმით უყტურებენ მომავალს“, — ამბობს სუხიშვილი და დასძენს, რომ ეს პრობლემის ნახევარია, რადგან უცნობია, რამდენად სრულდება ეს რეგულაციებიც კი და ვინმე ამოწმებს თუ არა.

ლაშა სუხიშვილი. ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ინტერვიუს ბოლოს სუხიშვილმა გვითხრა, რომ ამჟამად განახლებული რუკების კანონმდებლობაში ასახვის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა დროშია გაწელილი: 

„იმედი გვაქვს, რომ 2023-2024 წლებში განახლებული რუკები რეგულაციებში აისახება.“

მუნიციპალიტეტის გეგმა — რას გულისხმობს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამები

2023 წლის იანვარში საკრებულომ ცვლილებები შეიტანა დადგენილებაში, რომელიც ავარიულ სახლებს არეგულირებს: აქამდე ავარიული სახლების ჩანაცვლება დაიშვებოდა, თუ შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნებოდა V, IV ან III კატეგორიას და მის ჩანაცვლებაზე არსებობდა დაინტერესებული პირების (იქ მცხოვრები მესაკუთრეების) სრული თანხმობა. ცვლილებების მიხედვით კი, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია, ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე განიხილოს დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე.

ამ ცვლილებამ საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის, გავრცელდა ეჭვი, რომ მუნიციპალიტეტს ახლა საშუალება ექნებოდა, მოქალაქის კერძო საკუთრება ხელეყო. ნეტგაზეთთან ინტერვიუში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ამ ვერსიას სრულად გამორიცხავს.

ჩვენ ჟორჟოლიანს ვთხოვეთ, დეტალურად აეხსნა, რას გეგმავს მუნიციპალიტეტი და რა რისკების წინაშე დგება ამ შემთხვევაში ავარიული ბინის მესაკუთრე. ლევან ჟორჟოლიანის თქმით,  ამჟამად ავარიული შენობების ჩანაცვლების თვალსაზრისით ორი მიმართულება არსებობს:

  1. დადგენილება 10-48 – რომელიც ავარიული შენობების უშუალოდ მუნიციპალიტეტის მიერ ჩანაცვლებას გულისხმობს და ამაზე საბიუჯეტო სახსრები იხარჯება;
  2. დადგენილება 14 – 39 – რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ინვესტორმა მოსახლეობასთან შეთანხმებით ჩაანაცვლოს კონკრეტული ავარიული შენობა.

„ინვესტორის შესვლის შემთხვევაში, რასაკვირველია, მუნიციპალიტეტს სჭირდება აბსოლუტური თანხმობა ყველა მესაკუთრისგან. თუმცა, გამონაკლისი წესით, თუ მუნიციპალიტეტი თავად აშენებს ახალ შენობას ავარიულის ნაცვლად, ოღონდ არა იმ ტერიტორიაზე, სადაც ავარიული შენობაა განთავსებული, არამედ, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სხვა ნაკვეთზე, ყველას თანხმობა აუცილებელი არ არის.

თუკი ხდება ავარიული სახლის ჩანაცვლება, ამ დროს პროცესის დაწყებას არ სჭირდება ყველა მესაკუთრის თანხმობა. ეს თავის თავშივე გამორიცხავს ვინმეს საკუთრების უფლების შეზღუდვას, რადგან მუნიციპალიტეტს ისედაც შეუძლია, თავისი მიწის ნაკვეთზე რასაც გადაწყვეტს, ის ააშენოს. უბრალოდ, ამ შემთხვევაში საკრებულომ მისცა მერიას იმის უფლება, რომ პროცესი დაეწყო არა ყველა მესაკუთრის თანხმობით… ხოლო, რასაკვირველია, შემდგომში მათი გადასვლა ახალ კორპუსში, რომელიც ბარდება გარემონტებულ, დასრულებულ მდგომარეობაში, ამას სჭირდება 100%-იანი თანხმობა, ამას უზრუნველყოფს თვითმმართველობის კოდექსი, საკრებულოს დადგენილება და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, საქართველოს კონსტიტუცია“,- ამბობს ლევან ჟორჟოლიანი.

საკრებულოს დეპუტატის თანახმად, უკვე მიმდინარეობს ერთი ასეთი პროექტი და უწყება ელოდება კიდევ რამდენიმეს. თუმცა დასძენს, რომ ყველაზე მეტი შრომა მოსახლეობის ერთმანეთთან შეთანხმებაა.

„თუკი აღმოჩნდება, რომ მუნიციპალიტეტმა რაღაც ააშენა, და მოსახლეობის თუნდაც 1-2- ოჯახს არ უნდა და სხვა მეზობლების მიმართ არ არის სოლიდარული, პროექტი, უბრალოდ, არ გამოვა. მოგეხსენებათ, რომ ბევრი უსახლკარო გვყავს, ბევრს სურვილი აქვს, რომ გადავიდეს და ამ ქონებას სხვა დანიშნულება მიეცემა. ეს არ დაიკარგება“, – დასძენს ის.

„ეს პროცესი იწყება და მთავრდება მოსახლეობის თანხმობით. მუნიციპალიტეტი თავისი ინიციატივით არავისთან მიდის და არ ეუბნება, შენი კორპუსი ავარიულია და მოდი, ჩაგინაცვლებ. პირიქით, მოდის ამხანაგობა, მათი უმრავლესობა და თუკი ჯერჯერობით არ არსებობს 1 ან 2 მოსახლის თანხმობა სხვადასხვა მიზეზის გამო- ზოგი შეიძლება საზღვარგარეთაა, ზოგს უფრო მეტი დარწმუნება სჭირდება და სხვა – პროცესს რომ არ შეექმნას საფრთხე, და დაიწყოს, ამისი უფლება მივეცით მერიას. ამის შემდეგ სამართლებრივად ხდება ასე: ვთქვათ, თქვენ ცხოვრობთ ავარიულ კორპუსში, მერიასთან მოლაპარაკების შემდეგ თქვენ თანახმა ხართ, რომ გადახვიდეთ ახალში, რომელიც სხვა მიწაზე შენდება — თქვენთან თანხმდება ეს ახალი ლოკაცია და ვცდილობთ, რომ ეს ახალი ლოკაცია აუცილებლად იმ უბანში იყოს, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ. ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ ადამიანები უბნებთან დაკავშირებული არიან, იქნება ეს სკოლა, სამსახური თუ სხვა – და ამის შემდეგ პროექტზე ცხადდება ტენდერი და შემდეგ იწყება მშენებლობა.

ამ ნაბიჯების შემდეგ ქალაქმა უნდა გადმოგცეთ ახალი ბინები, ანუ მოხდეს პრივატიზება, თქვენ აბარებთ მუნიციპალიტეტს თქვენს ავარიულ შენობას. ესეც დეტალურადაა მოწესრიგებული საკრებულოს დადგენილებით, თვითმმართველობის კოდექსით, სადაც თანხმობით იწყება და მთავრდება ეს პროცესი. თანხმობის გარეშე, უბრალოდ, არ არსებობს“, — უთხრა ნეტგაზეთს ლევან ჟორჟოლიანმა.

თბილისის მერმა 25 იანვრის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ვერ იმოქმედებს ისტორიულ უბნებში, რადგან აქ სხვა დამცავი კანონმდებლობა მუშაობს. მან დაავალა მერიის სპეციალურ სამსახურებს, რომ ასეთი უბნებისთვის სტრატეგიები შეემუშავებინათ. ეს გეგმა ჯერ არ შემუშავებულა.

უბნების გაჯანსაღება, როგორც ალტერნატიული გამოსავალი — ქალაქმგეგმარებლის მოსაზრება

რა შეიძლება იყოს გამოსავალი? ამ კითხვით ნეტგაზეთმა ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძეს მიმართა.

ის ამბობს, რომ ავარიული სახლების პრობლემა ქალაქში ვერ აღმოიფხვრება ერთი ადმინისტრაციული აქტით, რადგან ქალაქის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა საჭიროება და თავისებურება აქვს. სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებითა და სწორი დაგეგმვით უნდა დაიწყოს ცალკეულ უბნების ან უბანთა ნაწილების გაჯანსაღება, რისი ნაწილიც ავარიულ შენობათა აღდგენა ან მათ ადგილას ახალი მშენებლობა იქნება.

ავარიულ სახლებზე საუბრისას ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ასეთი საცხოვრებელი სახლები დგას მთელს ქალაქში, ძირითადად კი შუა საუკუნეების ქალაქში, მე-19 საუკუნის ქალაქსა და ე.წ. კორპუსების ქალაქში – მასივებში. პირველი ორისთვის სწორი იქნება, თუ ქალაქის მთავრობა შექმნის და განახორციელებს გაჯანსაღების კომპლექსურ პროგრამებს, რომელთა ნაწილი განაშენიანების გეგმებიც იქნება. მესამე შემთხვევაში კი შესაძლოა, ასეთი კომპლექსური პროგრამის გარეშე, მხოლოდ განაშენიანების გეგმით მოხდეს ჩანაცვლება. ორივე შემთხვევაში ამ ღონისძიებათა ინიციატორი და ორგანიზატორი მერია უნდა იყოს.

„ქალაქის მმართველობამ თავისი ინიციატივით და ორგანიზებით უნდა განახორციელოს პროგრამები, რომლებიც გულისხმობენ კონკრეტულ დაგეგმვას. ყველა კონკრეტული უბნის ნაწილს ან უბანს აქვს კონკრეტული გამოწვევები, კონკრეტული მდგომარეობა – იმის მიხედვით, რამდენი შეიძლება დაინგრეს, რამდენი აშენდეს, რამხელა უნდა იყოს ეს ტეტორიები იმისთვის, რომ სიმძლავრეები გადანაწილდეს და ა.შ. ამიტომ ადმინისტრაციული აქტით ამის გაკეთება იქნება არასწორი. დაგეგმვის საფუძველზე უნდა მოხდეს კონკრეტული უბნის გაჯანსაღება.

ამასთანავე, ეს ტერიტორია იმხელა უნდა იყოს, რომ პროგრამის ან ცალკე განაშენიანების გეგმის მიზნებს პასუხობდეს ისე, რომ კერძო ინვესტიციებიც ჩაერთოს საქმეში და ყველაფერი ქალაქის გასაკეთებელი არ იყოს. ამგვარი პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა ავარიული სახლების ჩანაცვლება ისე, რომ მოსახლეობას არ დაეტოვებინა თავისი უბანი, თავისი სამეზობლო. გადამწყვეტია, რომ საბაზრო პროცესმა არ განდევნოს ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან მათ უკვე ჩამოყალიბებული სამეზობლო ურთიერთობები აქვთ – სწორედ ამ პროცესს ჰქვია ჯენტრიფიკაცია, რაც უაღრესად არაჯანსაღი პროცესია“, – ამბობს ის.

ზურაბ ბაქრაძე. ფოტო: პირადი ფეისბუკი

რაც შეეხება ე.წ. კორპუსების ქალაქს, ზურაბ ბაქრაძე განმარტავს, რომ აქ, ასევე დაგეგმვის საფუძველზე, შეიძლება გამოინახოს სარეზერვო ტერიტორიები და ცალკეული შენობები ჩანაცვლდეს – „ოღონდ ეს უნდა მოხდეს, ვიმეორებ, დაგეგმვის საფუძველზე, რათა ზიანი არ მიადგეს უბნის საერთო ქსოვილს“.

ცალკე პრობლემას ქმნის ისიც, რომ ქალაქს არ აქვს საერთო მონაცემთა ბაზა, სადაც თავმოყრილი იქნებოდა შენობების ავარიულობის დონე, მათი მისამართები და მათში მოსახლეთა/ოჯახთა რაოდენობა.

„თუ ამ გზას დაადგებიან, რომელსაც მე ვამბობ, მაგალითად, ქალაქის მმართველობამ გადაწყვიტა ერთ-ერთი უბნის გაჯანსაღება, მაშინ იმ უბანში ეს წარმოუდგენელი ამოცანა აღარაა, მის ტერიტორიაზე დაზიანების მიხედვით დაითვალო ავარიული სახლები და უკვე ამის ფარგლებში დაიწყო გაჯანსაღება“, — ამბობს ბაქრაძე.


ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ რამდენიმე მასალას ჩვენი არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი